ლია უკლებას ნახატს, რომელიც საფეთქელზე პისტოლეტმიბჯენილ ღვთისმშობელს ასახავს, ერთი ნაკლი აქვს: ტილოს ფონი არ უნდა დარჩენილიყო ცარიელი. ღვთისმშობლის ფონად, მის გარშემო, დატანებული უნდა ყოფილიყო ყველა ის საგანი თუ ფიგურა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის ფარგლებში გამოფენილ მის და სხვათა დანარჩენ ფერწერულ თუ ფოტოგრაფიულ ნამუშევრებზეა გამოსახული. კერძოდ: საქართველოს ინდუსტრიულ ცენტრებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა; ყოველგვარ სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას მოკლებული - ქართველი თუ უცხოელი - ინვესტორის ხელში ჩავარდნილი, ფაქტობრივად, მონობაში მიყიდული მშრომელები; საკერავი მანქანა და თავადაც მანქანად ქცეული მკერავი ქალი, რომელიც მიზერული ხელფასის, არაადამიანურად გაზრდილი სამუშაო დროისა და ჯანმრთელობის შერყევის ფასად არჩენს საკუთარ თავსა და ოჯახს. ანუ ყველა და ყველაფერი ის, რაც დღემდე ვერ ახერხებს, ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და შესაბამისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტიტუციები აიძულოს, აღარ დაუშვან, რომ “ეკონომიკური ზრდისათვის“ ხარკად ვიხდიდეთ “დერეგულირებული“ ბიზნესის მიერ დანგრეულ მშრომელთა ფიზიკურ და სულიერ სიმრთელეს. ვიხდიდეთ ხელისუფლება და ყველა ის მოქალაქე, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ბედის შემთხვევითობამ დაგვიფარა, რომ ჭიათურაში, კაზრეთში, ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკაში თუ თუნდაც “იოლსა“ და სხვა სუპერმარკეტებში დასაქმებული ახალგაზრდების მსგავს სავალალო პირობებში არ გვიწევს შრომა და ცხოვრების გალევა.
ღვთისმშობლის ამსახველ ტილოზევე ფონად მთელი ეს ჩაგვრა და გაჭირვება იმიტომ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომ ამ შემთხვევაში, კონფერენცია-გამოფენიდან ერთი კვირის თავზე პოლიტიკური მანიპულაციის მიზნით ვიღაცამ უცებ რომ გადაწყვიტა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოეჩინა და სკანდალის საგნად ექცია ლია უკლებას ერთი ცალი ტილო, ფართო საზოგადოებას აღარ შერჩებოდა მხოლოდ და მხოლოდ თვითმკვლელი ღვთისმშობელი, რომელიც თითქოს ვინმეს გაღიზიანებისა და პოპულარულობის მიღწევის იარაღად იყო ჩაფიქრებული. ვეღარ მოხერხდებოდა იმ პრობლემებისათვის კვლავაც თვალის არიდება, რომლებზე ყურადღების მიქცევასაც ასეთი მძაფრი და საკამათო ფორმით ცდილობს მხატვარი და ვცდილობ ამ ნაწერში მეც, როგორც გამოფენის ორგანიზატორი ინსტიტუტის თანამშრომელი. ძალზედ ნიშანდობლივია, რომ ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად განზრახ უყრუებს მთელი გამოფენის სოციალურ, კრიტიკულ კონტექსტს, სკანდალის სამიზნედ აქცევს სხვადასხვა საერო თუ სასულიერო ჯგუფების მიერ ისედაც ათვალწუნებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და პოლიტიკური მანიპულაციის საგნად იხდის ე.წ. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას“.
“თვითმკვლელი ღვთისმშობელი“, მიუხედავად იმისა, რომ მოდელად აღებული აქვს დირბის ტაძარში აღმოჩენილი ფრესკა, არ არის ხატი, არამედ - გაპრანჭულად რომ ვთქვათ - ხელოვნების მიერ კანონიკური იკონოგრაფიის “ციტირება“ საკუთარ საერო კონტექსტში. ლია უკლება ტაძარში არ შეჭრილა და ფრესკა ან ხატი არ შეურყვნია. ქრისტიანობის ისტორია ქრისტიანული (სახვითი) ხელოვნების ისტორიაცაა და თავად კანონიკური ხატწერის შიგნითვე ყოველთვის იმდენად არაერთმნიშვნელოვანი და ცვალებადი იყო რელიგიური შინაარსის გამოხატვის ფორმები, რომ ძალიან დიდი ფარისევლობა და ქრისტიანული კულტურული კონტექსტის მიზანმიმართული დამახინჯება იქნებოდა უკლებას ამ ერთი ნახატის ჯერარნახულ მკრეხელობად გასაღება.
“შარლი ებდოს“ კარიკატურებთან ანალოგია უადგილოა, რადგან ქრისტიანულისგან სრულიად განსხვავებულია ისლამის თეოლოგიური კონტექსტი და მისი დამოკიდებულება რელიგიური შინაარსების გამოსახვასთან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ, ერთი მხრივ, “შარლი ებდოს“ თანამშრომლების ჩამცხრილავი ტერორისტებისთვის კარიკატურები მხოლოდ ხელსაყრელი პოლიტიკური საბაბი იყო, მეორე მხრივ კი, თავად ეს კარიკატურები ძალაუფლების მქონე ინსტიტუციებსა და ფიგურებს კი არ აშარჟებდა, არამედ ისევ და ისევ საფრანგეთის ყველაზე დაუცველ, მოწყვლად სოციალურ ჯგუფებს - აღმოსავლელ, ისლამის მიმდევარ იმიგრანტებს, რომლებიც ორმაგ, ერთმანეთზე გადაბმულ ჩაგვრას განიცდიან - ეკონომიკურს და კულტურულ-რელიგიურს. ამის საპირისპიროდ, ლია უკლებას ნახატი ცდილობს განსხვავებული, თუნდაც შოკისმომგვრელი სახით წარმოაჩინოს ქრისტიანული რელიგიის ის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, რომელზეც გამუდმებით აპელირებს საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუცია - ეკლესია. აპელირებს ღვთის მშობელ დედაზე და იქვე მოაყოლებს უკიდურესად დამამცირებელ განსჯას ემიგრანტ ქალებზე, სუროგატ დედებსა და მათ “არაბუნებრივ“ შვილებზე, კაცისადმი ქალის უპირობო მორჩილებაზე და ჯიუტად დუმს, როდესაც ქვეყანას ქმრის ძალადობის წინააღმდეგ ამხედრებულ ქალთა მკვლელობების ტალღა მოიცავს.
და როდესაც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ მიუთითებენ, განა თავად არ ახდენენ ე.წ. “ბნელი“ მორწმუნის მითის ტირაჟირებას? მორწმუნე ადამიანი ისე წარმოჩინდება, თითქოს ცხოველი იყოს, რომელიც ბიოლოგიური რეფლექსების დონეზე რეაგირებს გარედან მიღებულ იმპულსებზე, აზროვნება არ შეუძლია და, შესაბამისად, გაღიზიანების ამოფრქვევისგან თავის შეკავებას ისევე ვერ ახერხებს, როგორც რაიმე ჯებირის მიერ შეკავებული ღვარცოფი. და, რა თქმა უნდა, მერე ეს ყველაფერი საზოგადოებაში “დაგროვილ“ ბრაზად ირაცხება, რომელიც, მით უმეტეს ბანდიტის ენაზე მოლაპარაკე ქორეპისკოპოსის პირდაპირი მუქარის შემდეგ, რეალური შანტაჟის სახეს იღებს: ან მოკეტავთ, ან ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვალთ, თან მომხდარზე პასუხისმგებლობასაც მოვიხსნით.
ასობით სტუდენტთან მიწევდა კამათი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსის “შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ სწავლებისას და ყოველთვის უდიდესი სიამოვნებით განვიხილავდი მათთან ერთად ყველაზე აქტუალურ და მწვავე საკითხებს. სწორედ მათთან თავდაუზოგავ დებატებში მივხვდი და დარწმუნებული ვარ, მათაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ადამიანი არ არის ავტომატი, რომელშიც რწმენას, ურწმუნოებას, იდეოლოგიებსა თუ ორიენტაციას ისევე “ჩატვირთავ“, როგორც კომპიუტერში რაიმე პროგრამას ან როგორც ჩაიდანში ჩაასხამ წყალს. აკი “ობიექტივის“ ჟურნალისტიც, ნახატის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ სტუდენტებს შორის გამოკითხვას რომ ატარებდა, ყველაფერს ეცადა, ჟურნალისტური ნეიტრალურობის ყველანაირი ზომა დაარღვია, ლამის სულში ჩაუძვრა მის მიერ ენის მოჩლექით “ბავშვებად“ მოხსენიებულ ზრდასრულ, სრულფასოვან ადამიანებს, რათა მათგან სასურველი პასუხი მიეღო. მაგრამ რატომღაც “ბავშვების“ უმეტესობის რეაქციები სულ სხვანაირი იყო - “არ მინახავს“, “ვნახე, მაგრამ ვერაფერი აღმაშფოთებელი ვერ შევნიშნე“, “ვნახე და არ მომეწონა, მაგრამ ვისაც რა უნდა, ის დაუხატია“. არადა, დარწმუნებული ვარ, მათი უმეტესობა მორწმუნეა, როგორც ის სტუდენტები, ლექციაზე რომ მისმენდნენ და ვუსმენდი. ვის ვის და “ობიექტივს“ არ შეეშლებოდა რადიკალურად დამგმობი რეაქციების ჩვენებაც, ასეთი რომ შეხვედროდა. მოკლედ, ეს ყოველივე აშკარად ბევრად უკეთესი მხრიდან წარმოაჩენს “მორწმუნეს“, რომლის “გრძნობებზეც“ გამუდმებით ხდება აპელირება პოლიტიკური მანიპულაციისა და საჯარო სივრცეზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით.
მაგრამ რა პასუხს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც მართლა შეურაცხყოფად მიიღო “თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ გამოსახულება? მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვუთხრა: დასვით კითხვა, თუ რატომ მოუნდა ვინმეს ასეთი რამის დახატვა და გამოფენა. შეხედეთ დანარჩენ ნახატებსა და ფოტოებს - საკერავ მანქანას და მანქანად ქცეულ დაქანცულ ქალს, მონური შრომისგან გამოფიტულ მუშებს, ნაწლავებგამოშიგნულ ცოლებს, დაბინძურებისგან ჩამპალ მდინარეებს. ეგებ სწორედ ისეთი რამ, რაც ყველაზე დიდ ღვთისგმობად გეჩვენებათ, იყო საჭირო, რათა ბოლოს და ბოლოს ყურადღება მიგექციათ საქართველოს სოციალურ კატასტროფაზე.
გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ხაზს გავუსვამ, რომ არავის შეიძლება ჰქონდეს უფლება, ლია უკლებას ან ილიაუნის “პროფესორს“ აუკრძალოს, დახატოს და გამოფინოს პისტოლეტმიბჯენილი ღვთისმშობელი. საჯარო სივრცეში რელიგიამ ვერ უნდა დაუშალოს ხელოვნებას ან მეცნიერებას რაიმეს გამოთქმა და მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს საერო და სასულიერო სფეროები. მაგრამ სწორედ ამ მკაფიო გამიჯნულობის ფარგლებში, ამავდროულად ნურავის ეგონება, რომ სამეცნიერო, სახელოვნებო თუ უბრალოდ ფართო საზოგადოება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მასთან აფილირებულ ჯგუფებს შეატოვებს იმის განსაზღვრასა და გადაწყვეტას, თუ რა არის ქრისტიანობა, და ხმას არ აიმაღლებს დღევანდელი ეკლესიის არათუ უგრძნობლობაზე სოციალური საკითხების მიმართ, არამედ მის მიზანმიმართულად ანტისოციალურ იდეოლოგიაზე.
დღევანდელი ეკლესია მარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იღებს მილიონებს და იმ უშველებელ უძრავ და მოძრავ ქონებას, რასთან დაკავშირებითაც სწორედ ილიას უნივერსიტეტის რექტორმა დასვა ცოტა ხნის წინ მკაფიოდ საკითხი: რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება; ქვეყანაში არსებული სიღატაკის ფონზე სრულიად დაუშვებელია გაუგებარი მიზნობრიობით ამხელა მატერიალური რესურსების გადაცემა ისედაც უმდიდრესი ეკლესიისთვის; ძირეულად გადასახედია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროიდან დაწყებული ურთიერთობის მოდელი, და რომ საერთოდაც საზოგადოება სულ უფრო ნაკლებ შემგუებლურია ეკლესიის უკიდეგანო მომხვეჭელობის მიმართ. რა გასაკვირია, რომ ეკლესიას მსგავსი განცხადება არ ეამა და გადაწყვიტა, “პროფესორები“ დაეშინებინა? საბიუჯეტო მილიონები, კიდევ უფრო მეტი მილიონის ღირებულების ქონების ჩუქება და სიმბოლურ კაპიკებად მიღება, ფუფუნებაში განცხრომა, ყბადაღებული ჯიპები და ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლებული ათასნაირი ბიზნესისა და გარიგებებისგან შემდგარი ამოუძირავი “შავი ბაზარი“ ჯერაც არ არის ყველაფერი. ეკლესიის უმთავრესი დანაშაული ისაა, რომ იგი მიზანმიმართულად და სისტემურად ამართლებს და ამყარებს იმ მჩაგვრელ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგს, რომლის მიხედვითაც, ქალმა მუშტები და ტყვიები უნდა აიტანოს; მუშა ბედს შეეგუოს, ექსპლუატატორის წინააღმდეგ აჯანყების მაგივრად ღმერთს მიანდოს თავისი შვილების ბედი და ციდან მანანას ელოდოს; თავად ეკლესიამ კი ექსპლუატატორებთან სრული თანამოაზრეობითა და თანამზრახველობით აკურთხოს ეს ბიზნესები და გაწეული “სარეკლამო მომსახურებისთვის“ მსუყე ჰონორარებიც ჩაიჯიბოს; სუროგატი დედების მიერ გაჩენილი შვილები უბედურებად და არასრულფასოვნებად გამოცხადდნენ; მუსლიმი ქართველი ოჯახის შიმშილით გარდაცვლილ ჩვილს სიკვდილიც დაემადლოს; ემიგრანტი ქალები კიდევ, ოჯახის გადასარჩენად რომ გადახვეწილან საზღვარგარეთ ყველაზე მძიმე და დამამცირებელ პირობებში სამუშაოდ, “უწესოებად“ შეირაცხონ, თითქოს პირადი ხუშტურების გამო ტოვებდნენ ქმარ-შვილს; საზღვარგარეთ თუ საქართველოში დატეხილ სტიქიურ უბედურებებს და ჩამოცვენილ ბომბებს ღვთის მოვლენილი სასჯელი დაერქვას; ციხეში წამების სისტემური პრაქტიკა არ გასაჯაროვდეს, რადგან თურმე სირცხვილია.
მორწმუნე ადამიანი არ არის ბრმა და ცხოველივით რეფლექსური, როგორც ეკლესია გვაშინებს მისით. სამაგიეროდ დღევანდელი ეკლესიაა სრული სოციალური სიბრმავით დაავადებული და, სიმაძღრისგან თვალდაბნელებული, იმდენად არის აცდენილი რეალობას, რომ შეიძლება მართლაც გულწრფელად ჰგონია, ქართველი ქალები კაპრიზების გამო ტოვებენ სამშობლოს და საქართველოში მიწათმოქმედებით შეძლებენ თავის გატანას ან სხვა სტაბილური სამუშაოს შოვნას. თურმე შრომას გადავჩვეულვართ. ახალგაზრდებს ჰკითხონ, სამუშაო რომ ნაპოვნი აქვთ და “არაფერს თაკილობენ“, სუპერმარკეტებში რა პირობებში ამუშავებენ, არც ხელფასს რომ უხდიან წესიერად და არც პიროვნული განვითარებისა და განათლებაზე ზრუნვის საშუალებას უტოვებენ. ეკლესია ამ ყველაფერზე ან დუმს, ან დაბეჯითებით ამართლებს, ან ხსნილზე ხიზილალის დაყოლებას სთავაზობს მათ.
არ არის ეს ქრისტიანობა. და თუ შოკი და “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა“ საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ კატეგორიულად დაისვას საკითხი, რომ დღევანდელი ეკლესიის ეკონომიკურ გაუმაძღრობას და ყველაზე დაუცველი სოციალური ჯგუფების იდეოლოგიურ ჩაგვრას ბოლო უნდა მოეღოს, მაშინ მე მივესალმები ასეთ ღვთისგმობას და ლია უკლებას ნახატმაც თავისი ფუნქცია შეასრულა.
ერთი მხრივ, მიუხედავად გამალებული მცდელობისა, ვერ მოხერხდება, არსებული სოციალური კატასტროფით გამოწვეული რადიკალური პროტესტი, რომლის გამოც ტილოზე “თავს იკლავს“ ღვთისმშობელი, პოლიტიკურად მანიპულირებულ კამპანიად იქცეს ერთი კრიტიკული უნივერსიტეტის წინააღმდეგ, რომელიც თავის წიაღში სრულიად განსხვავებულ მიმართულებებსა და შეხედულებებს იტევს. ამის გამო თავში აზრადაც არ მომდის, მთელი უნივერსიტეტის პოზიციად გავასაღო ის, რასაც აქ ვწერ. მეორე მხრივ, არც თავისთავადი ღირებულის რანგში აყვანილი “სიტყვის თავისუფლებისათვის“ ბრძოლის ლიბერალურ ტრუიზმთან უნდა მოხდეს შეჩერება. აქეთ “ნუ შეურაცხყოფთ რელიგიურ გრძნობებს!“, იქით “რასაც მინდა, იმას დავხატავ!“ გასაგებია. მაგრამ რამენაირად გავიდეთ ამ შეპირისპირების მიღმა და გავიგონოთ სწორედ იმათი ხმა, ვის უხილავობაზეც ვცდილობდით, გვემსჯელა ჩვენს პატარა კონფერენციაზე. თუ არადა, ისევ “ბნელი“ და “ბოროტი“ რელიგიისა და “გონებანათელი“ და “კეთილი“ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფუჭ ჭიდილში ჩარჩება ყველაფერი და ისინიც, ვის გამოც ლია უკლებამ ტილოზე ღვთისმშობელს ყველაზე ღვთისმგმობი ჟესტი გააკეთებინა, კვლავაც უხმოდ დარჩებიან.
და ტოტალური ცენზურაც რომ დააწესონ და არათუ მსგავსი ტილოები, არამედ ეკლესიისადმი მიმართული უმცირესი კრიტიკული აზრის გამოხატვაც რომ აკრძალონ, თავად ეკლესიის წარმომადგენელთა ლამის ყოველკვირეული და ერთიმეორეზე უფრო აღმაშფოთებელი ანტისოციალური განცხადებები თავისას იზამს და კიდევ უფრო გააღრმავებს საზოგადოებაში მომძლავრებულ პროტესტის განცდას. უსამართლო სოციალური სისტემის პირისპირ სასოწარკვეთილი ადამიანი უკიდურეს ჟესტს რომ მიმართავს, ბენზინს გადაისხამს და თავს დაიწვავს, ყველას არც ამ სურათის ნახვას ურჩევენ, რათა გრძნობები ზედმეტად არ შეელახოთ. ცენზურის ქვეშ კი მოაქცევ, მაგრამ ვერავინ წაშლის კითხვას: რატომ?