Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბა ჩხოროწყუ ქალაქის სტატუსს ითხოვს


ჩხოროწყუ
ჩხოროწყუ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარწმუნებული არიან, რომ ჩხოროწყუს, რომელიც დაბის სტატუსს ატარებს, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ მთავრობა ქალაქის სტატუსს მიანიჭებს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინიციატივის ოფიციალურად წარდგენისთვის საჭირო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. როგორც გამგეობაში აცხადებენ, კანონმდებლობა მოითხოვს, მსგავსი ინიციატივისას დაფიქსირდეს მოსახლეობის აზრი და მასთან კონსულტაციები გაიმართოს, რაც უკვე გააკეთა გამგებელმა.

ამასთან, დაიწყო მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებაც. გამგებელ დათო გოგუას განცხადებით, მოთხოვნაა მხოლოდ ქალაქის სტატუსის მინიჭება და აქ ლაპარაკი არ არის თვითმმართველ ქალაქზე.

დაბა ჩხოროწყუ ქალაქის სტატუსს ითხოვს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00
გადმოწერა

„დაბა ჩხოროწყუ აკმაყოფილებს ყველა საჭირო ნორმას, ანუ 5 000 მოქალაქეზე მეტი უნდა ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს კულტურული ცენტრები, სპორტული ცენტრები და ა. შ. ამ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა ქალაქის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ჩხოროწყუ ყველას აკმაყოფილებს“, - განაცხადა დათო გოგუამ.

მისი მოადგილის, ვალერი თოდუას, განცხადებით, ქალაქის სტატუსის მინიჭებაზე ლაპარაკი მათ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით დაიწყეს. მისი თქმით, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო ამაზე საუბარი, თუმცა მაშინ ქალაქის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მოსახლეს 1400 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება უმცირდებოდა 600-მდე, რაც მიუღებელი იყო მოსახლეობისთვის. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ კუთხით დღეს არანაირი წინააღმდეგობები არ არსებობს.

„დიდი მუშაობა არის გაწეული იმისთვის, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა მასალა მომზადდეს. ესენი მომზადებულია, ნაწილი ამ მასალებისა მზადდება. ეს ყველაფერი წარედგინება საკრებულოს“.

დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი ოფიციალურად გამგეობაში შექმნილმა მრჩეველთა საბჭომ დააყენა. ისინი ფიქრობენ, რომ ჩხოროწყუ სამეგრელოს რეგიონში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ჯერ კიდევ დაბის სტატუსი აქვს, რაც უნდა შეიცვალოს. ამ პოზიციას მოქალაქეთა ნაწილი იზიარებს:

„კარგია, რაიმე ცუდი შედეგები თუ არ მოჰყვა. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქის სტატუსის მინიჭებას სხვა კალკულაცია სჭირდება, სხვა გადასახადები და სხვა რეალობა მოჰყვება. ქალაქის წოდება რომ ჰქონდეს, ამაში ცუდი არაფერია, ოღონდ ხალხი არ უნდა დაიჩაგროს“;

„მიენიჭოს, რა არის ამაში ცუდი? მე მივესალმები“;

„მივესალმები, რატომაც არა! რა არის ამაში ცუდი? პირიქით, მეტი ყურადღება მიექცევა და კარგია წინსვლისთვის“;

„მე მაინტერესებს, ქალაქის სტატუსი რომ მიენიჭება, ეს რას ნიშნავს. მარტო სტატუსი მე არ მაკმაყოფილებს, შედეგი რა იქნება, საით მიდის, კიდევ რა გზაა გასავლელი, ამით რა უპირატესობა მოგვენიჭება, ეს არის მთავარი“, - აცხადებენ რესპონდენტები.

მოქალაქეთა ხელმოწერები სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, მას შემდეგ, რაც ჩხოროწყუს საკრებულო უახლოეს სხდომაზე თანხმობას მისცემს, გაიგზავნება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც, თავის მხრივ, განხილვის შემდეგ მას მთავრობას გადასცემს. საბოლოო გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი, მთავრობამ უნდა მიიღოს.

XS
SM
MD
LG