ყოველთვის, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის აღმნიშვნელ მორიგ ბანერს აღმართავენ ცხინვალთან გამავალი ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე რომელიმე ქართულ სოფელზე, საქართველოში ნამდვილი კოშმარი იწყება. ოკუპანტების მორიგი თავხედობის, საკუთარი ხელისუფლების უმოქმედობის თუ ამის შედეგად საერთაშორისო საზოგადოების წაყრუების გამო წლების განმავლობაში დაგროვილი ბრაზი და შეურაცხყოფის გრძნობა უეცრად აზვირთდება, დომინოს პრინციპით ერთბაშად შემოუვლის საზოგადოების ყველა ჯგუფსა და ფენას, მძლავრად შეიჭრება საინფორმაციო სივრცეში და მედიასაშუალებებს კარგა ხნით ამყოფებს საგანგებო რეჟიმში. ცხადია, „მეოთხე ხელისუფლებაც“ არ უშვებს ამ შანსს ხელიდან და ვრცელ საეთერო დროს უთმობს „მცოცავი ანექსიის“ მორიგ ფაქტს, არცთუ იშვიათად იმ ექსპერტებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაუსრულებელი ჩართვებით, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც დააკანონა მოსკოვმა დღევანდელი ოკუპაცია, ანუ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი.
მაგრამ დროთა განმავლობაში ემოცია ცხრება და ჩვენც დაღლილები და დაქანცულები ვუბრუნდებით ყოველდღიურ ყოფას, ოღონდ ერთმანეთზე კიდევ უფრო გაბოროტებული და გადამტერებულები. გვიჭირს საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ ასეთი პიარ-აქციები ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა: ოკუპაცია ისევ იქაა, სადაც იყო; არ ისმის საერთაშორისო საზოგადოების ხმა და დუმს საერთაშორისო მედია, რომლისთვისაც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე გაჭიანურებულმა კონფლიქტმაც კი დაკარგა ინტერესი სირიასა და ერაყში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების ფონზე. სულ ბოლოს გაირკვევა ისიც, რომ პატრიოტული შემართებით მოგლეჯილი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ძველ ადგილას დაუბრუნებიათ, ახლა უკვე ორმაგი მავთულხლართებითა და კბილებამდე შეიარაღებული რუსი მესაზღვრეებით, რომლებიც, „პატრიოტთა“ მხრიდან წამოსული გინებისა და შეურაცხყოფისათვის შემდეგ აუცილებლად რომელიმე ბერშუეთელ თუ ახმაჯელ გლეხს აგებინებენ პასუხს!
აბა, რა ვქნათ? როდემდე უნდა ვითმინოთ და ვუყუროთ ასე მშვიდად ოკუპანტების ამ თავგასულობას? გარედან იოლია ლაპარაკი... აბა, ერთი ჩვენ გვკითხე?! - ისმის უამრავი ჩემი თანამემამულის აღშფოთებული შეძახილი. მათი ნაწილი გაუბედაობასა და უმოქმედობაში სდებს ბრალს საქართველოს მთავრობას, რომელიც ძალიან დიპლომატიური ნაბიჯებით სცემს პასუხს საოკუპაციო ძალების მორიგ თვითნებურ მოქმედებას.
არც გაემტყუნება. ახლო წარსულში არა მხოლოდ გაბედული, არამედ თავზეხელაღებული მოქმედების არაერთი მაგალითი ყოფილა. თუმცა ესეც დღემდე დიდ დავას იწვევს საქართველოში, სადაც პატრიოტიზმის სახელით ყოველგვარი ავანტიურის შეფუთვაა შესაძლებელი.
გულახდილად ითქვას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ოკუპირებულ ქვეყანას, ისეთს, როგორიც საქართველოა, რაღაც მომენტში შეუძლია უარი თქვას ე.წ. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე, გამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი შეთანხმებიდან და სამხედრო გზით დაიწყოს მიტაცებული მიწების დაბრუნება, პირველ ეტაპზე, ვთქვათ, ახალგორიდან.
დამერწმუნეთ, არ გავა ერთი საათიც, რომ მთელი საერთაშორისო მედია საქართველოში იქნება და საქართველოს ოკუპაციის საკითხიც მთელი ძალით დაბრუნდება „საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში“. ოღონდ რა იქნება ამის საფასური, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
სხვათა შორის, მახსოვს, ერთ-ერთი მორიგი უკანონო „ბორდერიზაციის“ დროს ეს იდეა თბილისში ერთ ძალიან სერიოზულ შეკრებაზე მყოფ სერიოზულ ექსპერტებს შორისაც დადგა განსახილველად. მათ შორის მრავლად იყვნენ ისეთები, რომლებიც ერთხმად მოუწოდებდნენ და ნაწილი ახლაც მოუწოდებს ხელისუფლებას „უფრო აქტიური ქმედებისკენ“. მახსოვს, რომ ყველამ ხელები გაასავსავა და მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს ერთხმად „სახიფათო“ და „ავანტიურისტული“ უწოდა.
საწყენი ისაა, რომ ასეთი ჭკვიანი ხალხი საჯაროდ, ტელეკამერების წინ, ზოგჯერ ერიდება საუბარს იმაზე, რომ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ განხორციელებულ რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს არა აქვს და არც მომავალში ექნება უფრო მართებული და, საერთაშორისო თვალსაზრისით, უფრო მისაღები პასუხი, დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი, სტრატეგიული მოთმინების გარდა.