Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნორმალურობით უნარშეზღუდული”


აქციის მონაწილეები პრაღის ქუჩაში
აქციის მონაწილეები პრაღის ქუჩაში
ჩეხეთის დედაქალაქის, პრაღის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, “DOX”-ში 23 მაისს გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “ნორმალურობით უნარშეზღუდული”. ეს ზაფხულის ყველაზე ფართო მაშტაბიანი გამოფენაა, რომელშიც 34 ხელოვანი მონაწილეობს და ის 16 სექტემბერამდე გასტანს. ის ერთ-ერთია იმ გამოფენათა სერიაში, რომლებიც ეძღვნება მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს, როგორებიცაა: ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, მსოფლიო ფინანსური კრიზისის, მიგრაციის, სოციალური ცვლილებების და მათი გამოსახვის თემები.

რას ნიშნავს ნორმალურობა? რის მიხედვით მოხდა ადამიანების, მათი ქცევის, აგებულებისა თუ სხეულის დაყოფა ორ ვიწრო კატეგორიად – ნორმალურად და არანორმალურად, ჯამრთელად და პათოლოგიურად, ბუნებრივად და არაბუნებრივად, უნარიანად და უნარშეზღუდულად? ერთი შეხედვით, ეს უწყინარი და აუცილებელი დაყოფაც კი არის. რატომ ქმნის პრობლემებს ადამიანების “დახარისხება” და რა პრობლემებია ეს? მსგავს კითხვებს აღძრავს და მათზე პასუხებს ეძებს “DOX”-ში გამართული გამოფენა “ნორმალურობით უნარშეზღუდული”. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა და კვლავ იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის საჯარო გამოსვლები, დისკუსიები და საპროტესტო აქციები.

“ნორმალურობით უნარშეზღუდული” შვიდი სექციისგან შედგება: “სტერეოტიპები უნარშეზღუდულებზე”, “სხვანაირის მედიკალიზაცია”, “უნარშეზღუდულობის ისტორიზაცია”, “ინსტიტუციონალური ცვლილებები”, “ინსტიტუციონალური ისტორიები”, “მორალური საფრთხე”, “სხეული, როგორც საზღვარი: მოდა, დიზაინი, პროთეზი და კიბორგი”. სრულფასოვანი და კრიტიკული სურათის შესაქმნელად გამოფენაში წარმოდგენილია როგორც პირადი ამბები, ისე ისტორიული და ინსტიტუციონალური გარემოებანი. ამ გარემოებათა წარმოდგენის მნიშვნელობაზე “DOX” -ის სამხატვრო ხელმძღვანელი და “ნორმალურობით უნარშეზღუდული”-ს კურატორი, იაროსლავ ანდელი საუბრობს: “უნარშეზღუდულობა ცოტა ხნის წინ გახდა ხელოვნებისა თუ აკადემიურ სფეროთა კვლევის საგანი. ინსტიტუციონალური და ისტორიული მხარეების წარმოდგენით, ჩვენ გვინდოდა საკითხზე ხედვის გაღრმავება. ამავე დროს ჩეხეთში უნარშეზღუდულთა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებას, იედლიჩკას ინსტიტუტს, 100 წელი შეუსრულდა. ეს კარგი შესაძლებლობა იყო მათთან თანამშრობლობისთვის, რადგან საშუალება მოგვცეს გაგვეხსნა მათი არქივები. არქივების საფუძველზე ჩვენ შევძელით გვეჩვენებინა ინსტიტუციონალური ცვლილება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, რა მახასიათებლები ჰქონდა თითოეულ ისტორიულ პერიოდს უნარშეზღუდულობასთან დაკავშირებით და როგორ იცვლებოდა ისინი.”

თუმცა გამოფენაზე მყოფ ერთ-ერთ დამთვალიერებელს მოეჩვენა, რომ გამოფენაზე თავად უნარშეზღუდულთა ხმის ნაკლებობა იყო. მაგრამ ამავე დროს, მან აღნიშნა: “ერთ-ერთ სექციაში ნაჩვენებია მედიცინის, სოციალური დაცვის სამსახურის და სხვა სფეროთა მიდგომა უნარშეზღუდულობასთან. გამოფენის ეს ნაწილი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება მიდგომას უნარშეზღუდულ ადამიანთან იმათ მხრიდან, ვინც არ არის უნარშეზღუდული. ამ სექციაში კარგად ჩანს როგორ წარმოვაჩენთ უნარშეზღუდულ ადამიანებს და გარკვეულ კატეოგრიებში ვაქცევთ მათ.”

საგამოფენო დარბაზის შესასვლელში უამრავი ინვალიდის ეტლი დგას. ფეხით მოსიარულე დამთვალიერებლებს შეუძლიათ ხშირ შემთხვევაში პირველად გამოსცადონ ეტლში ჯდომა და სხვა როლში შემოიარონ მთელი გამოფენა. “ნორმალურობით უნარშეზღუდული” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მარტივ განსაზღვრებებსა თუ დაყოფებს და, რაც მთავარია, მათ მნიშვნელობას გარკვევით აკავშირებს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებთან. იაროსლავ ანდელის თქმით: “გამოფენის მიზანია დააფიქროს დამთვალიერებელი, რათა მან ნორმალურობის ფართოდ გავრცელებული განსაზღვრება თავისთავად ჭეშმარიტებად არ მიიღოს. ეს ერთი და მეორე მიზანია არა მარტო დამთვალიერებელთა ინფორმირება, არამედ, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის, ხელოვანების, მეცნიერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უმცირესობების - ანუ საერთო ჯამში, მოქალაქეების - ერთმანეთთან დაკავშირება და დიალოგის გამართვა.”

მსვლელობა ”პრაღა ბარიერების გარეშე”
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00
გადმოწერა

გამოფენის ფარგლებში, “DOX”-თან თანამშრომლობით, სამოქალაქო ასოციაცია “Asistence”-მ ქუჩაში ჩაატარა მსვლელობა, რომელზეც გააპროტესტეს პრაღის ერთ-ერთ უბანში, ჰოლეშოვიცეში ტრამვაის ხაზების მშენებლობა, რომლის გეგმაშიც უნარშეზღდუული ადამიანები გათვალისწინებული არ არიან. მსვლელობა სპონტანური ცეკვითა და სიმღერით შესრულდა. აქტივისტებმა სიმღერებად შეასრულეს ტრამვაის ბარიერებთან დაკავშირებული წერილები, რომლებიც მერიას გაუგზავნეს. რადიო თავისუფლება ესაუბრა მსვლელობის ერთ-ერთ ორგანიზატორსა “Asistence”-ს წევრს, თომაშ მორავეცს, რომელიც მსვლელობის ფორმას ასე ხსნის: “პოლიტიკოსებს თავიანთი ენა და ფორმულირებები აქვთ. ჩვენ საპასუხოდ ხელოვნება გვაქვს. ვცდილობთ ადამიანების გულს, გრძნობებს მივწვდეთ. ბარიერები ხომ მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაში არ გვხვდება, არამედ არამატერიალურ ფორმაშიც, ჩვენს თავებში.”

ისტორიის განმავლობაში ჩაგვრის პროცესში სარკისებური მსგავსებაა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ცვლილება მოხდა ქალებთან და სხვადასხვა ეთნოსებთან დამოკიდებულებაში ბოლო 30 თუ 40 წლის მანძილზე...
საიმონ მაკკიოუნი
“ნორმალურობით უნარშეზღუდულში” შესულ ნამუშევართა ერთობლიობა არ ეხება მხოლოდ უნარშეზღუდულობას. გამოფენა საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტურ და დღემდე ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აქტუალურ საკითხს, კერძოდ იდენტობის თემას ეხება. გამოფენაზე ნაჩვენებ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, “ინსტიტუციონალური ცვლილება: იედლიჩკას ინსტიტუტი”, ერთ-ერთი უნარშეზღუდული ქალი ამბობს: “როდესაც უცხო ადამიანები მიყურებენ, ისინი მხოლოდ იმას ხედავენ რისი გაკეთება არ შემიძლია, მათ არ იციან, რა შემიძლია, რა ვიცი....ადრე ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემგან არავინ არფერს მოელოდა, არც როგორც მოქალაქისგან.” ადამიანის აბსოლუტური განსაზღვრა მისი განსხვავებულობით, მისთვის მყარი იდენტობის მიწებება საზოგადოებაში არის ის, რაც უნარშეზღუდულობის თემას აკავშირების ზოგადად ყველა სახის უმცირესობის თემასთან. გამოფენის ბოლო ნაწილში, კედელზე ირვინგ ზოლას, ამერიკელი აქტივისტისა და მწერლის ციტატა წერია: “როგორც ფერადკანიანები და ქალები, ისე უნარშეზღუდული ადამიანები იბრძვიან მათთვის დარქმეულ სახელების წინააღმდეგ (ნაწილობრივ) იმიტომ, რომ იციან, რომ ყველაზე მძლავრი რამ, რაც ადამიანმა ზემდგომი პოზიციიდან შეიძლება გაუკეთოს ქვემდგომ პოზიციაზე მდგომ ადამიანს არის მისთვის სახელის შერჩევა.” “სახელი” ამ შემთხვევაში ფართო ცნებას მოიცავს და გულისხმობს სხვადასხვა წინასწარ განსაზღვრულ მოლოდინს ამა თუ იმ უმცირესობის წარმომადგენლის ქცევისა თუ პიროვნების მიმართ. თუმცა გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი არტისტი, საიმონ მაკკიოუნი უნარშეზღუდულების სხვა უმცრისეობებისგან განსხვავებას ხედავს:

“ისტორიის განმავლობაში ჩაგვრის პროცესში სარკისებური მსგავსებაა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ცვლილება მოხდა ქალებთან და სხვადასხვა ეთნოსებთან დამოკიდებულებაში ბოლო 30 თუ 40 წლის მანძილზე. ამ მხრივ, ბევრი თვალსაზრისით, უნარშეზღუდული ადამიანები კვლავ ძალიან ჩამორჩებიან. დიზაინერები ჯერ კიდევ არ ქმნიან მისაწვდომობას დაგეგმვისას. არადა, უკვე 2013 წელია.”

ვისი პასუხისმგებლობაა უმცირესობათა, ამ შემთხვევაში, უნარშეზღუდულთა ხილვადობა და მათი გაძლიერება ? თავად უმცირესობების, მთავრობის, თუ ვინმე სხვის? იაროსლავ ანდელი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. მისი თქმით, “ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ მთავრობის პრობლემაა. ამასთან, ჩვენ ყველას რაღაც სახის უნარშეზღუდულობა გვაქვს. ყველაფერი ფარდობითია.” ხელოვანებსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ. მაკკიოუნი პროცესს ორ ნაწილად ჰყოფს: “მგონია, რომ ორი რაღაცის კომბინაციაა საჭირო: ერთი, თანაბარი უფლებებისთვის აქტიური ბრძოლა და მეორე, იმის დანახება, რომ უნარშეზღუდულობა არსებობს, ის ლამაზია, ყევლგანაა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. უნარშეზღუდულობა არ უნდა იყოს წარმოსახული როგორც რაღაც ეგზოტიკური ან განსხვავებული.”

მოამზადა ანა ლომთაძემ
XS
SM
MD
LG