Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიცხოვროთ შიზოფრენიასთან ერთად“


10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. “ვიცხოვროთ შიზოფრენიასთან ერთად” - ეს არის წლევანდელი 10 ოქტომბრის სლოგანი. ამ რთული, მაგრამ, ამასთანავე, მართვადი ფსიქიკური აშლილობით საქართველოში მოსახლეობის 0,1% ცხოვრობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისაგან განსაკუთრებულ სტიგმატიზაციას განიცდიან. ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე საქართველოში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანებმა საკუთარი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გამოფინეს.

47 წლის პაატა ახლა თავს კარგად გრძნობს. ფსიქიკური პრობლემები მას პირველად 12 წლის წინ გაუჩნდა. თავდაპირველად ვერც მან და ვერც მისმა ოჯახის წევრებმა ვერ გააცნობიერეს, რა ემართებოდა. ის დიდი რაოდენობით იღებდა ე.წ. დამამშვიდებელ მედიკამენტებს, თუმცა ატყობდა, რომ მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. მას შემდეგ, რაც პრობლემა თავად და ოჯახმაც გააცნობიერა, სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. სწორმა მიდგომამ და მკურნალობამ შედეგი მალე გამოიღო. დღეს პაატა სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ის მუშაობს და თავად ეხმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს:

„ქვეყანაც არეული იყო, ცხოვრება ჭირდა. ამ ყველაფერმა სტრესი მომაყენა და ჩემმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. ემოციური დარღვევა მქონდა. დასწავლის დარღვევა მქონა. წიგნებს ვეღარ ვკითხულობდი. მახსოვრობა გამიფუჭდა. დაბნეული ვიყავი. ასეთმა პატარ-პატარა სიმპტომებმა ჩემი საერთო მდგომარეობა გაართულა. შემდეგ ნელ-ნელა - ისევ სწავლით, სპორტით, შემოქმედებით, ურთიერთობით, კომუნიკაციით - მდგომარეობა გაუმჯობესდა. დარღვევები გადაიფარა და ამჟამად აღარ ვლინდება“, - ამბობს პაატა.

მათ მიმართ ხშირად იყენებენ სიტყვას „გიჟი“ და არც კი უფიქრდებიან იმას, თუ რამხელა ტკივილს აყენებენ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, მაშინ როცა ამ ადამიანებს ისევე უყვართ, ისევე იციან მეგობრობა და კეთილი საქმეების კეთება, როგორც სხვა დანარჩენებმა, მხოლოდ იმ განსხვავებით...
ლალი წულეისკირი

“ვიცხოვროთ შიზოფრენიასთან ერთად” - ეს არის 10 ოქტომბრის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის, წლევანდელი სლოგანი. ამ რთული, მაგრამ, ამასთანავე, მართვადი ფსიქიკური აშლილობით საქართველოში 0,1% ადამიანი ცხოვრობს. ისევე როგორც გასულ წლებში, ეს დღე საქართველოში წელსაც არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. მათ შორის, ერთ-ერთი ღონისძიება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაიმართა. სწორედ აქ, სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრებთან ერთად, გამოფინა პაატამ საკუთარი შემოქმედება. მან ხეზე ჭრა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როცა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ნახატებისა თუ ხელნაკეთი ნივთების დასათვალიერებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ბევრი ადამიანი შეგროვდა. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლალი წულეისკირი ცენტრის ის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც მნიშვნელოვან დროს ატარებს შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებთან და მათ გამოჯანმრთელებაზე არტთერაპიის დახმარებით ზრუნავს. ის წუხს, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება, სხვა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისაგან განსხვავებით, ძალიან მინიმალურია. ის იმაზეც წუხს, რომ ეს ადამიანები ხშირად შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან:

„მათ მიმართ ხშირად იყენებენ სიტყვას „გიჟი“ და არც კი უფიქრდებიან იმას, თუ რამხელა ტკივილს აყენებენ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, მაშინ როცა ამ ადამიანებს ისევე უყვართ, ისევე იციან მეგობრობა და კეთილი საქმეების კეთება, როგორც სხვა დანარჩენებმა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ როგორც პროფესიონალების, ისე საზოგადოების მხრიდან. მხარდაჭერა მოიაზრებს რწმენას, რომ ამ ადამიანსაც შეუძლია რეალიზდეს და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, იყოს დამოუკიდებელი“.

რაც შეეხება სოციალური ადაპტაციის თემას, ჩვენთან ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. პაციენტების სტიგმატიზება ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისევ ძალიან დიდ პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში...
ლაშა კილაძე

სტიგმა - ეს ის თემაა, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს გვერდს არ უვლის. მეტიც, სპეციალისტთა აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანების სტიგმატიზებას ყველაზე მეტად საზოგადოება ახდენს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე ამბობს, რომ სტიგმატიზებული ადამიანი კიდევ უფრო ღრმად იძირება პრობლემაში და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა სპეციალისტებს უძნელდებათ. გასულ თვეში ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 3 000-მდე ვიზიტი დაფიქსირდა. მათ შორის პირველადი შემთხვევა 100 ადამიანს გამოუვლინდა. ლაშა კილაძის თქმით, შიზოფრენიის დაავადების მხრივ საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მოცვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული რიცხვები არ აქვს, თუმცა, მისი სიტყვებით, საქართველო გამორჩეულია ერთი მიმართულებით:

„რაც შეეხება სოციალური ადაპტაციის თემას, ჩვენთან ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. პაციენტების სტიგმატიზება ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ისევ ძალიან დიდ პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში“.

შიზოფრენია უფრო ხშირად ადრეული მოზრდილობის ასაკში იჩენს თავს. დაავადებასთან გამკლავების ფორმები სხვადასხვაა, მათ შორის - მედიკამენტოზური და ფსიქოსოციალური ინტერვენცია, თანამდევი სომატური დაავადებების მკურნალობა, მავნე ჩვევების დაძლევა და სხვა. ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი ფსიქიკური აშლილობის ამ დგომარეობას შემდეგნაირად ახასიათებს:

„ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელიც მოკლე პერიოდით ვერ აგრძელებს თავის სოციალურ საქმიანობას და საჭიროებს ხან სტაციონალურ, ხან ამბულატორიულ მკურნალობას. მედიცინა ვითარდება და დღევანდელ დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა ის წამალი იყიდება, რაც იყიდება მსოფლიოში. ამ ადამიანების მკურნალობას სრულად იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო“.

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია. ამჯერად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ მიდგომით საქართველოში გაუმჯობესდება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG