Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში პრეზიდენტ მურსის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები დახოცეს


კაიროში დემონსტრაციების დროს, სულ მცირე, 51 ადამიანი დახოცეს და ოთხასზე მეტი დაჭრეს, იტყობინება ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. დახოცილები ამ ქვეყნის ჩამოგდებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მომხრეები არიან. ეგვიპტის გარდამავალმა მთავრობამ ღრმა სინანული გამოხატა ხალხის დაღუპვის გამო. ტელევიზიით გამოსვლისას გარდამავალმა ლიდერმა ადლი მანსურმა განაცხადა, რომ საქმეში გასარკვევად შეიქმნა საგამოძიებო კომისია.

ვინ ესროლა დემონსტრანტებს, საბოლოოდ გარკვეული ჯერ არ არის. მურსის მომხრეები არმიას ადანაშაულებენ, სამხედროები კი შეიარაღებულ ტერორისტებს სდებენ ბრალს ცეცხლის გახსნაში. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ხედავდნენ, როგორ ცდილობდნენ მაშველები ერთი მსხვერპლისთვის პირველი დახმარების აღმოჩენას, სხვები კი, დაჭრილები, როგორ მიჰყავდათ იქვე, იმპროვიზებულ საველე ლაზარეთში მოტოციკლებით. საპროტესტო გამოსვლების ერთმა მონაწილემ, მოჰამედ ალიმ, „როიტერის“ სააგენტოს უამბო:


„გარეთ ვიყავი, ყაზარმებთან, შესავლელთან, როცა დავინახე, რომ მიახლოვდებოდნენ და გავიქეცი. ერთი წამით უკან მივიხედე, რომ დამენახა ვინ მომდევდა და სახეში მომხვდა ცრემლმდენი გაზის კანისტრა. სისხლი მდიოდა და ძირს დავწექი. ერთი ჯარისკაცი მოვარდა, ფეხში იარაღის კონდახი ჩამარტყა და მითხრა, მოედანი თქვენგან უნდა გავწმინდოთო“.

ის ადგილი, სადაც ალი იდგა, რესპუბლიკური გვარდიის შტაბბინის წინა მოედანია. იქ ეგულებათ მომხრეებს მურსი და სწორედ იქ გაიმართა მჯდომარე საპროტესტო აქცია. გერმანიის საინფორმაციო სააგენტო იუწყებოდა, რომ ორასი კაცი დააკავეს, რადგან ისინი ობიექტის იერიშით აღებას ლამობდნენ. მათ, ამ ცნობით, თან ჰქონდათ თოფები, აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები, ასევე სხვა იარაღი. ორშაბათის არეულობა გაგრძელებაა არმიის მიერ, სახალხო ამბოხების შედეგად, პრეზიდენტ მოჰამედ მურსის ჩამოგდების, მის ნაცვლად პრეზიდენტად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის, ასევე უპირატესად ისლამისტების მიერ შემუშავებული კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა. მურსისა და მისი მომხრე „მუსლიმთა საძმოს“ პარტიის ოპონენტები თვლიან, რომ მუბარაქის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ეკონომიკის წინსვლა და ცდილობდა ავტორიტარული მმართველობა შეექმნა. „მუსლიმთა საძმომ“ დაგმო მურსის ჩამოგდება, მას გადატრიალება უწოდა და მომხრეებს აჯანყებისკენ მოუწოდა. პარასკევის შემდგომ გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრაციებს აწყობდნენ არა მხოლოდ მურსის მომხრეები, განაწყენებული მასა, არამედ მისი მოწინააღმდეგეებიც. გაერთიანება „ამბოხების“ სურვილი იყო პრემიერ-მინისტრად დაენიშნათ მოჰამად ელ ბარადეი, ლიბერალი პოლიტიკოსი, რომელიც გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თავმჯდომარეობდა. პრემიერად მისი დანიშვნის წინააღმდეგია სალაფისტური გაერთიანება „ნური“, პოპულარობით მეორე ისლამისტური ორგანიზაცია, რომელმაც ორშაბათის მოვლენებს ხოცვა-ჟლეტა უწოდა და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თაობაზე მოლაპარაკება დატოვა. გარდამავალ პერიოდში პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს სოციალ-დემოკრატი იურისტი ზიად ბაჰაა ელ-დინი. ელ-ბარადეიმ ძალადობა დაგმო და სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, ეგვიპტეს ახლა აუცილებლად შერიგება სჭირდებაო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას ასტანაში საზოგადოება გააფრთხილა, ეგვიპტე სამოქალაქო ომისკენ მიექანებაო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა „ეგვიპტის არმიის მიერ პირველი არჩეული პრეზიდენტის ჩამოგდებას“. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია პოლიტიკურ სექმეებში არმიის ჩარევა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG