Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის წესი დაპირისპირების ფონზე მიიღეს


მართალია, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, მაგრამ ქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მაინც მიიღო ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი. საკითხზე კონსენსუსს დეპუტატებმა ორი სხდომის შემდეგ მიაღწიეს. შედეგად, რეკლამის განთავსების ვადა, 20 წლის ნაცვლად, 1-დან მაქსიმუმ 5 წლით განისაზღვრა. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა. ის დარწმუნებულია, რომ ასეთი ვადების გამო, აუქციონში არც ერთი კომპანია არ მიიღებს მონაწილეობას - მით უფრო, როცა საუბარია ხარისხიანი და ძვირად ღირებული კონსტრუქციების დადგმაზე:

„ბიზნესმენების პოზიციიდანაც უნდა შევხედოთ სიტუაციას. ბიზნესმენი ითვლის თავის მოგებას ნებართვის გაცემიდან იმ ვადამდე, სადამდეც ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას იმუშაოს ამ ზონაში. შესაბამისად, დღეს მათი ინვესტიციაც მცირდება“.

მერიის თანამშრომლის საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ამ მიზეზით რომელიმე კომპანია უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, შესაძლოა გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გადახედონ:

„ბუნებრივია, ყველა გადაწყვეტილება გადახედვას ექვემდებარება და ჩვენც დავუბრუნდებით ამ საკითხს, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება. ამიტომაც მგონია, რომ ამ ეტაპზე ჯობია სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე შევთანხმდეთ“.

საკითხის განხილვისას დავის მიზეზი კიდევ ერთი გარემოება გახდა. საკრებულოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძის თქმით, მისთვის მიუღებელია ქალაქის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე სარეკლამო კონსტრუქციების დადგმა, რადგან ეს მონაკვეთი ზუგდიდის ღირსშესანიშნაობის ნაწილია:

„ჩვენ ვთვლით, რომ ბულვარის ტერიტორია ეს არის ზუგდიდის ცენტრალური ზონა, რომელიც არ შეიძლება შეეწიროს ვიღაცის ბიზნესინტერესებს. შესაძლებელია მის ნაცვლად ნებისმიერ სხვა ადგილზე იყოს ფართი გამოყოფილი“.

ანა წითლიძის პოზიცია გაიზიარა საკრებულოს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა თენგიზ ხარჩილავამ. დეპუტატი, რომელიც საკრებულოში „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ კვოტით არის გასული, აცხადებს:

„ზუგდიდის ბულვარი არის გაკეთებული მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე. ეს რაღაც ნაწილია და მიბმულია მუზეუმთან. ახლა ამის აჭრელება რაღაც რეკლამით...“

დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ შეახსენა, რომ ამ ეტაპზე არ მსჯელობენ გარე რეკლამის განსათავსებლად ადგილების გამოყოფაზე და რომ ამას სხვა სხდომა დაეთმობა. ამიტომ მან ამ თემაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საკრებულოს წევრებს მომდევნო შეხვედრაზე სთხოვა. საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიას განცხადებით კი, კანონით განსაზღვრულია, სად არ შეიძლება განთავსდეს გარე რეკლამა და, შესაბამისად, მისი მტკიცებით, კანონდარღვევას ადგილი არ ექნება ზუგდიდში. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით წესი იმ სახით დაამტკიცეს, რა სახითაც სხდომაზე იყო წარმოდგენილი.

XS
SM
MD
LG