18 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 21 საარჩევნო უბანი გახსნა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი კი ამომრჩევლის სტატუსით დაარეგისტრირა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში. 18 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ პუტინის პარტიამ მიიღო ხმების 54 % , მეორე ადგილზე გასულმა კომუნისტურმა პარტიამ - 13,5 %, ხოლო ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ -13 %. როგორ უპასუხა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების გამართვას და რა გავლენას იქონიებს არჩევნების შედეგები საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე?
18 სექტემბერს გამართულ არჩევნებში რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“, სრული უმრავლესობა მოიპოვა ახალ, მე-7 მოწვევის, პარლამენტში. ბიულეტენების 93 პროცენტის შეჯამების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა მადლობა გადაუხადა რუსეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისა და „ედინაია როსიას“ მხარდაჭერისათვის.
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენმა პარტიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა, რომლის პარტიამ, დაახლოებით, 15 ათასამდე ხმა მიიღო ოკუპირებული აფხაზეთიდან, 10 ათასამდე კი - ცხინვალის რეგიონიდან. სულ აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მოქალაქეობის მქონე, დაახლოებით, 20 ათასამდე პირმა, ცხინვალის რეგიონში კი ათი ათასზე ოდნავ მეტმა, მაშინ როცა რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორივე რეგიონში, ჯამში, რეგისტრირებული ჰყავდა 114 ათასი ამომრჩეველი. ამომრჩეველთა ამგვარ დაბალ აქტივობას ასეთ ახსნას უძებნის ზურაბ ბენდიანიშვილი, წარმომადგენელი „კოალიციისა დევნილთა უფლებებისათვის“:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს...საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება
„პირველ რიგში, ალბათ, ის, რომ ცხინვალშიც და სოხუმშიც მიაჩნიათ, რომ რუსეთისაგან მიიღეს ის, რისი მიღებაც უნდოდათ, და აღარ გაიღეს ზედმეტად დიდი ძალისხმევა, რათა დაემტკიცებინათ რუსეთისთვის ერთგულება. და კიდევ იმით აიხსნება ეს პასიურობა, რომ ძალიან იოლი იყო პროგნოზის გაკეთება და აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ მმართველი პარტია გაიმარჯვებდა ამ არჩევნებზე“.
საიდან გაჩნდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ამდენი მოქალაქე? ამ კითხვის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 სექტემბერს გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო განცხადება გაავრცელა:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა“.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ არჩევნებს „უკანონო“ და „არალეგიტიმური“ უწოდა ქეთევან ციხელაშვილმაც, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, რომლის თქმითაც, უკანონოა არჩევნები თუნდაც იმის გამო, რომ თავის დროზე კანონის დარღვევით გაიცა რუსული პასპორტები.
„ეს პასპორტები უკანონოა დღეს და უკანონო იქნება მომავალშიც. საერთაშორისო ორგანიზაციები მათ არალეგალურად მიიჩნევენ. ტალიავინის დასკვნაშიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასკვნის სახით. პოლიტიკურად კი არჩევნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმის მანიფესტაციაა, რომ დე ფაქტოდ ამ რეგიონებში მიმდინარეობს რუსიფიკაციის პროცესი და ეს ვლინდება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში უკონკურენტო რუსული დომინირებით, რაც იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ, ფაქტობრივად, დღემდე ამ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება“, უთხრა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო თავისუფლებას.
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პარლამენტში კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდა კონსერვატული და იზოლაციონისტური შეხედულებები და ეს შეეხება როგორც დასავლეთთან ურთიერთობებს, ასევე შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც მის სამეზობლოში ცხოვრობენ...კახა გოგოლაშვილი
რაც შეეხება 18 სექტემბრის არჩევნების შედეგებს, გარდა იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის პარტიამ მოიპოვა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა ვერც ერთმა პროდასავლურმა, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელმა პარტიამ, რაც, პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის თქმით, არასახარბიელოა რუსეთის ბევრი მეზობელი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
„შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პარლამენტში კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდა კონსერვატული და იზოლაციონისტური შეხედულებები და ეს შეეხება როგორც დასავლეთთან ურთიერთობებს, ასევე შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც მის სამეზობლოში ცხოვრობენ და დასავლეთისკენ, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის სასიხარულო არაფერი ხდება, ანუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ვერ ვაფიქსირებთ ვერანაირ პროგრესს. რუსეთი არ ვითარდება დემოკრატიისა და პროგრესის გზით“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების აბსურდულობაზე მიანიშნებს ისიც, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა აირჩიეს მაჟორიტარი დეპუტატი ჩიტის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.