Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გამწვანების ფონდი - ეკოლოგიის გადასარჩენად


ამ კვირაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი, და განაცხადა, რომ პირველ შესაწირს, 50 000 დოლარს, ამ ფონდს საპატრიარქო შესწირავს. ქვეყნის ეკოლოგიური კატასტროფისგან ხსნის გზად მას სწორედ ასეთი ფონდის დაარსება მიაჩნია. ვინ უხელძღვანელებს ამ ფონდს და ვინ იქნება პასუხისმგებელი გამწვანების პოლიტიკის წარმართვაზე? სად გაშენდება ახალი ტყე-პარკები, რა დოზით იქნება ჩართული ამ პროცესში სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორი? - ამ კითხვებზე ჯერჯერობით კონკრეტული პასუხები არ არსებობს. საპატრიარქოში გამართული შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს გამწვანების სტრატეგია ახლა ყალიბდება.
ნოემბრის დასაწყისში წინანდალში მიმდინარე კვირაში პატრიარქთან შეკრებილი საზოგადოება კიდევ ერთხელ შეხვდება ერთმანეთს და საქართველოს გამწვანების ფონდის სამომავლო გეგმებს დასახავს. 1-2 ნოემბერს წინანდალში დაგეგმილი ღონისძიებაც გამწვანების საკითხების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. გამწვანების ფონდის შექმნის იდეაზე, როგორც რთული ეკოლოგიური ვითარებიდან გამოსავალზე, კათალიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ 20 ოქტომბრის შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება:

„ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება კატასტროფა მოხდეს, იმდენად დაბინძურებულია ჰაერი და წყალი. უნდა შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი“.

შეხვედრას, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გაჩნდა პროცესში სასწავლო დაწესებულებების, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩართვის იდეაც. ნაწილობრივ დაიგეგმა, თუ რომელმა უწყებამ რა როლი უნდა ითამაშოს საქართველოს გამწვანების პროცესში. მაგალითად, შეხვედრიდან გამოსული ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საკუთარი უწყებების როლს ამ პროცესში ასე ხედავენ:

„ჯანდაცვის სამინისტროს, ალბათ, უფრო მაკოორდინირებელი როლი ექნება, რადგან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან“.
„ჩვენ, განათლების სისტემის დაწესებულებებს გავააქტიურებთ, სკოლებს, პროფსასწავლებლებს თუ უმაღლესებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთონ“.

გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, მაგალითად, პირდაპირ განაცხადა, რომ ფინეთის პროექტი, რომელიც 2012 წელს გაჩერებული იყო, აღდგა და ბორჯომის ტყეში 15 ჰექტარი ტყე გაშენდება...
ნინო ჩხობაძე
ჯერჯერობით ცნობილია, რომ ფონდს თავად ილია მეორე უხელმძღვანელებს, თუმცა მას ეყოლება თავმჯდომარე და მდივანი, რომელთა ვინაობაც ამ დროისათვის არ დასახელებულა. ჯერ ბოლომდე განსაზღვრული არ არის, ვინ იქნება ფონდის ძირითადი დამფინანსებელი. როგორც შეხვედრის მონაწილე, „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვეუბნება, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი კერძო სექტორიდან და დონორი ორგანიზაციებიდან უნდა წამოვიდეს, საერთაშორისო ფონდებთან აქტიური მუშაობა კი სახელმწიფოს მოუწევს, რისი ნიშნებიც, ჩხობაძის თქმით, უკვე არსებობს:

„გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, მაგალითად, პირდაპირ განაცხადა, რომ ფინეთის პროექტი, რომელიც 2012 წელს გაჩერებული იყო, აღდგა და ბორჯომის ტყეში 15 ჰექტარი ტყე გაშენდება“.

თავად მწვანეთა მოძრაობის იდეა იყო ამ პროცესში საქართველოში არსებული სკოლების ჩართვა, კონკრეტულად კი სკოლების კუთვნილი ტერიტორიების გამწვანება. ჩხობაძეს იმედი აქვს, რომ ეს ფონდი გამწვანების მხრივ საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებას დაიწყებს. პრობლემები კი, მისი თქმით, ცოტა არ არის:

„ყველა ქალაქს საქართველოში აკლია გამწვანების ზონები, არ არსებობს ბუფერული სისტემები, პარკებისა და სკვერების ტრადიცია. გენგეგმებში ეს საერთოდ არ არის ასახული, ან თუ არის, პერმანენტულად კონკრეტულ ადგილებს ეკარგება რეკრეაციული ზონის სტატუსი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტყეების დიდი მასივები რეალურად დეგრადირებულია და არც კი ვიცით რეალურად რამდენია ტყის ფონდი საქართველოში“.

ქალაქ თბილისში მწვანე საფარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. აქა-იქ სანაპიროზე გაყოლებული ჭადრის ხეები ამ საქმეს ვერ უშველის, რადგან ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც თბილისია, უნდა არსებობდეს სარეკრეაციო ზონები დიდ დასახლებებს შორის მაინც...
ბიძინა გიორგობიანი
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში განაშენიანების პროცესი ბოლო 25 წელია შეწყვეტილია. დღეს, მისი აზრით, ძალიან გააზრებული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ გამწვანების პროცესმა არ მიიღოს სპონტანური და პროპაგანდისტული ხასიათი, არამედ მართლაც იქცეს დიდი საქმის დასაწყისად:

„ჯერ უნდა კარგად განვსაზღვროთ რა დანიშნულების პარკებს და ტყეებს ვაკეთებთ, უნდა დავითვალოთ, თუ რამდენ ჰექტარზე გვინდა ამის გაკეთება, პირველად სად შეგვიძლია და სად იქნება ეფექტური დავრგოთ ნერგი, მოვრწყათ, მოვუაროთ და მასში ჩადებული ფული არ აღმოჩნდეს წყალში გადაყრილი. განაშენიანების დროს ჩვენ ერთ ჰექტარზე დაახლოებით სამი ათას ნერგს ვანგარიშობთ. რაც შეეხება ნერგების ფასს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხნოვანებისაა და რა ჯიშის ესა თუ ის ნერგი. ამ ყველაფერს წლები სჭირდება. ორი წლის მუხის ნერგი რომ დარგო, ის დაახლოებით 30 სმ სიმაღლის იქნება, მეტის არა. სრულყოფილ ხედ რომ იქცეს, ამისათვის მას 80 წელი სჭირდება. დღეს რომ კარგად გაზრდილი ხეები დავრგოთ, ეს წარმოუდგენელი რამეა“.

გიორგობიანის თქმით, ტყის აღდგენის დეპარტამენტი მზადაა იმუშაოს ტყის აღდგენის, განაშენიანების გეგმაზე, თუ სად რა ჯიშები უნდა დაირგოს და ა.შ. მისი აზრით, გამწვანების ადგილები, სარეკრეაციო ზონები უნდა შეირჩეს განსაკუთრებით დიდი დასახლებების გარშემო, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ნაკლებია მწვანე საფარი. მაგალითად, როგორც ეს არის თბილისის შემთხვევაში:

„ქალაქ თბილისში მწვანე საფარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. აქა-იქ სანაპიროზე გაყოლებული ჭადრის ხეები ამ საქმეს ვერ უშველის, რადგან ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც თბილისია, უნდა არსებობდეს სარეკრეაციო ზონები დიდ დასახლებებს შორის მაინც. ასევე, ჩემი ინიციატივა იყო ქარსაცავი ზოლების, როგორც გამწვანების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტის, წინ წამოწევა, რადგან ასეთი ქარსაცავი ზოლები საქართველოში თითქმის აღარ არსებობს, რაც ეროზიის ხელშემწყობი პირობაა და ძალიან ცუდად მოქმედებს როგორც ნიადაგის სტრუქტურაზე, ისე ყოველწლიურ მოსავალზე“.

„პარტიზანული მებაღეობა“ ის მოძრაობაა, რომელიც საკუთარი სურვილით, ენთუზიაზმით რგავს და უვლის ხეებს და ამ მოძრაობას ყოველდღე უერთდებიან მოხალისეები. რადიო თავისუფლებამ მოძრაობის წარმომადგენელს, ნატა ფერაძესაც ჰკითხა აზრი გამწვანების ფონდის შესახებ. ნატა ფერაძე ამბობს, რომ რაც მეტი ხე დაირგვება ქვეყანაში, უკეთესია, მით უმეტეს, თუ ამ საქმეს ბიუჯეტიდან საპატრიარქოში წასული ფინანსური სახსრებიც მოხმარდება:

„სახელმწიფო საპატრირქოს ჩვენი შემოსავლებიდან საკმაოდ დიდ თანხას ურიცხავს, იმისდა მიუხედავად, ჩვენ ვართ თუ არა ორთოდოქსი მართლმადიდებლები ან, საერთოდ, მორწმუნეები, და ეს თანხა მიდის საპატრიარქოს ანგარიშზე და თუკი ჩემი გადასახადებიდან გარკვეული ნაწილი მაინც უნდა წავიდეს ამ მიმართულებით, მაშინ ჩემთვის უფრო მისაღები იქნება, თუ ახალი ეკლესიების მშენებლობის ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება“.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG