Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოგრაფიული წონასწორობა ბიჭების სასარგებლოდ


საქართველოში ალაპარაკდნენ აბორტზე, იმაზე, უნდა აიკრძალოს თუ არა ის. ზოგი მას მკვლელობად მიიჩნევს, ზოგი - ქალის უფლებად. აბორტის ერთ-ერთი ფორმაა სელექციური აბორტი, რომელიც ბოლო ხანებში მთელ სამხრეთ კავკასიაში გავრცელდა, მათ შორის - საქართველოში.

სქესთა შორის ბუნებრივი პროპორცია მაშინ მიიღწევა, როცა 105 ბიჭზე 100 გოგო მოდის. გოგონებისა და ბიჭების გაჩენის ეს ბალანსი სრულიად დარღვეულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში, იქ 130-140 ბიჭზე მხოლოდ ასი გოგონა მოდის.

შეიძლება გაგიგონიათ, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დედა იტყოდა, სამი შვილი მყავს და ორი გოგოო. შვილი უფრო ვაჟი იყო, ვიდრე გოგონა. ვაჟიშვილი პროდუქციის მწარმოებელი იყო, მუშახელი, ქალიშვილი კი - ხარჯის მომტანი. ასე იყო ეს აღმოსავლეთში, შეიძლება ოდესღაც - დასავლეთშიც. ჩვენი კორესპონდენტი, რობერტ კოლსონი, ელაპარაკა მარა ჰვისტენდალს, ჟურნალ „საიენსის“ კორესპონდენტს ჩინეთში, ქვეყანაში, სადაც ეს პრობლემა უკვე მოძველებულია. მარა ჰვისტენდალი ავტორია წიგნისა „არაბუნებრივი სელექცია: უპირატესობა ბიჭებს, გოგონებთან შედარებით, და კაცებით სავსე მსოფლიო“. ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ის განმარტავს თავისი წიგნის სათაურში გამოტანილ ორ სიტყვას: „არაბუნებრივი სელექცია“:

„ ‘არაბუნებრივი სელექცია’ ფრაზაა, რომელიც გამოვიყენე იმ 100 მილიონზე მეტი გოგონას აღსანიშნავად, რომლებიც სამყაროს მოსახლეობამ სექსუალური სელექციის, პირველ რიგში, სექსუალურ სელექციაზე დამყარებული აბორტების გზით დაკარგა. ეს მაშინ ხდება, როცა ორსული ქალი მიდის ექიმთან, იტარებს გამოკვლევას ნაყოფის სქესის დადგენის მიზნით და თუ გაირკვა, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა, იკეთებს აბორტს“.

ჰვისტენდალი დასძენს, რომ ეს ფენომენი უკავშირდება შობადობის დაქვეითებას, რაც სწორედ კავკასიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში შეინიშნება. მისი დაკვირვებით, ადრე, როცა ქალებს ოთხი ან ხუთი შვილი ჰყავდათ, ბევრად დიდი იყო შანსი, რომ მათ შორის ვაჟიც გამორეულიყო. აუცილებელიც არ იყო საგანგებო ზომების მიღება ვაჟის გასაჩენად. ახლა, როცა ქალი მხოლოდ ორ შვილს აჩენს და ვაჟი აუცილებელია, გახშირდა სელექციური აბორტები, ანუ გააჩნია ნაყოფის სქესს: თუ გოგოა, დედები მას იშორებენ. ამ საქმეში მედიცინას და დედებს ტექნიკა, ულტრაბგერით გამოკვლევა, ორსულობისას ნაყოფის სქესის დადგენა ეხმარება. ჰვისტენდალი გვიამბობს, რომ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში განვითარებადი ქვეყნების - ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ასევე ტაივანის - ქალაქებში ულტრაბგერის აპარატი გავრცელდა. ამავე დროს, დაეცა შობადობის მაჩვენებელი. და სწორედ მაშინ სელექციური აბორტების გავრცელებას თან ახლდა ულტრაბგერის აპარატის აქტიურად გამოყენება. მოგვიანებით ამ სენმა კავკასიაშიც იჩინა თავი:

სელექციური აბორტები, პირველ რიგში, ვრცელდება ურბანულ არეალებში. ეს სწრაფად განვითარებად ქვეყნებში ხდება და არა უღარიბეს სახელმწიფოებში...
მარა ჰვისტენდალი
„2000-იანი წლების დასაწყისიდან სელექციური აბორტები გავრცელდა კავკასიის ქვეყნებში - საქართველოში, სომხეთში აზერბაიჯანში, ასევე ბალკანეთის ნაწილში. ზოგიერთ ქვეყანაში ძნელია სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, თუმცა ალბანეთმა სელექციური აბორტების დოკუმენტირება დაიწყო. ამ ეტაპზე წინასწარ სქესის დადგენის ტექნოლოგია შორდება ულტრაბგერის მეთოდს და მიდის ნაყოფის სისხლის ანალიზამდე, როცა ორსულობის მეშვიდე თვეში, ანუ ძალიან ადრეულ ეტაპზე, შეიძლება სქესის დადგენა“.

ჩვენი რესპონდენტი ლაპარაკობს იმ ვიტრო განაყოფიერებაზეც, რომლის წინასწარი დიაგნოზიც სქესის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ ეს მეთოდი ჯერჯერობით ძვირი ჯდება. სწორედ ამის გამო ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა თანამოსაუბრეს სელექციური აბორტის სოციალურ მხარეზე, იმაზე, რომ სქესის არჩევაზე მხოლოდ ღარიბები და უსწავლელები არ ფიქრობენ:

„სელექციური აბორტები, პირველ რიგში, ვრცელდება ურბანულ არეალებში. ეს სწრაფად განვითარებად ქვეყნებში ხდება და არა უღარიბეს სახელმწიფოებში. ამიტომ გავრცელდა ის ასე ჩინეთში, ინდოეთში და სხვაგან. ამიტომ ვრცელდება ის ახლა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში. და იქ ვინც პირველი მიმართავს ხოლმე ამ პრაქტიკას, ელიტაა“.

მარა ჰვისტენდალი კავკასიის რეგიონზე გვეუბნება, რომ იქ ამ ტენდენციის გაჩენა, როცა ხელოვნურად გაიზარდა ბიჭების რიცხვი, დემოგრაფებისთვის მოულოდნელი იყო. არავინ ელოდა, რომ ამ არეალში სელექციური აბორტები ისევე გავრცელდებოდა, როგორც აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა ტენდენცია, რომელიც წინ უსწრებდა ამ ორ რეგიონში სელექციური აბორტის გავრცელებას, - შობადობის დაქვეითება და შობისწინა დიაგნოსტიკის ტექნოლოგიების განვითარება, - მსგავსი იყო. ჰვისტენდალი იმასაც გვიამბობს, რომ ხელისუფლება ამ ქვეყნებში თავიდან უარყოფდა სქესის მიხედვით სელექციის ტენდენციას, მაგრამ 2010 წლის შემდეგ, მისი თქმით, ჭირს ამის უარყოფა, იმდენად აშკარაა ტენდენცია. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სელექციური აბორტების თემაზე მსჯელობას აპირებენ, სპეციალისტებთან ერთად. ხუნდაძე აბორტების ხელაღებით აკრძალვას არ ეთანხმება, მაგრამ სელექციური აბორტები მისთვის მიუღებელია, მისი აკრძალვის მომხრეა. მას აქვს სტატისტიკაც ხელთ და გვითხრა, რომ საერთო რაოდენობის 30 პროცენტი სელექციურ აბორტებზე მოდის. თუ რატომ არ უნდა აიკრძალოს აბორტები „ხელაღებით,“ ამაზე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შედეგად შეიძლება არარეგისტრირებული აბორტების რიცხვი და, შესაბამისად, სიკვდილიანობაც გაიზარდოს. მარა ჰვისტენდალის თქმით, მოქმედება მართლაც საჭიროა, რადგან ბიჭების რაოდენობის ზრდას მოსდევს სოციალური პრობლემები - კაცებს უჭირთ დაქორწინება და სხვა ქვეყნებში მიდიან სატრფოს საძებნელად; იმატებს ტრეფიკინგი, პროსტიტუცია; ზოგადად, ამ ყველაფერს მოჰყვება არასტაბილურობის საფრთხე. სქესობრივი ნიშნით სელექციის ფესვებთან ბრძოლა იოლი არაა. ამ თემაზე წიგნის ავტორი თითქოს რჩევას იძლევა - ამბობს, საჭიროა ყურადღება მიექცეს ტექნოლოგიის განვითარებას, რადგან თავიდანვე უნდა დავფიქრდეთ, რას მოგვიტანს დასავლეთში შემუშავებული ეს მეთოდებიო. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება, სარგებლობასთან ერთად, სქესის მიხედვით შობადობის რეგულირებას, სელექციურ აბორტებს უწყობდეს ხელს. ამ სენის მიმართ საერთაშორისო მოქმედებაა საჭირო, გვეუბნება ჟურნალ „საიენსის“ კორესპონდენტი, ავტორი წიგნისა „არაბუნებრივი სელექცია: უპირატესობა ბიჭებს, გოგონებთან შედარებით, და კაცებით სავსე მსოფლიო“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG