Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Freedom House-ის ანგარიში: საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნების ჯგუფშია


Freedom House-ის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც "მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, მედიიდან სასამართლომდე, ფაქტობრივად მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ".
Freedom House-ის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც "მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, მედიიდან სასამართლომდე, ფაქტობრივად მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ".

ამერიკული ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მეტიც, ქვეყანა სერბეთსა და უნგრეთთან ერთად მოხვდა ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ქვეყნების ქვეკატეგორიაში. განსხვავებული მდგომარეობაა უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში.

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა, Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ - Nations in Transit - რომელიც შეისწავლის დემოკრატიის მდგომარეობას აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის 29 ქვეყანაში 2023 წლისთვის.

ანგარიშში საქართველო მოხვდა კვლავ ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში, ანუ ისეთი ქვეყნების, რომელთა პოლიტიკური სისტემაც აერთიანებს ავტოკრატიულ და დემოკრატიულ ელემენტებს.

„ჰიბრიდული რეჟიმია, როგორც წესი, საარჩევნო დემოკრატია, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია და უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

Freedom House-ის თანახმად, 2023 წელს საქართველოში წინა წელთან შედარებით დემოკრატიის ხარისხი არ გაუარესებულა, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ქვეყანამ მაინც უკან წაიწია.

ამასთან, ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ თითოეულ ქვეყანას დემოკრატიის ხარისხის მიხედვით შესაბამისი ქულა მიანიჭა. ამ თვალსაზრისით, საქართველო ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან: მეზობელი სომხეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატები - უკრაინა, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მოლდოვა, და კოსოვო.

ავტოკრატიისკენ სვლა

კვლევის ფარგლებში Freedom House-მა გადაწყვიტა, რომ ჰიბრიდული რეჟიმები, თავის მხრივ, სამ ქვეკატეგორიად დაეყო.

„ჰიბრიდული რეჟიმების ბოლოდროინდელი ისტორია მიგვითითებს, რომ ამ ჯგუფის ქვეყნების ტრაექტორია უნდა დავალაგოთ სამი აღწერითი კატეგორიის მიხედვით: ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდები, დემოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდები და ციკლური ჰიბრიდები“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ამ კატეგორიებიდან, საქართველო უნგრეთსა და სერბეთთან ერთად მოხვდა ავტოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში.

„უნგრეთი, სერბეთი და შედარებით ნაკლებად საქართველო, იმყოფებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზე“, - წერენ ანგარიშის ავტორები.

დემოკრატიისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების ჩამონათვალში მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და კოსოვო, ხოლო საქართველოს მეზობელი სომხეთი ციკლური ჰიბრიდების ქვეკატეგორიაშია.

რით განისაზღვრება ავტოკრატიისკენ მიმავალი რეჟიმი? ამ შეკითხვაზე კვლევის ავტორებს ამგვარი პასუხი აქვთ:

„მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, მედიიდან სასამართლომდე, გასცდა პოლიტიზების ისეთ დონეს, როგორსაც ჰიბრიდული რეჟიმის კლასიკური განმარტების ქვეშ ვხვდებით და, ფაქტობრივად, მიტაცებულია მმართველი პარტიების მიერ, იყენებენ რა მათ პარტიული თუ პირადი გამორჩენისთვის“.

საქართველოზე საუბრისას, კვლევის ავტორები ახსენებენ „ქართული ოცნების“ მიერ 2023 წლის მარტში საზოგადოების პროტესტის შედეგად „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გახმობას.

„როცა შიდა და საერთაშორისო წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია, ამ ქვეკატეგორიაში შემავალი ჰიბრიდული რეჟიმები შესაძლებელია აიძულო, რომ გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ, როგორც საქართველოს მთავრობამ გაიხმო "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი საერთაშორისო აღშფოთებისა და მასობრივი პროტესტის შემდეგ 2023 წლის მარტში“, - წერენ ანგარიშის ავტორები.

რამდენადაც კვლევა 2023 წლის მდგომარეობას შეისწავლის, ის არ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ინიციატივას „აგენტების“ კანონპროექტის თითქმის უცვლელი ფორმით დაბრუნების შესახებ, რაც, დიდი ალბათობით, კვლევაში საქართველოს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა.

8 აპრილს, კანონპროექტის ხელმეორედ წარდგენის შემდეგ, Freedom House-მა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უკან გაეწვია ხელახლა ინიციირებული „აგენტების კანონი“.

XS
SM
MD
LG