1980 წლის 6 მარტი, როდესაც ნენსი რეიგანი მონაწილეობდა რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში, ალბათ რაღაცით ჰგავდა 2016 წლის 6 მარტს, დღეს, როდესაც ნენსი რეიგანი გარდაიცვალა: 1980 წლის მარტში თეთრი სახლის მობინადრე ინტელექტუალი ჯიმი კარტერი ბოლო თვეებს ითვლიდა საპეზიდენტო რეზიდენციაში. ეკონომიკური კრიზისისგან დაქსაქსული ევროპის, აშშ-ის იზოლაციონისტურად განწყობილი კონგრესის და სუსტი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის ფონზე კრემლი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა: 1977 წელს მოსკოვი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში განალაგებს საშუალო რადიუსის (4000-5000 კმ) ბალისტიკურ რაკეტებს, SS 20-ს. ვაშინგტონიდან უპასუხოდ დარჩენილი მოსკოვი 1979 წლის ბოლოს, უკვე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განალაგებს 135 ცალ SS 20-ს.
ვინაიდან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება (ე.წ. SALT) ეხებოდა მხოლოდ ინტერკონტინენტალურ რაკეტებს (5 500 კმ-ზე მეტი რადიუსისას), მოსკოვი თავს იურიდიულად თავისუფლად თვლიდა, დასავლეთ ევროპისათვის თავს მოეხვია ახალი რეალობა, რაც მიზნად ისახავდა პროპაგანდის და რაკეტების განლაგების საშუალებით დასავლეთის ქვეყნებს შორის სოლიდარობა და თანადგომა დაენგრია. მოსკოვის პროპაგანდას - რომლის მთავარი დევიზი გახდება გერმანელ მწვანეთა პარტიის ლოზუნგი Lieber rot als tot (ჯობს წითელი, ვიდრე მკვდარი) - იმდენად ძლიერი ექო ექნება დასავლეთში, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს აიძულებს, იუმორნარევი პესიმიზმით აღნიშნოს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც „ევრორაკეტები აღმოსავლეთით იყო და პაციფისტები კი - დასავლეთით“.
და აი, ამ მომენტში, 1980 წლის ნოემბერში, აირჩევენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტად რონალდ რეიგანს. რეიგანი პრეზიდენტობის პირველი დღიდან შეეცდება ევროპელი ლიდერების - ჰელმუტ შმიდტის, ჰელმუტ კოლის, მარგარეტ თეტჩერის და ფრანსუა მიტერანის - მობილიზირებას და ამ მიზნით დააყენებს მათ არჩევანის წინაშე: ან ევროპული საზოგადოებრივი აზრი, რომელშიც დომინირებს პაციფიზმი, შეიყვანს ძველ კონტინენტს „უსაფრთხოების“ ახალ სისტემაში, რომელშიც კრემლი იქნება კანონმდებელი, ან კიდევ ევროპას, მიუხედავად მტრულად განწყბილი საზოგადოებრივი აზრისა, მოუწევს თავის ტერიტორიაზე პერშინგების და ფრთოსანი რაკეტების განლაგება, რათა დაანახვოს მოსკოვს, რომ ამერიკული ქოლგა მუდამ დაიცავს დასავლეთ ევროპას წითელი საფრთხისგან.
ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და შეუპოვარი: მოსკოვი გაგრძელებს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე რაკეტების რაოდენობის ზრდას (225 ცალი SS 20 1981-ის დასაწყისში, 333 ცალი SS 20 1982-ის ბოლოს და 378 ცალი SS 20 1984 წლის იანვარში) და ამგვარი შანტაჟით გაზრდის ევროპაში ბზარებს. მაგრამ მოსკოვის მიერ „ფსონების გაორმაგებას“ რეიგანი უპასუხობს „ფსონების გაოთხმაგებით“, რაც გამოიხატებოდა არა მარტო პერშინგების და ფრთოსანი რაკეტების განლაგებით დასავლეთ ევროპაში, არამედ ახალი პროგრამის, „სტრატეგიული თავდაცვითი ინივიატივის“ წამოწყებით, რომელიც 1987 წლის 22 ივლისს აიძულებს გორბაჩოვს, უკან დაიხიოს და უარი თქვას ევროპის ტერიტორიაზე 500 კმ რადიუსზე მეტი რაკეტების განლაგებაზე.
80-იანი წლების ევრორაკეტების ჭიდილი იქნება ცივი ომის ბოლო დაპირისპირება და ამ ბრძოლაში საბჭოთა კავშირის მარცხი იქნება მისი დანგრევის და ევროპის განთავისუფლების დასაწყისი. თუმცა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდება, იმ წუთში რონალდ რეიგანის ამ უდიდეს გამარჯვებას ვერავინ შეაფასებს ჯეროვნად ვერც დასავლეთში და ვერც აღმოსავლეთში: 1987 წლის ივლისის ბოლოს საბჭოთა მოსახლეობის ყურადღება მიპყრობილი ჰქონდათ ყირიმელ თათრებს, რომლებიც წითელ მოედანზე უკვე თვეზე მეტხანს აწყობდნენ მჯდომარე გაფიცვას და უკან ყირიმში დაბრუნების უფლებას ითხოვდნენ (საიდანაც სტალინმა ისინი 1945 წელს გადაასახლა). 1987 წლის ცხელ ზაფხულს დასავლეთ ევროპაში კი მედიის ყურადღება მათიას რუსტს, მარტინა ნავრატილოვას და შტეფი გრაფს ჰქონდათ მონოპოლიზებული...
თუ პირველმა მსოფლიო ომმა (რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, რადგან არცერთ „დიდს“ არ უნდოდა ომი) მეორე სუნთქვა ჩაჰბერა პაციფისტურ მოძრაობას, 1938 წლის მიუნხენის კრიზისი ევროპას დაანახვებს პაციფიზმის შესაძლებლობების ზღვარს. 80-იანი წლების ევრორაკეტების კრიზისი ევროპას მიახვედრებს, რომ მშვიდობისმოყვარეობა აღარ ნიშნავდა პაციფისტობას (საბჭოთა კავშირთან ომს ისედაც არავინ აპირებდა) და რომ დასავლეთს უბრალოდ სჭირდებოდა რეიგანის ტიპის მიზანდასახული და შეუპოვარი ლიდერი. დღეს, როდესაც მოსკოვის მიერ წარმოებული ომი გახდა ჰიბრიდული, იურიდიულ პაციფიზმს კიდევ უფრო უჭირს უკან დაედევნოს კრემლის ბინადართ. ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანს დასავლეთი ამ მორიგი კრიზისიდან.