Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახშირებული დაკავებები საოკუპაციო ხაზთან


საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები გახშირდა. ბოლო შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მეჯვრისხევის მცხოვრები ზურაბ ბიბილაშვილი მამასთან ერთად სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა. ერთ-ერთი ძროხის გამოსადევნად ტყეში შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. რუსეთის მესაზღვრეებმა იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულის დედა, მზია ბიბილაშვილი, ამბობს, რომ შვილის დაკავების შესახებ ქართველმა სამართალდამცავებმა უკვე შეატყობინეს. მისი თქმით, შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დახმარებას ითხოვს.

დაკავებული უკვე გადაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდაც მოითხოვეს. დაკავებულის მამა, რობიზონ ბიბილაშვილი, ამბობს, რომ სოფელთან ახლოს ტყის მასივში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ჩასაფრებულები არიან და ყოველთვის ელოდებიან შემთხვევას, რომ ვინმე დააკავონ.

თანასოფლელების გათავისუფლებას ელოდებიან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისშიც. სამი დღის წინ ამ სოფლის მცხოვრებლები მამუკა კოპაძე და გიორგი ხარაზიშვილი დააკავეს. ისინიც სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდნენ. ხარაზიშვილი 65 წლისაა. ჭვრინისელების განცხადებით, ადრე მსგავსი შემთხვევები არ ხდებოდა, მაგრამ ბოლო დროს რუსეთის მესაზღვრეები გააქტიურდნენ. ისინი სოფელთან ახლოს ძაღლებით პატრულირებენ.

წინა წლების გამოცდილებით ვიცით, რომ მაისში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ხშირდება. ეს განსაკუთრებით ჯონჯოლის კრეფის სეზონს ეხება. მაისის ბოლოდან საჩხერისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ტყეების განაპირას, ჯონჯოლის საკრეფად გადიან და მათ სწორედ ამ დროს აკავებენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG