Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი


ევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი და საქართველოს შესახებ რეზოლუცია. შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 490-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.

ევროპარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიერ მიწვეული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობდა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ანდრეის მამიკინსმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის თაობაზე და შესაძლოა მომავალში ჩვენ ვილაპარაკოთ ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრინციპია გაფართოება, საქართველო კი ევროპული ქვეყანაა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია".

გიორგი მარგველაშვილი ამავე პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ წინ მივიწევთ ევროპული ერების ოჯახისკენ. განვაგრძობთ ნაბიჯებს, რომლებსაც კულტურული, თუ ემოციური თვალსაზრისით ჩემი ხალხის არაერთი თაობა დგამდა. ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო“.

ევროპარლამენტის სხდომის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს.

XS
SM
MD
LG