ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ დასაქმებული გარემოვაჭრეები დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი უკმაყოფილება გამოიწვია მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წუხელ მოვაჭრეთა დახლების აღებამ და მათთვის გარევაჭრობის აკრძალვამ. აქციის მონაწილეებმა დღის განმავლობაში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთზე სცადეს გზის გადაკეტვა გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით; შეეცადნენ, ასევე, ჯერ მერიაში, შემდეგ კი გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეჭრილიყვნენ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვერ დაეთანხმებიან მერიის მოთხოვნას ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად დაცალონ ტერიტორია, მაშინ როცა გარევაჭრობა მათთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი წყაროა. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერი ლაშა გოგია რამდენჯერმე დაჰპირდა, მათთვის ალტერნატიული ფართი არ გადაუცია.
„არ დავიშლებით მანამ, სანამ არ იქნება ჩვენი მოთხოვნები შესრულებული და სანამ არ მოგვცემენ აქ დგომის უფლებას“;
„ჩვენ გვაქვს ვალები, სესხები. ჩვენ გვაქვს პრობლემები. რა შემოსავალიც იყო, ეს ყველაფერი ფაროსანამ გაანადგურა. ჩვენით ვცდილობთ ლუკმაპური რომ ვიშოვოთ და მოგვცენ ამის უფლება“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დღეს გარემოვაჭრეები მუნიციპალიტეტის მერს, ლაშა გოგიას, შეხვდნენ, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართები მათთვის მიუღებელია, რადგან მიზერული თანხით და მცირე რაოდენობის საქონლით ვაჭრობენ და შეთავაზებულ სავაჭრო ცენტრში მაღალ გადასახადებს ვერ გადაიხდიან.
„თურმე ალტერნატივას მოძებნის, თურმე სავაჭრო ცენტრ „ალიანსში“ გადაგვიყვანს, სადაც ისეთი მოვაჭრეები არიან, რომ ყველაზე ნაკლები 50 ათასი ლარის ღირებულების საქონელი აქვთ მოვაჭრეებს“, - განაცხადა აქციის მონაწილე მარინა ფარულავამ.
ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ ადამიანების დაკმაყოფილებაზე, პარალელურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს გარევაჭრობის მოწესრიგება არა ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად, სადაც ამის პრობლემა დგას...
თავდაპირველად გარემოვაჭრეებს მუნიციპალიტეტის მერთან ოპოზიციისა და მედიის თანდასწრებით სურდათ შეხვედრა, რაზეც უარი განუცხადეს. რამდენჯერმე მიმართვის შემდეგ ლაშა გოგიას შეხვედრა მოვაჭრეებსა და ოპოზიციასთან ერთობლივად არა, მაგრამ ინდივიდუალურად მოხერხდა. პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძის თქმით, მათ მერს მოუწოდეს სხვა ფორმით მოაგვარონ პრობლემა.
„ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ ადამიანების დაკმაყოფილებაზე, პარალელურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს გარევაჭრობის მოწესრიგება არა ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად, სადაც ამის პრობლემა დგას“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია, რომელიც მოვაჭრეებს გასულ კვირასაც შეხვდა, ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა გაგრძელდება და გარევაჭრობა, პროტესტის მიუხედავად, არ იქნება დაშვებული.
„ჯერჯერობით არ არიან თანახმა. ჩვენ მათ შევთავაზეთ, ამ ქალბატონებს, ადგილები სხვა ობიექტებზე. ჯერჯერობით უარზე არიან. ჩვენ მათ მივეცით პირობა, რომ შევხვდებით სათითაოდ ყველა გარემოვაჭრეს და დაველაპარაკებით. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.
მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე დღეს 80 მოვაჭრიდან მხოლოდ ერთი დათანხმდა.
გარევაჭრობის აკრძალვას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ყოველი პროტესტის შემდეგ მოვაჭრეებს ისევ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელების უფლებას. უკანასკნელად აგვისტოს თვეში გამართულ აქციაზე,გუბერნატორსა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დართეს მათ ნება გარევაჭრობა დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ.