Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარეიშვილი პარლამენტში: აღიარების უკან წაღების პოლიტიკა - არაღიარების პოლიტიკის პარალელურად


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი
20 მარტს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმცირესობისა და მიწვეული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობდა. არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შესაძლო შეცვლა, ოკუპაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები - ამ და სხვა საკითხებზე მინისტრს პარლამენტში ორი საათის განმავლობაში უსმენდნენ.

პაატა ზაქარეიშვილმა 20 მარტს განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მთავარ წითელ ხაზად საქართველოსა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარეების, ურთიერთობა რჩება, თუმცა მოლაპარაკებების მონაწილე აფხაზებისა და ოსებისგან სულ უფრო ხშირად გაისმის ფორმატის შეცვლის თაობაზე განცხადებები, რაც მათთვის მოლაპარაკებების პროცესში სტატუსის მინიჭებას და, ამგვარად, რუსეთის როლის დაკნინებას გულისხმობს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ასეთია, ამბობს პაატა ზაქარეიშვილი: ლაპარაკი ფორმატის შეცვლაზე შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ფორმატის შეცვლის მიზეზი - რატომ არის ეს საჭირო:

”ფორმატი თუ შეიცვალა, რა შედეგს მივიღებთ? და თუ აღმოჩნდება, რომ ეს ფორმატის შეცვლა ქართული მხარისათვის მისაღებია, რა პრობლემაა? მაგრამ ვიდრე ჩვენ ვერ ვხედავთ ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის აფხაზი და ოსი მონაწილეების მხრიდან გამოთქმული სურვილი თავისი სტატუსის ამაღლებისა, რითაც, სხვათა შორის, ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ჩვენ არ ვამბობთ კატეგორიულ ”არას”, ჩვენ არ ვეძებთ მიზეზებს ამ ”არას” სათქმელად, მაგრამ ვეძებთ გამოსავალს, რატომ არ შეიძლება ვთქვათ ”დიახ”. ოღონდ ეს თანხმობა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ითქვას”.

საქართველოს ხელისუფლებამ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, უკვე დაიწყო პროცესი, რომლის მთავარი მიზანიც ზოგიერთი აღიარების უკან წაღება, უარყოფა უნდა გახდეს. სიტყვის უკან პირველი წამღები, როგორც პაატა ზაქარეიშვილი შენიშნავს, შესაძლოა, ვანუატუ გახდეს:

”მაგრამ ეს პროცესია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ღია სხდომაზე ამაზე მეტს ვერ ვისაუბრებ, სანამ შედეგს არ ვნახავთ”.

შეიცვალა თუ არა რამე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების თვალსაზრისით? რეინტეგრაციის მინისტრი ამბობს, რომ შინაარსი ამ დოკუმენტისა, რომელიც მისი წინამორბედის, თემურ იაკობაშვილის მინისტრობის დროს შეიქმნა, ახალი მთავრობისთვის მისაღებია და კურსი არ შეიცვლება, სანამ არ ამოიწურება ამ სტრატეგიის რესურსი. შემდეგ კი მას შესაძლოა ახალი დოკუმენტი ჩაენაცვლოს, რომლის მონახაზები უკვე არსებობს. დღეს სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ის არის, რომ აფხაზურ და ოსურ მხარეებს აღარ ჰქონდეთ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და ეს ეტაპი, მინისტრის თქმით, გარკვეულწილად გავლილია:
პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

”ბოლო დროს მათი მხრიდან არ ისმის განცხადებები ხელისუფლების მისამართით. ისინი ამბობენ, შეხედეთ, რა იწერება პრესაში, და უკმაყოფილო არიან პრესით, რომელსაც, ცხადია, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ლაპარაკს. ჩვენ წინააღმდეგ არგუმენტებმა იკლო. ეს ხდება იმის პარალელურად, რომ ჩვენც ვაჩერებთ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მკაფიოდ იყო გამოკვეთილი. ახლა პაუზაა, აგრესიული პოლიტიკა სამშვიდობო პოლიტიკით იცვლება და ეს აშკარად ჩანს. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ამას რომ ვერ ხედავდეს”.

ზაქარეიშვილის მთავარი ოპონენტი 20 მარტის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელი წინა პარლამენტში შოთა მალაშხია იყო. ყველაზე მეტი კითხვაც მინისტრს სწორედ მან დაუსვა. პირველი, რაც მალაშხიას აინტერესებდა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შეარბილოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელშიც საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაზეა საუბარი და მოხდეს დეკრიმინალიზაცია:

”იქ, სადაც ვლაპარაკობთ, რომ მოხდა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ამბობთ, რომ უნდა შემსუბუქდეს კანონის დარღვევა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საზღვარს გადმოკვეთენ და სხვა შემთხვევაში, სხვა საზღვარზე, ეს მაინც არის კანონის დარღვევა, - რატომ?”

ზაქარეიშვილის პასუხია, რომ ამ კანონმა არ უნდა დააზარალოს ჰუმანური საკითხები და ოკუპაციას არ დაუმორჩილოს. კანონის ეს ცვლილება კი არ ეხება ოკუპანტებს:

”ჯერ ერთი, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ვახდენთ. კანონში ვტოვებთ საზღვრის დარღვევას როგორც დანაშაულს, მაგრამ პირველ ეტაპზე შემოგვაქვს სამოქალაქო სასჯელი, რომლის ფარგლებშიც ჯარიმა 400 ლარამდე განისაზღვრა. ეს ცვლილება გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც არც კი იცის ქართულ-რუსული ჩახლართული ურთიერთობების დეტალები, მოდის საზღვართან თავისი პასპორტით, გადმოდის საქართველოს ტერიტორიაზე, რაღაც გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მას ხვდება სხვა ფორმიანი, რომელსაც ასევე წარუდგენს თავის დოკუმენტს და ამ დროს აღმოჩნდება, რომ ის არის კანონის დამრღვევი და მან საკმაოდ მაღალი ჯარიმა უნდა გადაიხადოს ან წავიდეს ციხეში“.
ბაქოში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სერიოზულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში, ამას მოჰყვება ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში. ლაპარაკია ზამთარში გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდებაზე და, ზოგადად, ურთიერთობების გაფუჭებაზე...
შოთა მალაშხია


მალაშხიას არც რკინიგზის შესაძლო გახსნის გახმაურებული საკითხი დავიწყებია. მისი თქმით, ექსპერტთა უმრავლესობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლებას არ გამორიცხავს. ამ ფონზე, საქართველო შესაძლოა გახდეს სამხედრო პლაცდარმი. მაშ, რა იყო რკინიგზის გახსნის შესახებ განცხადებების საფუძველი და რატომ შეცვალა ახალმა ხელისუფლებამ რიტორიკა მალევე? - იკითხა მალაშხიამ:

”ბაქოში ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სერიოზულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ, რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში, ამას მოჰყვება ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში. ლაპარაკია ზამთარში გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდებაზე და, ზოგადად, ურთიერთობების გაფუჭებაზე. უფრო მეტიც, არსებობს თურქი ექსპერტების მოსაზრებაც, რომ თურქეთი ჩაერევა ამ საომარ მოქმედებებში აზერბაიჯანის მხარეზე. ამასვე ამბობენ რუსი ექსპერტებიც. ამდაგვარი რამ კი 1918-1921 წლებში, ზუსტად ასეთი ძალთა გადანაწილებით, ერთხელ უკვე იყო”.

მინისტრმა გაიმეორა ადრე ნათქვამი, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, რომლის განხორციელება საქართველოსა და რუსეთის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

მალაშხიამ ზაქარეიშვილს აფხაზებისა და ოსების მხარეებად, მათი ხელისუფლებების დე ფაქტო ხელისუფლებებად და არა მარიონეტულ რეჟიმად მოხსენიების ფორმაც დაუწუნა. ამ საკითხს კრიტიკით გამოეხმაურა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი, რომლის აზრითაც, აფხაზებისა თუ ოსებისათვის ”მარიონეტების” დარქმევა მათ კიდევ უფრო გაუცხოებას გამოიწვევს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG