Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრენა იაფად ქუთაისიდან ევროპის კიდევ 7 ქალაქში


7 ახალი მიმართულების პრეზენტაცია
7 ახალი მიმართულების პრეზენტაცია

ბერლინი, მემინგემი, დორტმუნდი, მილანი, თესალონიკი, ლარნაკა და სოფია - ეს ის შვიდი ქალაქია, რომლებშიც უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იაფ ფრენებს განახორციელებს. ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავისა და კატოვიცეს გარდა, სექტემბრიდან ახალი მიმართულებებით მოგზაურობა მსურველებს 25, 30 და 40 ევროდ შეეძლებათ. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაც გაიხსნება.

ნინო ქუთათელაძემ, რომელსაც ძალიან უყვარს მოგზაურობა, ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც იაფი ავიარეისებით არის ცნობილი, პირველად მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ინტერნეტში დაბალფასიან ბილეთებს ეძებდა. მეუღლესთან ერთად ევროპაში სურდა წასვლა. სოციალურ ქსელში “მოგზაურთა კლუბი“ იპოვა, რომელიც "ვიზეარის" ფასდაკლების კლუბში გაწევრიანებაში დაეხმარა. პირველი იაფი მოგზაურობაც ასე დაიგეგმა პოლონეთში. და მერე დაიწყო და დაიწყო. როგორც „ვიზეარის" კლუბის წევრებს (წევრობა წელიწადში 30 ევრო ღირს), დამატებითი ფასდაკლებებიც ეკუთვნით. ასე მიდი-მოდიან ისინი 15 ევროდ ქუთაისიდან ბუდაპეშტსა თუ ვარშავაში. სექტემბრიდან კი დანიშნულების ადგილების რაოდენობა მთელი შვიდი ქალაქით იზრდება. ნინო ყურადღებითაა. მან იცის, რომ იაფი ბილეთი არ გამორჩება და აუცილებლად წავა ამ შვიდი ქალაქიდან რომელიმეში.

„სულ ვადევნებ ხოლმე თვალყურს, ახალი შემოთავაზება თუ არის. ხან თავად ვეძებ, ხან მიგზავნიან ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით არის ფასდაკლება, ან სხვა რომელიმე თარიღის გამო. იაფი ბილეთები დღესაც არის. მაგალითად, 50 ევროდ შესაძლებელია ყიდვა, ან უფრო ნაკლებადაც, მაგრამ როცა კლუბის წევრი ხარ, ამ თანხას კიდევ აკლდება და ხან 19 ევრო ღირს ერთი გზა, ხან ოცი. ანუ გამოდის, რომ ორი ადამიანი ევროპაში მიდი-მოდის 80 ევროდ. თუ ზურგჩანთით მიდიხარ, ასე მგზავრობა უფასოა. თუ ხელბარგის გარდა დიდი ჩანთის წაღებაც გინდა, მაშინ, ცხადია, დამატებით იხდი. ჩვენთვის ასე მოგზაურობა ძალიან მოსახერხებელია. გაცილებით იაფი გვიჯდება და წელიწადში რამდენჯერმე ვახერხებთ ხოლმე წასვლას. მერე კი იქაური შთაბეჭდილებები დიდი ხნის განმავლობაში გვყოფნის“.

17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით „ვიზეარის“ თვითმფრინავი 23 სექტემბერიდან დაიწყებს ფრენას კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. მგზავრობის მინიმალური ღირებულება 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-მემინგემის, (მიუნხენ ვესტ.) რეისები დანიშნულია ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები,25 სექტემბრიდან, - ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი აქაც 39.99 ევრო იქნება. იგივე ფასი აქვს ქუთაისი-დორტმუნდის ბილეთს.

WizzAir-ის თვითმფრინავი
WizzAir-ის თვითმფრინავი

ქუთაისი-თესალონიკის რეისზე, 24 სექტემბრიდან, თვითმფრინავი იფრენს კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენები იქნება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს, და ეღირება 24.99 ევრო, ხოლო ქუთაისი-სოფიას მიმართულებით (ფრენა - სამშაბათს და შაბათს) ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 29.99 ევრო.

საქართველოს მთავრობაში დიდი იმედი აქვთ, რომ სიახლე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მიეხმარება. ავიაკომპანია "ვიზეარის" (Wizz Air) კომუნიკაციების დირექტორმა დაგ ოლივიერმაც აღნიშნა, რომ კომპანიის თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ისე კომპანიის საქმიანობასაც:

„კარგი ამბავი ის არის, რომ უკვე სექტემბრიდან ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ერთი თვითმფრინავის ბაზირებას ქუთაისში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ ავიარეისების რაოდენობა და მიმართულებებიც სალონიკის, სოფიის თუ სხვა ევროპული ქალაქებისკენ სწორედ ქუთაისის აეროპორტიდან“.

ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს - თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250 000 მგზავრი...
ქეთევან ალექსიძე

ხელმისაწვდომი ფასი ევროპაში სამოგზაუროდ, ტურიზმის განვითარების პოტენციალი, რეგიონისა და ქუთაისის აეროპორტის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა - ეს მოლოდინი აქვს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორს ქეთევან ალექსიძეს, რომელმაც 17 თებერვალს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გამართული პრეზენტაციის დროს, განაცხადა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-თან ევროპისკენ ახალი მიმართულებების დამატების თაობაზე მოლაპარაკება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. და აი, 23 სექტემბრიდან მგზავრებს შეეძლებათ ქუთაისიდან იაფად გაფრინდნენ ბერლინში, მემინგემში, დორტმუნდში, სალონიკში, ლარნაკასა და სოფიაში. როგორია საქართველოს მთავრობის გათვლა - რამდენად გაზრდის ეს ამბავი ტურისტების რაოდენობას? ჰკითხა რადიო თავისუფლებამ ქეთევან ალექსიძეს:

„ცნობილია, რომ „ვიზეარი“ დატვირთვის საკმაოდ მაღალი ხარისხით მუშაობს - თუ თვითმფრინავში არის 180 ადგილი, 175 მგზავრი, როგორც წესი, სულ დაფრინავს. უფრო დაბალი მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, ვთქვათ, 160 კაცი, წლიურად გამოდის 250 000 მგზავრი. ჩვენ პესიმისტურად ვანგარიშობთ ხოლმე, დაახლოებით, 30-40 % ტურისტს, რაც არის, დაახლოებით, 50 000 ტურისტი საქართველოსთვის, ჯამში კი, დაახლოებით, 30-მილიონიანი კონტრიბუციაა ტურიზმის სექტორში“.

თუმცა ქეთევან ალექსიძე მოელის, რომ „ვიზეარი“ ამაზე არ გაჩერდება და ერთ საჰაერო ხომალდს მეორეც მოჰყვება, რომლის ბაზირების ადგილიც სწორედ ქუთაისი იქნება. ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება უფრო გრძელ მანძილზე ფრენების შესრულებაც. ხომ არ გამოიწვევს ფრენების დამატება ქუთაისის აეროპორტის გადატვირთვას, მისი მცირე ზომის გამო? ვკითხეთ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორს. ქეთევან ალექსიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე აეროპორტი არსებული გრაფიკით პროცესს უმკლავდება, თუმცა მომავალში აეროპორტის გაფართოების საკითხი აუცილებლად დაისმება:

„ამ ეტაპზე უკვე ვამატებთ ორ დამატებით სადგომს და იმედი გვაქვს, რომ, თუ მგზავრთა ნაკადი გაიზრდება, მეორე ტერმინალსაც ავაშენებთ“.

და კიდევ ერთი, თბილისიდან ქუთაისში ტრანსპორტირების საკითხი: ამჟამად დედაქალაქიდან ქუთაისის აეროპორტამდე ჩასვლა მიკროავტობუსებით არის შესაძლებელი, ღამის საათებში დადის კომპანია „Georgian Bus”-ის ავტობუსიც, რომლის ფასიც 20 ლარია, და, ნაკადის გაზრდის შემთხვევაში, კომპანია კიდევ ერთი ავტობუსის დამატებას გეგმავს. აქტიური მოლაპარაკებები მიდის რკინიგზასთანაც, რომ აეროპორტამდე სწორედ მატარებლით გახდეს მისვლა შესაძლებელი. ქეთევან ალექსიძე არ გამორიცხავს, რომ ეს პროექტი წელსაც მოესწროს.

არის კიდევ ერთი მოსაგვარებელი საკითხი, რომელზეც არაერთი მგზავრი ჩივის და მათ შორის არის ნინო ქუთათელაძეც. დისკომფორტი ძირითადად უკავშირდება ქუთაისის აეროპორტის მოსაცდელ ფოიეში უსკამობას. თბილისიდან ქუთაისში ღამის სამ საათზე ჩასულ მგზავრს, რომელსაც დილის შვიდ საათზე აქვს ფრენა, ოთხი საათის განმავლობაში ფეხზე დგომა და ლოდინი უწევს. თუ ეს საკითხი მოგვარდა, გვითხრა ნინომ, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე ქვეყნის სტუმრებისთვისაც მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გახდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG