მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, 1 ივნისიდან შეეწყვიტათ გარევაჭრობა, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეები მუშაობას აგრძელებენ. მოვაჭრეებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან მათთვის შეთავაზებული ალტერნატიული სავაჭრო ფართი, კომფორტის მიუხედავად, მიუღებელია, ვინაიდან ყოველთვიურად მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, ისინი ვერ აკონკრეტებენ. მოვაჭრეები ორი ღამეა, საკუთარი დახლების დაცვის მიზნით, მორიგეობას აწესებენ. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ მერია შეასრულებდა მიღებულ გადაწყვეტილებას და 1 ივნისიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართმევდა სამუშაო ინვენტარს.
მოვაჭრეებისთვის გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა მერიამ და საკრებულომ ადრე შეთავაზებული წინადადება ამჟამინდელ სამუშაო ფართზე რკინის კონსტრუქციების განთავსების შესახებ. ისინი სწორედ ამ შეთავაზებას ემხრობიან. ამასთან, ბაზრის გარე პერიმეტრზე დასაქმებულები უარყოფენ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათი ნაწილი დაემორჩილა გაფრთხილებას და ტერიტორია დატოვა:
„რა დათანხმება, საიდან მოიტანეს ეს! ჩვენ მთელი ღამე აქ ვიყავით. ახლა იერსახე უჭირს ხელისუფლებას?! შიმშილით უკვდება ხალხი, თავიანთი მოქალაქეები. რა გაუკეთეს? - არაფერი ამათ არ გაუკეთებიათ. ბოლომდე ვიბრძოლებთ. გავაგრძელებთ აქციებს. სანამ ცოცხლები ვართ, აქ ვიქნებით“;
„საკრებულოს წევრებთან როცა იყო შეხვედრა, ჩვენ იქ კონსტრუქციები გვანახეს, სადაც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. ეს კონსტრუქციები აქ უნდა ყოფილიყო, ამ ტერიტორიაზე. გუშინ ეს ყველაფერი უარყვეს“;
„კი გაგვაფრთხილეს, მაგრამ რა ვქნათ? იძულებული ვართ, კაპიკს ვერ ვაკეთებთ სხვაგან, ვერსად ვერ ვმუშაობთ, აქედან მიგვქვს ფული და რა ვქნათ?“ - აცხადებენ მოვაჭრეები.
ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ მოვაჭრეთა ნაწილი პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ გაფრთხილებას გარევაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და დახლებისგან, სავაჭრო პროდუქციისგან გაათავისუფლა ტროტუარები, ქვეითთა სავალი ნაწილები, რისთვისაც მათ დიდ მადლობას უხდის. მერიაში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეებს შესაბამისმა სამსახურმა ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებული გარევაჭრობის რეგულირებისა და ადგილების განსაზღვრის წესები გააცნო და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისკენ მოუწოდა. განცხადებაში წერია, რომ კანონი ყველასათვის ერთია და კანონის წინაშე ყველას შესაბამისი პასუხისმგებლობა აკისრია.
მიუხედავად მოწოდებისა, მოვაჭრეები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. დახლების დაცვის მიზნით ისინი ღამე მორიგეობის გაგრძელებას ფიქრობენ. მანამდე მათ დახმარებისთვის ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართეს. ისინი მერაბ ქვარაიას ტელეფონით ესაუბრნენ და უთხრეს, რომ შეიმუშაონ ახალი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება მათთვის.
თავის მხრივ, განცხადება გააკეთა ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა. მერაბ ქვარაიას სიტყვებით, საკმაოდ მძიმე ამოცანა დგას ახლა თვითმმართველობის წინაშე, მაგრამ იმედი აქვს გადაწყვეტილების მიღება მოხერხდება შეთანხმებულად, საერთო კონსენსუსის გზით.
„თუ საჭირო იქნება, ჩემი წარომომადგენელიც შეხვდება და მეც ჩავერთვები ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ მოხერხდება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც მიიღებს თვითმმართველობა, იქნება მაქსიმალურად მისაღები ყველასთვის“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმაგარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი წერილები რამდენჯერმე დაურიგეს. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესი მარტის თვეში დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, აკრძალვა ქალაქის 15 ქუჩას შეეხება.