1679 წელს ედმ ბურსოს მიერ დაწერილი სატირული ნაწარმოები „გალანტი მერკური ან კომედია სათაურის გარეშე“ პირველი პიესაა, რომელიც ჟურნალისტიკას მიეძღვნა. „გალანტი მერკური“ არის ისტორია ერთ არაკითილსინდისიერ ფინანსისტზე, რომელსაც სურს ჟურნალის ყიდვა, რათა მის ფურცლებზე ამ ფინანსისტის პატიოსნება ადიდონ, და ერთ ბურჟუაზე, რომელიც უპრობლემოდ ახერხებს ჟურნალისტის მოსყიდვას.
ეჟენ დუბიფი, ჟურნალისტიკის პირველი ისტორიკოსი, 1892 წელს დაწერილ წიგნში ჟურნალისტებს „ყვითელ ფერს“ აყვედრიდა: „იდაყვებამდე ხელებაკაპიწებულნი, ისინი მღვრიე წყლებში თევზაობენ, რათა სკანდალი ფულად აქციონ. (...) მათ დუმილს ოქროს ფასი აქვს. (...) არაფერი ადამიანური მათთვის უცხო არაა. ისინი, თუ თქვენ ეს ღიმილს მოგგვრით, უკანასკნელი დონ კიხოტები არიან“.
ედმ ბურსოს პიესის დაწერიდან 150 წლის შემდეგ, როდესაც ჟურნალისტი და მწერალი ჟიულ ჟანენი შესჩივლებს ონორე დე ბალზაკს, რომ „დღეს მოდად იქცა აღიარო, რომ ჟურნალისტი მოკლებულია გონებას, ნიჭს, გამბედაობას და მას მხოლოდ სკანდალი აინტერესებს“, „შაგრენის ტყავის“ ავტორი და პარადოქსული ფორმულების მოყვარული ჟურნალისტი მას უპასუხებს: „ოო, ჟურნალისტიკა რომ არ არსებობდეს, საჭირო იქნებოდა მისი არგამოგონება“.
XX საუკუნის მეორე ნახევარში ყველაფერი უკუღმა დატრიალდება - პრესას დააყვედრიან გაყვითლებაზე უარის თქმას: „თქვენ დაგვიმალეთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს უკანონო შვილი ჰყავდა! ფული და რეიტინგი მაინც არ გაინტერესებდათ? რატომ არ წერდით მიტერანის გაორებულ ცხოვრებაზე?!“ - დასჩხავლებენ ფრანგულ პრესას უხამსი ისტორიების მოყვარული ვუაიერისტები.
საინტერესოა, რომელი გზით წავა ჟურნალისტიკა XXI საუკუნეში... აგერ 2018 წლის ზამთარი დაგვატყდა თავს და მე ჯერ კიდევ ვერ გამირკვევია...