Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიფერენცირებული პაკეტები სადაზღვევო სისტემაში


დღეიდან, 1 მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. შესაბამისად, დაზღვევის პოტენციური მიმღები პირები 5 ჯგუფში გაერთიანდნენ, მონაცემებისა და დაფინანსებით სარგებლობის პირობების მიხედვით. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლებით. სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებიც დაუფინანსდებათ.

გადმოწერა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ეგრეთ წოდებული მესამე ეტაპი, რომელიც 2017 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, მოქალაქეებს ერთმანეთისგან ქონებრივი მდგომარეობისა და შემოსავლების მიხედვით განასხვავებს, შესაბამისად კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ კერძო კომპანიებში დაზღვეული, შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე, პირები, ანუ ის მოქალაქეები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, თუმცა, ისევე როგორც საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებს, მათაც უნარჩუნდებათ მშობიარობის დაფინანსებისა და ისეთი სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლება, როგორიცაა C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, დიაბეტის მართვა და სხვა. ეგრეთ წოდებული მაღალი შემოსავლების მქონე ეს პირები, პირობითად, მოქალაქეთა მეხუთე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებსა და მათ პრივილეგიებს: პირველი კატეგორია აერთიანებს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და შშმ პირებს. ამ ჯგუფს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდება და არ ეზღუდება დამატებითი კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. მეორე კატეგორია, რომელიც 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს მოიცავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით ისარგებლებს. დამატებითი კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლებას ისინიც ინარჩუნებენ. ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე, თვითდასაქმებული და არალეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები მესამე ჯგუფში იგულისხმებიან. ისინი დაზღვევის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ, კერძო დაზღვევის შემთხვევაში კი გადაუდებელი სერვისების დაფინანსებასაც მიიღებენ. მომდევნო, მეოთხე, კატეგორიაში ის ბენეფიციარები ერთიანდებიან, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება. ამ ჯგუფში მოქცეული პირები სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით, ან კერძო პაკეტით, მაგრამ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა და მართვა მათთვის ხელმისაწვდომი რჩება.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შეეძლებათ, ნომერზე 1505.მინისტრი ვარაუდობს, რომ შეკითხვების რაოდენობა პირველ დღეებში ბევრი იქნება, ერთ-ერთ მთავარ სიახლეს კი, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეთა ერთი ნაწილის დაფინანსებას შეეხება, თავად შემდეგნაირად განმარტავს:

“ეს პრივილეგია გავრცელდება 0-დან 100 000 ქულამდე მქონე მოქალაქეებზე და მათ დაეფარებათ 5 ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები. ეს არის მაღალი არტერიული წნევა, ეს არის გულის უკმარისობა, კორონალური სისხლძარღვების დაავადება. შემდეგი ჯგუფი - ეს არის დიაბეტის მეორე ტიპი. შემდეგი ჯგუფი - ეს არის ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, და შემდეგი - ეს არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ეს არის ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებები და რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში მაქსიმუმ ერთი ლარის ოდენობის“.

პრობლემა დღევანდელ ცვლილებებთან არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი, ან თვითდასაქმებულია იმ პირობებში, როდესაც ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა და როდესაც თვითონ დაზღვევის კერძო პაკეტები ძალიან გაძვირებულია, ასეთ პირობებში მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯანდაცვის პაკეტების გაუარესებას და შეზღუდვას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი უკუეფექტი...
ზურაბ ჭიაბერაშვილი

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, ცალკეულ ქრონიკულ დაავადებებზე დაზღვეულთა ერთი ნაწილისთვის მედიკამენტების სიმბოლურ ფასად გაყიდვა ახალი სახელმწიფო პროგრამაა და იგი ხანგრძლივი იქნება. დავით სერგეენკოს თანახმად, უფასო მედიკამენტებით ისარგებლებს, დაახლოებით, 150 000-დან 200 000-მდე ადამიანი. არადა, სამიზნე პოპულაცია, მისივე განმარტებით, 600 000 ადამიანია. მათგან, მინისტრის ვარაუდით, ქრონიკული დაავადება 200 000-ზე მეტს არ ექნება. ასეთი ვარაუდები სამედიცინო სფეროს ექსპერტ სერგო ჩიხლაძეს აფიქრებინებს, რომ პროგრამა საფუძვლიან გათვლებს არ ეფუძნება და არაერთ კითხვას ბადებს:

“პირველ რიგში უნდა გარკვეულიყო, ზუსტად რამდენ ადამიანს სჭირდება და მერე უნდა განაცხადო და დაგეგმო. ჩვენთან პირიქით ხდება: ჯერ თქვეს, რომ 3, 5 მილიონი გამოიყოფა, მერე თქვეს - 5 მილიონი წლის ბოლომდე, მერე ისევ - 3, 5 მილიონი. თავიდან თქვეს, რომ პირდაპირი ბენეფიციარი იქნებოდა 600 000 კაცი და შეიყვანეს ამაში სოციალურად დაუცველები და პენსიონერები. შემდეგ პენსიონერები ამოიღეს და თქვეს, რომ არა, მარტო სოციალურად დაუცველები იქნებიან. ანუ ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არ გაქვს დაანგარიშებული“.

როგორც სერგო ჩიხლაძემაც აღნიშნა, წამლის სუბსიდირების პროგრამა, დაპირების მიუხედავად, არ გავრცელდა პენსიონერებზე, გარდა მათი, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და 100 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვს. წამლის სუბსიდირების პროგრამაზე დაკვირვებას, თავის მხრივ, აპირებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მას, პროგრამის ეფექტურობასთან ერთად, აინტერესებს ისიც, როგორ შეიძლება 3,5 მილიონი ლარის ბიუჯეტით თუნდაც 200 000 ადამიანი უზრუნველყო მაშინ, როდესაც წამლები 6-7 ლარზე ნაკლები ძირითადად არ ღირს. სადაზღვევო სისტემის მიზნობრივ პრინციპებზე გადაყვანას კი იგი მიესალმება, თუმცა ხარვეზებსაც ამჩნევს და საგანგებოდ გამოყოფს ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელსაც 1000 ლარამდე აქვს შემოსავალი:

“პრობლემა დღევანდელ ცვლილებებთან არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი, ან თვითდასაქმებულია იმ პირობებში, როდესაც ცხოვრება მნიშვნელოვნად გაძვირდა და როდესაც თვითონ დაზღვევის კერძო პაკეტები ძალიან გაძვირებულია, ასეთ პირობებში მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჯანდაცვის პაკეტების გაუარესებას და შეზღუდვას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი უკუეფექტი. ვგულისხმობ კონკრეტულად იმ კატეგორიას, რომლის შემოსავალი არის 1000 ლარზე ნაკლები“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ მიზნობრიობის შემოღებასთან ერთად შესაცვლელია პროგრამის ადმინისტრირების მოდელიც.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს. პროგრამაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო დაზღვევით სარგებლობდა კერძო დაზღვევის მფლობელი 535 000 მოქალაქე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტების სისტემის ამოქმედებით მთავრობა მიზნობრივი სერვისების გაუმჯობესებას გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდვა კი, მთლიანობაში, მოსახლეობის 7 %-ს შეეხო.

XS
SM
MD
LG