Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაოპტიმისტური სამხედრო სწავლება


5 ივნისს თბილისის მახლობლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვაზიანის ბაზაზე, დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო სწავლება, რომელიც 14 ივნისამდე გასტანს. საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, მეზობელი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით საგანგებო დავალებებს შეასრულებენ.

ამ სწავლებაში არაფერი არ არის ისეთი, რაზეც საჯარო საუბარი არ შეიძლებოდეს. ჩემი აზრით, უპრიანიც კია ზოგიერთი რამის დაზუსტება: მაგალითად, რას ნიშნავს და რა სახის საგანგებო დავალებები უნდა შეასრულონ ამ სწავლებაში მონაწილე სამმხრივი სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებმა.

სამხედრო უწყებას მეტი პროაქტიულობა მართებდა კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინებით: ეს სამმხრივი სწავლება დროში დაემთხვა ორ რეზონანსულ საქმეს, რომელიც სწორედ თურქეთსა და აზერბაიჯანს უკავშირდება და რის გამოც დღემდე შფოთავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი.

29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ოჯახთან ერთად ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში. 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპონენტი ჟურნალისტი აზერბაიჯანში იმყოფება, დაკავებულია და წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებები. 31 მაისს, საღამოს, ბაქოში საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და მას კიდევ ერთი ახალი ბრალდება წარედგინა - ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. 31 მაისიდან მოყოლებული, დღემდე თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს ჟურნალისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა. ისინი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. ამ ფაქტს ინტენსიურად ეხმაურებიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „ამნესტი ინტერნეშენალი“ და „ჰიუმან რაიტს ვოჩი“.

აფგან მუხთარლის ადვოკატის, ელჩინ სადიყოვის, თქმით, მუხთარლი ორშაბათ საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

ეს ისტორია ასე დეტალურად იმიტომ გავიხსენე, რომ იგი ძალიან ჰგავს „საგანგებო დავალების“ შესრულებას „სპეციალური ოპერაციების“ ფარგლებში.

კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება საქართველოს მეორე სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელს, თურქეთის ხელისუფლებას, რომელიც შარშანდელი არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ მსოფლიოს ყველა კუთხეში ეძებს გადატრიალების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

6 ივნისს თბილისში გაიმართა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, მხარდამჭერი აქცია. ჩაბუქი, რომელიც 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თურქეთის მხარის მოთხოვნით 24 ივნისს დააკავეს და მას თურქეთში ექსტრადიცია ემუქრება. აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ, ამბობენ, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა და ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ასე აღმოჩნდა საქართველო ორ სკანდალში გახვეული იმის გამო, რომ მისი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო კარგავენ დემოკრატიის ნიშნებს, ხოლო საქართველოს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დღემდე ითვლება ერთგვარ ოაზისად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების - ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის -თვალსაზრისით, არ ძალუძს ან, გარკვეული პოლიტიკური, ფინანსური თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობისა ან ვალდებულებებიდან გამომდინარე, არ სურს წინააღმდეგობა გაუწიოს ანკარისა და ბაქოს ზეწოლას, რომლებსაც ალბათ კიდევ ბევრი ოპონენტი ეგულებათ საქართველოში.

ამ ფონზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციის დანაყოფების ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე უფრო შეშფოთებას იწვევს, ვიდრე ოპტიმიზმს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG