Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღალი არტერიული წნევა - დედათა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი საქართველოში


ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში.
ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში.
11 იანვარს სასტუმრო “Holiday Inn”- ში მოეწყო პრეზენტაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავებული გაიდლაინებისა, რომლითაც იხელმძღვანელებენ ორსული ქალების მომსახურებისას საქართველოს ექიმები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია - მაღალი არტერიული წნევა სახელდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ამბობს, დედათა სიკვდილიანობის 40%-ის შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დაუზუსტებელი იყო.
რა ვითარებაა საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით და რას ითვალისწინებს ექიმებისათვის ახლად შემუშავებული წესები?

დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზებზე საუბრისას სამედიცინო ექსპერტები თანხმდებიან, რომ წლების განმავლობაში მთავარი პრობლემა სიკვდილიანობის მიზეზის უცოდინრობა იყო. მწირი ან არაზუსტი იყო გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაც, რომელიც არასოდეს ემთხვეოდა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებს. 11 იანვარს კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების ერთობლივ ღონისძიებაზე ის ძირითადი მიზეზი დაასახელეს, რის გამოც, როგორც ირკვევა, საქართველოში ყველაზე ხშირად იღუპებიან დედები - ეს ორსულობით გამოწვეული მაღალი არტერიული წნევაა. ამ პრობლემის ამსახველი კვლევების სიმცირესა და სტატისტიკის არარსებობაზე ლაპარაკობს თბილისის კარდიოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარე ზურაბ ფაღავა:
ეს გაიდლაინები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ ექიმებისათვის, არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან შეიცავს ზუსტ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ...
ზურაბ ფაღავა

”სათანადო სტატისტიკა არ იყო, არც კვლევები ტარდებოდა, ძალიან ხშირად სიკვდილის მიზეზები იმალებოდა - ასე რომ, არ არის გასაოცარი ის ფაქტი, რომ ინფორმაციის დეფიციტი გვაქვს და სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზები ხშირად არ ვიცოდით. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არ კვეთენ გვამს და ეს არ ეხება მხოლოდ ორსულებს”.

თუმცა ზურაბ ფაღავა, რომელიც, ამავე დროს, ექიმებისათვის შემუშავებული ახალი გაიდლაინების რეცენზენტიც არის, ამბობს, რომ დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სულაც არ არის ორსულობასთნ დაკავშირებული პათოლოგიები:

”ძალიან ხშირად ე.წ. ემბოლიაა სიკვდილის მიზეზი. ამიტომ ეს გაიდლაინები, რომლებიც ჩვენ მოვამზადეთ ექიმებისათვის, არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან შეიცავს ზუსტ რეკომენდაციებს, როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, თუ ორსულს გამოუვლინდება ესა თუ ის დაავადება. ანუ არსი ისაა, რომ თუ, მაგალითად, ქალს აქვს მანკი, მაგრამ ის არ არის ორსული, ეს დაავადება ერთი გზით უნდა მართო, მაგრამ თუ ორსულს აწუხებს ეს დაავადება, იქ უკვე სხვა გზით წასვლაა საჭირო. სწორედ ასეთ დროს ქცევას განსაზღვრავს ეს გაიდლაინები”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ სტატისტიკა ყოველწლიურად ქვეყნდებოდა, მაგრამ მუდამ არსებობდა ასეთი ფაქტების რეგისტრაციის პრობლემა. მისი თქმით, ფაქტებს არასწორად აღრიცხავდნენ, ხდებოდა მსგავსი ფაქტების აღრიცხვა და კლასიფიცირება, რისი ერთ-ერთ მიზეზიც, მარიამ ჯაშის მოსაზრებით, შესაძლოა ორი წლის კლასიფიკაციის ახალ საერთაშორისო სისტემაზე გადასვლაც გამხდარიყო. ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ გაუქმებული დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემსწავლელი კომისია აღადგინა, რომელმაც უნდა შეისწავლოს დედათა და ბავშვთა სიკვდილის გამომწვევი ცალკეული შემთხვევები. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ზოგადი სურათი, საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ასე გამოიყურება:
თუკი სამიზნე ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის არის 7 ბავშვი ყოველ 1000 ცოცხალშობილზე, ჩვენთან ბოლო წლებში ეს რიცხვი მერყეობდა 14-დამ 18-20-ის ფარგლებში ...
მარიამ ჯაში

”ცენტრალური აზიის ქვეყნებზე წინ ვართ, პოსტსაბჭოთა სივრცეში საერთო დონეს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროკავშირის ქვეყნებს”.

თუმცა ტენდენცია დადებითია, ამბობს მარიამ ჯაში. მისი თქმით, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა მცირდება, თუმცა იდეალურ შედეგამდე საქართველო ჯერ ძალიან შორსაა:

”თუკი სამიზნე ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის არის 7 ბავშვი ყოველ 1000 ცოცხალშობილზე, ჩვენთან ბოლო წლებში ეს რიცხვი მერყეობდა 14-დამ 18-20-ის ფარგლებში. დედებს რაც შეეხება, ბოლო მონაცემი იყო 20 გარდაცვლილი ყოველ 100 000 მშობიარეზე, ჩვენი სამიზნე კი არის 12”.

საინტერესოა, რომ საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ ბოლო სტატისტიკური მონაცემები 2010 წელს გამოქვეყნდა. იუნისეფის ჯანდაცვის პროგრამის სპეციალისტი თაკო უგულავა ამბობს, რომ 2011-2012 წლების ოფიციალური სტატისტიკა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ოფიციალური სტატისტიკის დამუშავების გარდა, იუნისეფი ამ პრობლემას თავადაც იკვლევს და შემაჯამებელ ანგარიშს გამოკვლევის სახით ხუთ წელში ერთხელ გამოსცემს ხოლმე. თუმცა, როგორც წესი, ბოლო წლებამდე მათ გამოკვლევებში ასახული ციფრები რადიკალურად განსხვავდებოდა ხოლმე ოფიციალური მონაცემებისგან. ბოლო დროს, თაკო უგულავას თქმით, ასეთი აცდენა რიცხვებში აღარ შეიმჩნევა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც UNICEF-მა სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა, მნიშვნელოვნად იკლო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ფაქტებმა: 41.6 შემთხვევა ყოველ 1,000 ცოცხლად შობილზე - 1999 წელს, 21.1 შემთხვევა - 2005 წელს და 14.1 შემთხვევა - 2010 წელს. იგივე ტენდენციაა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვილიანობის კუთხითაც.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG