Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსწავლეთა ნაწილმა ვერ მოახერხა აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად მომავალმა სამმა მოსწავლემ დღეს დილით ვერ შეძლო ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვა. გადაადგილების აკრძალვის მიზეზად მათ გამშვებ პუნქტზე შესაბამისი საბუთების უქონლობა დაუსახელეს. მათგან განსხვავებით, მოსწავლეებს, რომლებსაც რუსულ ენაზე თარგმნილი დაბადების მოწმობა ჰქონდათ და წინასწარ იყვნენ აღრიცხული პირობით საზღვარზე გადამსვლელთა სიაში, გადაადგილება უპრობლემოდ მოახერხეს. ასეთი კი, ჯამში, ორი მოსაზღვრე სოფლის მაგალითზე, 34 მოზარდია. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად მოზარდები გადმოდიან წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. წალენჯიხაში ისინი მოდიან სოფელ ფახულანისა და წყოუშის სკოლებში, ზუგდიდში კი - განმუხურის საჯარო სკოლში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის წყოუშის თემი ოკუპირებულ სოფელ საბერიოს ესაზღვრება. სოფლებს მავთულხლართები და ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყოფს. პუნქტის გავლით მოსაზღვრე საბერიოდან 21 ბავშვი გადმოდის. აქედან 11 წყოუშის სკოლაში, დანარჩენები კი ფახულანში სწავლობენ. სწორედ წყოუშის სკოლის 11 მოსწავლიდანსამი - მესამე, მეოთხე და მეექვსეკლასელი - ვერ დაესწრო დღეს ახალი სასწავლო წლის პირველ გაკვეთილს:

„მე ველაპარაკე მათ მშობლებს. ხვალისთვის მოამზადებენ საბუთებს, ჩასვამენ სიებში და გამოატარებენ, ალბათ, მერე. ეს ბავშვები არ იყვნენ იმ სიაში, რომელიც აქვთ მესაზღვრეებს. ეს ბავშვები არ არიან იმ სიაში, რადგან ეს ბავშვები ადრე გადმოდიოდნენ თავისუფლად. ისინი ზუსტად საზღვართან ცხოვრობენ და არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ გადმოსვლის. ახლა იქ მავთულხლართებია და საგუშაგოში უწევთ მისვლა. აი, იმ საგუშაგოში რომ მივიდნენ, არ ჰქონდათ საბუთები, არ იყვნენ სიაში და არ გამოატარეს“, -აცხადებს წყოუშის სკოლის დირექტორი ვახტანგ გოგოხია.

საბერიო-ფახულანის საგუშაგოსგან განსხვავებით, უკლებლივ ყველა მოსწავლე გადმოვიდა ოტობაია-ორსანტიის გამშვებ პუნქტზე:

„დღეს ყველა მათგანს გავესაუბრე და არც ერთ მათგანს პრობლემა არ ჰქონია. ჩვენთან ფიჩორიდან სულ დადის 11, ოტობაიიდან 4 დადის. აქედან გოგო არის 9, ბიჭი არის 6“, - აცხადებს განმუხურის სკლის დირექტორი ზურაბ ჯოლოგუა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისას ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებისთვის საჭირო პირობები არ შეცვლილა. როგორც რადიო თავისუფლებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ განუცხადა, ასევე უცვლელი რჩება დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება პირველი კლასის მოსწავლეებთან დაკავშირებით:

„ისინი ითხოვენ დაბადების მოწმობას, რომელიც რუსულად არის თარგმნილი. მშობლებს მომზადებული ჰქონდათ სარეგისტრაციოდ სათანადო საბუთები, რომ სწავლა ქართულად დაეწყოთ პირველ კლასში ქართულ სკოლებში, მაგრამ, ადგილობრივი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები ოკუპირებული ტერიტორიის ადგილობრივი სოფლის ადგილობრივ სკოლებში უნდა წავიდნენ სასწავლებლად“.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწავლებლად გადმომსვლელი მოზარდების რაოდენობა ბოლო ორი წელია შემცირდა. ახალ სასწავლო წელს ადმინისტრაციული საზღვარი შარშანაც და წელსაც 34-მა მოსწავლემ გადმოკვეთა, მაშინ როცა გასულ წლებში მათი რაოდენობა 100-მდე იყო ხოლმე.

XS
SM
MD
LG