Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლეები ავიაბაზარზე


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი დროებით რეისების რაოდენობას ამცირებს, ქუთაისის აეროპორტის დატვირთვა კი იზრდება - ოფიციალური მიზეზი თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების ჩატარებაა, თუმცა, ცხადია, ამ პროცესებზე დაბალბიუჯეტიანი ფრენების პოპულარობის ზრდაც ახდენს გავლენას.

კერძოდ, 1 მარტიდან, ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის რეისები არ განხორციელდება. მედია ავრცელებს TAV-ის აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის თანახმადაც,დღის რეისების შეჩერების მიზეზი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოებია, რის გამოც დღის რეისები ღამით შესრულდება. თუმცა ამ ეტაპზე აეროპორტში არ აკონკრეტებენ ახალ განრიგს.
ამასთან ერთად, არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ პერიოდში ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებენ.

აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაკომპანიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, გადაიტანენ ღამის რეისზე ფრენებს თუ გააუქმებენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, წინასწარი ინფორმაციით, ივლისიდან განაახლებს.

მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირე იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს ინფორმაციით, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ქუთაისი-კიევის მიმართულებით მიმდინარე წლის 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

ასევე "ურალის ავიახაზები" 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო 1-ელი აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ამატებს. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო 1-ელი აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, ხოლო "ურალის ავიახაზები" - ყოველ შაბათს, 21:00 საათზე.

ამას გარდა, უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარი" 2016 წელს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას გახსნის.

შედეგად, ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით. ბაზა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრული ავიაკომპანია Wizz Air შორის მიღწეულ შეთანხმების შედეგად იხსნება.
ავიაკომანია „ვიზეარის“ ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს. 2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ 19,2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

XS
SM
MD
LG