თითქმის ექვს საათს გასტანა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ. გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.
შეხვედრის დეტალები ენგურის ხიდთან მომლოდინე ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გააცნო. კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზეც პრინციპულად აქტიურად დააყენეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯიოღლის გადმოცემის საკითხი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
„დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქმის ძიებას განაგრძობს დე ფაქტო სამხედრო პროკურატურა. ისინი დაგვპირდნენ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მოყვანილი იქნება დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწოდებს ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია არის ძალიან პრინციპული, ძალიან მკაცრი“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
ისინი დაგვპირდნენ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მოყვანილი იქნება დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენელი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწოდებს ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს. ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია არის ძალიან პრინციპული, ძალიან მკაცრი...კახაბერ ქემოკლიძე
ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან ერთად თბილისის დელეგაციას ელოდებოდა დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის, გიორგი ლუკავას მეუღლე, ლალი ბასარია. ის მოითხოვს მისი ქმრის გათავისუფლების საკითხის უფრო აქტიურად დაყენებას. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის პარალელურად ადრეც და ამჯერადაც განხილვის მთავარი თემა იყო დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გადმოცემის საკითხი:
„ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით და ჩვენ ვისაუბრეთ ყველა ამ მიმართულებით. ჩვენ ვთხოვეთ, რომ აუცილებელია წითელი ჯვრის ჩართულობა, უშუალოდ მისი მონახულება დრანდის ე.წ. ციხეში. მივიღეთ იმის წინაპირობა, რომ ეს მექანიზმი ყოველგვარი პრობლემისა და შეფერხების გარეშე იქნება ფუნქციონირებადი მომავალში“.
აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და ადამიანის მკვლელობის გამო. ამ ბრალდებას არ ეთანხმება მისი მეუღლე და საქართველოს დელეგაციისგან უფრო აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
„მას „ტყის ძმებში“ ერთი დღე არ მიუღია მონაწილეობა. ის ირიცხებოდა გარნიზონის სამხედრო კომენდატურაში და იყო სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი. აწარმოებდა პარტიზანულ მოძრაობას. ნათელია, რომ დღეს პირველად დაისვა გიორგი ლუკავას საკითხი“, - განაცხადა ლალი ბასარიამ.
„მას „ტყის ძმებში“ ერთი დღე არ მიუღია მონაწილეობა. ის ირიცხებოდა გარნიზონის სამხედრო კომენდატურაში და იყო სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი. აწარმოებდა პარტიზანულ მოძრაობას. ნათელია, რომ დღეს პირველად დაისვა გიორგი ლუკავას საკითხი...ლალი ბასარია
მისი ინფორმაციით, გიორგი ლუკავა მიმდინარე წლის 10 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ პატიმართან ერთად უნდა ყოფილიყო და ეს საკითხიც უნდა დაისვას მკაცრად. თავის მხრივ, სუს-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარტის თვეში არ იყო მოლოდინი იმისა, რომ ლუკავა გადმოეცემოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება მას მძიმე ბრალდებებს უყენებს.
კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, გალის შერეულ შეხვედრაზე დღეს ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ზაზა წულუკიას შესახებ. ის აფხაზეთის ტერიტორიაზე 2012 წელს გაუჩინარდა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლობას გადაეცა მათ ხელთ არსებული მონაცემები გაუჩინარებული მოქალაქის შესახებ.
ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ დღეს მეოთხედ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფები. საუბრის მთავარი თემა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო. სწორედ ეს გახდა შეწყვეტილი დიალოგის დაჩქარების მიზეზი.
მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 19 ოქტომბერს ჩაინიშნა.