ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის წესების შესადგენად პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. საკრებულოს შესაბამისმა კომისიებმა გარემოვაჭრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინეს წესების სამუშაო ვერსია, სადაც ნათქვამია, რომ ვაჭრობა დაშვებული იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რათა ხელი არ შეეშალოს არც ქვეითისა და არც ტრანსპორტის გადაადგილებას. ამასთან, წესების მიღების შემდეგ სავალდებულო გახდება საკვები პროდუქტებით ვაჭრობისას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
გარევაჭრობის წესების სამუშაო ვერსიის გასაცნობად საკრებულოში შეკრებილებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი განიხილა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არ დამახინჯდეს ქალაქის იერსახე არასწორად განთავსებული ჯიხურებითა და სავაჭრო პროდუქტებით; ამასთანავე, ყველა გარემოვაჭრის ინტერესები უნდა იყოს დაცული.
„არის მცდელობები, რომ მოქალაქეებმა გარევაჭრობისთვის უკანონოდ დაიკავონ გარკვეული ტერიტორიები. ჩვენ სამართლებრივად, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ, ასევე, წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ ამ ყველაფრის აღკვეთა მოხდეს რაღაც ძალადობრივი მეთოდით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოხერხდეს გარევაჭრობის რეგულაცია, რომ ეს ოფიციალურად იყოს ნებადართული და რომ ამისთვის ჩვენ, თვითმმართველობამ, გავცეთ ნებართვები“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, ასევე, რომ წესის მიღების შემდეგ პროცესი გაკონტროლდება კანონის ფარგლებში. მათივე თქმით, იმისთვის, რომ მოვაჭრეებმა უარი არ თქვან შეთავაზებულ ადგილებზე, საჭიროა კომფორტული გარემო შეიქმნას.
„მხოლოდ აღმასრულებელი ორგანო, ანუ მერია, არ შეიძლება იღებდეს გადაწყვეტილებას და იძლეოდეს გარევაჭრობის ნებართვას. მნიშვნელოვანია ეს ხდებოდეს საკრებულოსთან შეთანხმებით. ჩვენი შენიშვნა ეხება ასევე იმას, რომ ბაზრის გვერდით არის ყველაზე მეტი მოვაჭრე და ვთვლიდით, რომ მათი, ასე ვთქვათ, აყრა იყო გამორიცხული და საჭირო იყო მსუბუქი კონსტრუქცია, როგორც არის ეს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რომ ამ ადამიანებმა უკვე ლეგალურად იმუშაონ, გადაიხადონ გადასახადები“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.
თავის მხრივ, გარემოვაჭრეებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ განხილული წესების ყველა ვერსია მათთვის მისაღებია და საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
„რაც გულში მქონდა და რაც მაწუხებდა, იმაზე ისაუბრეს მერიიდან და საკრებულოდან მოსულებმა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ვნახავთ, როგორი იქნება მათი თანამშრომლობა ჩვენთან. ვნახოთ“, - ამბობს გარემოვაჭრე ნანი მახარაძე.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვები წესების საბოლოო ჩამოყალიბებამდე გაგრძელდება.
გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ არაერთხელ სცადა - მათ შორის, გასულ წელსაც, მაგრამ ყველა ამ ცდას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება პერიოდულად მათ ბაზრის გარეთა პერიმეტრზე მუშაობას უკრძალავდა, თუმცა აქციების შემდეგ ისინი იქვე აგრძელებდნენ ვაჭრობას.