Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა წლის შემდეგ ენგურის ხიდზე ავტობუსით მგზავრობა აღდგა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რვაწლიანი წყვეტის შემდეგ ენგურის ხიდზე სამგზავრო მიკროავტობუსის აღდგენას მოსახლეობა პოზიტიურად შეხვდა. როგორც გალელებმა რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მათი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდა, განსაკუთრებით კი გაახარათ იმ ფაქტმა, რომ მომსახურება უფასოა.

გადმოწერა

რესპონდენტების თქმით, წლების მანძილზე მთელი ხიდის - დაახლოებით, 2 კილომეტრამდე მანძილის - გავლა ფეხით უწევდათ, რაც ცუდ ამინდში განსაკუთრებით ძნელი იყო, მით უფრო, თუ ამას ტვირთი ემატებოდა. ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული და, პირიქით, აფხაზეთში მიმავალი მგზავრებისთვის ალტერნატიულ ტრანსპორტად მხოლოდ ოთხთვალა ურმები ითვლებოდა, რომლით გადაადგილება ავადმყოფებისთვის სახიფათოც კი იყო. ამიტომ გალელები ამბობენ, რომ სამგზავრო მიკროავტობუსით მგზავრობის სერვისი მნიშვნელოვანი შვებაა იმათთვის, ვინც ჯანმრთელობას უჩივის და სამკურნალოდ ზუგდიდში გადმოდის.

„ტანჯვა-წვალება იყო ჩვენი. ახლა ეს ძალიან კომფორტულია. მძღოლიც კარგი გვყავს. მადლობელი ვართ მათი, ვინც ეს გაგვიკეთა. ტვირთის გადატანაც შეიძლება - ერთი სუმკა იქნება თუ ორი. ბაგაჟიც აქვს და ყველაფერი“, - ამბობს გალიდან დევნილი ზოია ბერზენია.

„მოხერხებულია. წვიმაშიც და კარგ ამინდშიც შეიძლება ამით მგზავრობა. ძალიან კარგია“, - გვითხრა გაბო ყოლბაიამ.

„ფეხით ან ცხენით გავდიოდით და გამიხარდა ახლა, ეს მანქანა რომ არის. გუშინ გადმოვედი მე აქეთ და იმ ბიჭმა დამიძახა, მოდი, დეიდა, ეს მანქანა უფასოაო, და ძალიან გამიხარდა. მადლობელი ვართ, ვინც ეს გააკეთა“, - ამბობს ასევე გალის რაიონიდან გადმოსული მზია ნარსია.

ავტობუსი ენგურის ხიდზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) დანიშნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტობუსის დანიშვნაზე მსჯელობა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და არამხოლოდ.

„ბევრი წელია, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მიდის მოლაპარაკებები. მოსახლეობა, რომელიც, ფაქტიურად, ფეხით გადაადგილდებოდა ძალიან გრძელ მანძილზე, მით უმეტეს, ცუდი ამინდის ან ბარგის ქონის პირობებში, ახლა შეძლებს ტრანსპორტით სარგებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარულო გადაწყვეტილება“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტრანსპორტი დილის რვა საათიდან საღამოს რვამდე მუშაობს. მას მგზავრები ნახევარსაათიანი შუალედით ხიდის თავში მდებარე აფხაზეთის ე. წ. გამშვები პუნქტიდან ხიდის ბოლომდე, ანუ ქართულ საგუშაგომდე, მოჰყავს და პირიქით. მგზავრებს უფლება აქვთ მცირე ტვირთიც გადაიტანონ - იმდენი, რომ დისკომფორტი არ შექმნას ტრანსპორტში.

დიდი მოცულობით ტვირთის გადაზიდვას მოსახლეობა კვლავ ოთხვალა ურმებით ახერხებს. ამიტომ, სამუშაოს გარეშე არც ურმების მეპატრონეები დარჩნენ. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მოქალაქეები უკვე ოთხთვალათი არ სარგებლობენ, თუმცა ჩანთებს მათთან ალაგებენ და მცირე მოგება მაინც რჩებათ. ურმის მეპატრონის თქმით, ერთი საშუალო ზომის ჩანთაში 1 ლარის გადასახადია დაწესებული. სულ, ჯამში, ენგურის ხიდზე 7 ოთხთვალა გადაადგილდება.

აფხაზეთის ომის შემდეგ ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელებს წლების მანძილზე გაეროს დახმარებით ავტობუსი ემსახურებოდა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ეს სერვისი აღარ მოქმედებდა.

XS
SM
MD
LG