Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს


საქართველომ დამოუკიდებლობის 26-ე წელი იზეიმა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00

საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში იმართება, მათ შორის - თბილისში, სადაც დედაქალაქის მთავარ პროსპექტზე ასობით ადამიანმა მოიყარა თავი. წელს, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავთან დაკავშირებით, დამოუკიდებლობის დღის ლოზუნგია „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“. სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად, წელს დამოუკიდებლობის დღის აქტივობებზე მყოფი ადამიანები ნაწილობრივ „ვეფხისტყაოსნის“ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ.

გადმოწერა

ვიქტორინა „ვეფხისტყაოსნიდან“, ქუჩის არტი „ვეფხისტყაოსნიდან“, ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით აქსესუარების გაყიდვა, ქაჯეთის ციხის კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე; მიჯნურთა, რაინდობისა და მეგობრობის ხეივანი; „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკის წარმოდგენა იშვიათი სახეობის მცენარეებით და სხვა. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელთა ნახვა და რომელში მონაწილეობაც შეეძლოთ ქალაქის მთავარ პროსპექტზე მოსეირნე ადამიანებს.

დამოუკიდებლობის დღის მთავარი ოფიციალური მოვლენა კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონია იყო. ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დადო. საქართველოს მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქვეყანამ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მართლაც, შეძლო, მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია.

დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო...
გიორგი კვირიკაშვილი

“თავისუფლება ძნელად არის მოსაპოვებელი, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, სხვა საქართველოს მოქალაქის უფლებების აღიარებაშია. არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს. ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე, დღეს ვის მოუგეთ ან ვისზე უფრო ძლიერები ხართ. იფიქრეთ იმის თაობაზე, დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი, ასე შეუქმნიათ ჩვენი საქართველო ჩვენს წინაპრებს“, თქვა ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიაზე გიორგი მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს თავის მონაპოვარს:

“დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსათვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო“.

ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დედაქალაქის მთავარ მოედანზე მისულ ადამიანებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“, თვითმავალი ჰაუბიცა DANA, მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა „დიდგორი-3“ და სხვა.

ტრადიციულად, დამოუკიდებლობის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად მოქალაქეები ქუჩაში წელსაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გავიდნენ, უმრავლესობა - შვილებით, ბავშვებით. ჟუკა ხუციშვილის სამი პატარისთვის 2017 წლის 26 მაისი პირველი დამოუკიდებლობის დღეა:

“ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მინდა, რომ ჩემმა პატარებმა გაიზიარონ ეს ყველა სიხარული მთელი მოსახლეობის. პირველი დამოუკიდებლობის დღეა ამათთვის და მინდა, რომ მთელი ცხოვრება სულ ბედნიერად და გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროთ“.

რუსთაველის პროსპექტზე მეგობართან ერთად სეირნობდა ლამია ჩაბანოვა:

“მე აზერბაიჯანელი ვარ, მაგრამ მეც აღვნიშნავ, რა თქმა უნდა. საქართველოს მოქალაქე ვარ და გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას“.

ლამიასა და მის დარად მოზეიმე ადამიანებისთვის ღია იყო - ასაკის, სურვილისა და გემოვნების შესაბამისად - მათთვის საინტერესო სტენდები და პავილიონები. კერძოდ, კონცერტების, სპორტული და გასართობი ღონისძიებების გარდა, მათ შეეძლოთ შეეძინათ 80-მდე მეწარმის, ასევე კოოპერატივების პროდუქცია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ემოგზაურათ ვირტუალური რეალობის სათვალეებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, გაეცოცხლებინათ ძველი ქართული სამზარეულოს დაკარგული რეცეპტები, ტექნოპარკის სივრცეში გაეცნოთ სტარტაპერები და სხვ. მათ ყველას დამოუკიდებლობის დღესთან ერთად „ვეფხისტყაოსანი“ და შოთა რუსთაველიც აერთიანებდათ:

„ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი რუსთაველზე და ერთ-ერთი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის სიყვარულის ხეივანი, სადაც წყვილებს, ცოლ-ქმრებს შეუძლიათ მოვიდნენ და სიმბოლურად ხელი მოაწერონ, რასაც ადასტურებს შოთა რუსთაველი, მათ სიყვარულს ადასტურებს“, გვითხრა მსახიობმა გიორგი ალანიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და რუსთაველის 850-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა გურამ ახალაიას კერძო კოლექციაში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები, თითქმის სრული კოლექცია, რომელიც 450-ზე მეტ სხვადასხვა გამოცემას მოიცავს, მათ შორის, ქართულ გამოცემებს - 1712 წლიდან დღემდე, მთლიანად - და პოემის თარგმანებს 51 ენაზე:

“ეს დაიწყო რუსთაველის 800 წლისთავის იუბილეზე. სკოლის მოსწავლე ვიყავი და მაჩუქეს „ვეფხისტყაოსანი.“ ღონისძიება იყო და 200 აფორიზმი ზეპირად უნდა მეთქვა. იქიდან დაიწყო და მოდის და მოდის. ქართულის მასწავლებელმა მთხოვა, რომ შემეძინა, რაც კარგი იქნებოდა და ასე შეგროვდა ნელ-ნელა“, გვითხრა გურამ ახალაიამ, რომლის კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი ეგზემპლარია 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემა.

ეროვნულ მუზეუმში კი, ზოგადად, „ვეფხისტყაოსნის“კოლექციის გამოფენა საგანგებოდ დაამთხვიეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 26 მაისი ითვლება. ამ დღეს, 1918 წელს, დამოუკიდებლობა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG