Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოსდამცველები: თბილისი გამწვანებით ვერ დაიკვეხნის


პოლიციის ახალი შენობა კიკვიძის პარკში
პოლიციის ახალი შენობა კიკვიძის პარკში
პარკების საერთაშორისო დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა 5 წლის წინ დაიწყეს. რამდენიმე გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ პარკების საერთაშორისო დღე სხვადასხვა რეგიონში ხეების დარგვით აღნიშნა. რა მდგომარეობაშია თბილისში არსებული პარკები და რეკრეაციული ზონები?

თუ ოფიციალურ სტატისტიკას მოვიხმობთ, ამბობენ გარემოს დამცველები, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია,
ეს იმის ხარჯზე, რომ რამდენიმე წლის წინ თბილისს შემოუერთდა მიმდებარე სოფლები, თავისი გამწვანების ზონებიანად. თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, თუ თბილისს ძველ ფარგლებში განვიხილავთ, გამწვანებული ზონა 3-4-ჯერ ჩამორჩება საშუალო საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ნორმებს. ამასთან, მანანა ქოჩლაძის სიტყვებით, არსებული პარკების ნაწილი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს:

”მაგალითად, რიყის პარკი რომ ავიღოთ, ის პარკების ფუნქციას ვერ ასრულებს, იმიტომ რომ ჩაბეტონებული პარკი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც არის შექმნილი პარკი. ასეთი ფუნქცია კი არის, პირველ რიგში, ის, რომ იქ უნდა იყოს ისეთი ნარგავები, რომელიც, პირველ რიგში, გამონაბოლქვს შთანთქავენ. ესენია ცაცხვი, აკაცია და ჭადარი, რომელსაც ჩვენ გადავეკიდეთ და ვჭრით მთელი თბილისის მასშტაბით. მეორე მომენტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის წყლის შთანთქმის უნარი, რომელიც უნდა გააჩნდეს ქალაქის საფარს.”
2009 წლის შემდგ კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, როდესაც ქალაქის ხელისუფლებამ დაიწყო შემორჩენილი რეკრეაციული ზონების გაუქმება. სტატუსი შეეცვალა 40-მდე რეკრეაციულ ზონას და მას მიენიჭა სამშენებლო ან საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი...
რეზო გეთიაშვილი

ამას გარდა, როგორც ”მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, თბილისში რეალურად არ არსებობს ქალაქის გამწვანების სტრატეგიული გეგმა. მისი სიტყვებით, ხშირად გარკვეული აქციების ფარგლებში გვხვდება ნარგავების ჩანაცვლება, თუმცა პასუხი კითხვაზე, რატომ ხდება ეს, არ არსებობს. რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას ”კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” CENN -ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ამბობს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლო წლებში სტატუსი შეეცვალა პარკებსა და სკვერებს, რის გამოც ასეთ ადგილებში სხვადასხვა ეკონომიკური და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდა, მწვანე საფარის ნაწილი კი ამ საქმიანობას შეეწირაო:

”2009 წლის შემდგ კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია, როდესაც ქალაქის ხელისუფლებამ დაიწყო შემორჩენილი რეკრეაციული ზონების გაუქმება. სტატუსი შეეცვალა 40-მდე რეკრეაციულ ზონას და მას მიენიჭა სამშენებლო ან საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.”

”კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი” და არასამთავრობო ორგანიზაცია ”უსაფრთხო სივრცე” რამდენიმე ხნის წინ დიღმის ტყე-პარკში არსებული ვითარების წინააღმდეგაც იბრძოდა სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს მიღებული გენერალური გეგმის თანახმად, დიღმის ტყე-პარკი დაზუსტებულ საზღვრებში აღიარებულ იქნა სარეკრეაციო "ზონა 1"-ად, რაც დაცვის ყველაზე მკაცრ რეჟიმს გულისხმობს, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 2009 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკს სტატუსი შეეცვალა და სარეკრეაციო "ზონა 1" საზოგადოებრივ-საქმიან "ზონა 2"-ად გადაკეთდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ტყე-პარკის ტერიტორია განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას განეკუთვნება, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები, საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით.

თბილისში პარკების დეფიციტია
please wait

No media source currently available

0:00 0:03:38 0:00
გადმოწერა

იმის გამო, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს, ”უსაფრთხო გარემოს” თავმჯდომარემ ანა გაბრიაძემ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა. ანა ამბობს, რომ საქმე წარმოებაში ჯერ არ არის მიღებული, თუმცა პირველი ეტაპი უკვე გაიარა. ამასთან, რეკრეაციულ ზონაზე საუბრისას ანა გაბრიაძე ამბობს, რომ თბილისში არსებული 80-მდე პარკისა და სკვერის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი დადგენილი საზღვრები არ არსებობს, შესაბამისად, დავა იმის შესახებ, რომ მშენებლობები არ უნდა იწარმოებოდეს ამ ზონებში, ხშირად წარუმატებლად სრულდება:

ანა გაბრიაძე
ანა გაბრიაძე
”თბილისში დღევანდელი პარკები წარმოადგენენ, უბრალოდ, მიწის ნაკვეთებს, რომელსაც საზღვარი არ აქვს და ნებისმიერი მშენებლობა გვერდით თუ დაიწყება, ეს მიმდებარე ტერიტორიად ითვლება. აი, მაგალითად, კიკვიძის ბაღში წარმოებული მშენებლობის ნებართვაში წერია ‘მიმდებარე ტერიტორია’.”

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ანა გაბრიაძე საუბრობს, არის პარკებისა და სკვერების მოვლის საკითხი. მისი სიტყვებით, ვინაიდან ზუსტი საზღვრები ცნობილი არ არის, გაურკვეველი ხდება რა ფართობის მოვლა ევალება თბილისის მთავრობის შესაბამის სამსახურს.

მიუხედავად მთელი დღის მცდელობისა, რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის პასუხი ზემოთ დასმულ საკითხზე.

ის თბილისელები კი, ვინც პარკებში ხშირად ატარებენ დროს, ამბობენ, რომ დასუფთავების თვალსაზრისით ბოლო წლებში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა პარკებში ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG