თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 4 დეკემბერს გაიხსნება, როგორც ყოველთვის, წელსაც მრავალფეროვან პროგრამას გვპირდება. ფესტივალის დაწყებისთანავე ხვდები ხოლმე, რომ თავის დროზე თბილისის კინოფორუმის დირექციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ფესტივალის ჩატარება წლის ბოლოს გადაწყვიტა. დეკემბრის დასაწყისში კინოთეატრები „რუსთაველი“ და „ამირანი“, სადაც ფესტივალის საკონკურსო და კონკურსგარეშე ფილმებს უჩვენებენ, უამრავი ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, შეხვედრის ადგილი ხდება. დეკემბრის დასაწყისში კი დედაქალაქის კულტურული ცხოვრება, როგორც წესი, სრულიად მიძინებულია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თბილისი კინოხელოვნებით ცხოვრობს. თუმცა მთავარი ისაა, რომ დეკემბრის დასაწყისში დიდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმოდგენილი ფილმების თბილისური პრემიერებით უკვე შესაძლებელი ხდება 2017 წლის კინოპროდუქციის შეფასება - რომელი ტენდენციები გამოიკვეთა, რა გააკეთეს სახელოვანმა ავტორებმა და ვინ გაგვაოცა ახალგაზრდებს შორის.
მართალია, ჰოლივუდი ტრადიციულად სუსტადაა ხოლმე წარმოდგენილი თბილისის ფესტივალზე (ან საერთოდ არაა წარმოდგენილი), თუ ვაღიარებთ იმას, რომ ამერიკული კინო - ჰოლივუდიც და დამოუკიდებელი რეჟისორებიც - ცალკე პლანეტაა და, როგორც წესი, განსხვავებული კრიტერიუმებით ფასდება, ვიდრე ევროპული თუ აზიური კინო, 2017 წლის მსოფლიო კინოზე შეგვიძლია მსჯელობა ამერიკული კინოს გარეშეც. თბილისის კინოფესტივალზე პრაქტიკულად ყველა ის ფილმია წარმოდგენილი, რომელიც მონაწილეობდა კანისა და ბერლინის ფესტივალების კონკურსში და, ნაწილობრივ, სექტემბერში დასრულებულ ვენეციის ფესტივალზეც.
რა არის აუცილებლად სანახავი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე? დავაწყოთ ბოლოდან, მნიშვნელობის და ხარისხის მიხედვით:
10. კანადური რეტროსპექტივა - კანადური კინო არაა მხოლოდ ქსავიე დოლანი. კანადაში, განსაკუთრებით კი კვებეკში, მუშაობენ სხვადასხვა თაობის რეჟისორები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ კანადური კინოს სახე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში რომ ჩამოყალიბდა - სიახლოვე ამერიკულ ჟანრულ კინოსთან და ამავე დროს, ევროპული „საავტორო კინოს“ ტრადიციები, სოციალური სიმძაფრე. ერთ-ერთი კანადელი რეჟისორი, დენი კოტე, ლოკარნოს ფესტივალის გამარჯვებული, კანადურ პროგრამაში რამდენიმე ფილმითაა წარმოდგენილი. კოტე პირველი პროფესიით კინოკრიტიკოსი და კინოს ისტორიკოსია, მისი სურათები არის უფრო „ფილმები კინოზე“. კვებეკში მას ცოცხალ კლასიკოდ მიიჩნევენ.
9. „კვადრატი“ (რეჟ. რუბენ ესტლუნდი) - ამ სურათის ნახვას გირჩევთ მხოლოდ იმიტომ, რომ კანის წლევანდელი კინოფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა და მის ავტორს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში. ესტლუნდი განსაკუთრებით მოსწონთ მათ, ვინც თანამედროვე სამყაროს ლამის ყველა უბედურებას ლიბერალებს და „ლიბერალურ პოლიტკორექტულობას“ აბრალებს. ამიტომაც მოჰყვა ფილმის პრემიერას აღფრთოვანებული რეცენზიები როგორც „გარდიანში“, ასევე, მაგალითად, „მოსკოვსკი კომსომოლეცში“... „ასავალ-დასავალში“ კანის წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული, როგორც ჩანს, ჯერ არ უნახავთ. რაც შეეხება ხალხს, ვისაც კინო უფრო გვიყვარს, ვიდრე საეჭვო მხატვრული დონის პუბლიცისტიკა, „კვადრატში“ დავინახავთ, როგორ ვერ აწყობს რეჟისორი ისევე, როგორც თავის წინა ფილმებში, გადაღებულ მასალას, როგორ იჭედება ფინალში, როცა უბრალოდ არ იცის, რა მოუხერხოს თავის გმირს და ამბავს, რომელსაც ჰყვება. ერთის მხრივ, სურს თანმიმდევრული დარჩეს და შეუტიოს „წესიერ ევროპას“ ყველაფრით, მათ შორის, „მხატვრული უწესობით“... მეორე მხრივ კი, იცის, რას მოითხოვს მისგან მაყურებელი - თხრობის „ორგანულობას“, მთავარ გმირთან დისტანციის გაქრობას, შინაარსის, აზრის განვითარებას... ესტლუნდს ეს არ უნდა. თან უნდა! ამ მხრივ ცოტათი ჰგავს კიდეც თავის გმირს, ახლახან გახსნილი მუზეუმის კურატორს, რომელსაც ერთ ეპიზოდში, გაღიზიანებული კოლეგა ეტყვის: „აუ, ნუ ხარ რა ასეთი შვედი“.
8. „ჰეპი-ენდი“ (რეჟ. მიხაელ ჰანეკე) - მიზანთროპიაში მიხაელ ჰანეკეს ვერანაირი ესტლუნდი ვერ შეედრება. არის კიდევ ერთი განსხვავება ახალგაზრდა ჰანეკისტებსა და თავად ავსტრიელ მაესტროს შორის - ჰანეკეს შავი იუმორი არასდროს არაა სწორხაზოვანი და კარიკატურული, ატმოსფეროს შექმნისა და დაძაბულობის ზრდის თვალსაზრისით კი კანის ფესტივალის „ოქროს პალმის“ ორგზის ლაურეატს თითქმის აღარ დარჩა ბადალი თანამედროვე კინოში. მიხაელ ჰანეკეს წელს ჰქონდა შანსი, მოეხსნა რეკორდი კანში და „ჰეპი-ენდის“ გამარჯვების შემთხვევაში მესამედ მიეღო „პალმა“, მაგრამ ასე არ გამოვიდა - ფილმი, რომლის პრემიერას რამდენიმე წელია ელოდნენ ჰანეკეს თაყვანისმცემლები, მეტისმეტად კამერული, უფრო სატელევიზიო ფილმის ესთეტიკის აღმოჩნდა. ჰანეკეს დააკლდა მასშტაბი, დააკლდა პროვოკაცია. არავინ გააბრაზა და არც არავის აუჩუყა გული. ავსტრიელი მიზანთროპისგან კი სხვას არაფერს ელოდნენ.
7. „წყლის ფორმა“ ( რეჟ. გილერმო დელ ტორო) - ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზით აღნიშნული ეს ფილმი ჯერ არ მინახავს. „წყლის ფორმა“ აუცილებლად სანახავია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან კარგი პრესა აქვს (თუმცა გილერმო დელ ტოროს წინა ფილმების დიდი თაყვანისმცემელი არა ვარ) და მეორეც - „ადამიანი-ამფიბია“, აი ის ძველი, საბჭოთა ფილმი, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ნათელი მოგონებაა... „წყლის ფორმის“ სიუჟეტი კი ჰგავს „ამფიბიას“. ჰოდა, რატომაც არ უნდა ვნახოთ „ფავნუსის ლაბირინთის“ ავტორის ახალი, ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული მელოდრამა, რომლის თბილისური პრემიერა ამერიკულს ემთხვევა და რომელსაც, როგორც ჩანს, აქვს შანსი „ოსკარის“ მთავარი ნომინანტი გახდეს?
6. „თვინიერი“ (რეჟ. სერგეი ლოზნიცა) - ვფიქრობ, „თვინიერი“ ყველაზე საკამათო ფილმია თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში. ჩემი რჩევაა, ბოლომდე უყუროთ სურათს, სანამ უარყოფითად შეაფასებთ. ხოლო მათ, ვისაც სამართლიანად არ მოეწონება ფილმის მეორე ნაწილში მოულოდნელად გათამაშებული „ფანტასტიკური“ სცენა, ვურჩევ დააფასონ ის, რაც მანამდე წარმოგვიდგინა ლოზნიცამ. თანამედროვე რუსეთი კაფკიანური ხედვით, პუტინის რუსეთი, როგორც კოშმარული სიზმარი ეკრანზე გადაიტანა დოკუმენტალისტმა, რეჟისორმა, რომელსაც თავისი ხელწერა აქვს, რომელსაც რამდენიმე კადრით იცნობ (დამეთანხმებით, ასეთი ბევრი არა გვყავს თანამედროვე კინოში). სულ რომ რუსეთის ზედაპირული, ტენდენციური სურათი წარმოედგინა ლოზნიცას, როგორც ამას ამტკიცებენ ფილმის ოპონენტები, განსაკუთრებით რუსები (საეჭვოა, „თვინიერი“დიდ ეკრანებზე დაუშვას პუტინის ცენზურამ), მხოლოდ ლია ახეჯაკოვას მიერ გენიალურად გათამაშებული ეპიზოდია საკმარისი, რათა ლოზნიცას ფილმი 2017 წლის მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიოთ.
5. „ნამე“ (რეჟ. ზაზა ხალვაში) - ბევრი თქვენგანი, ალბათ, დაელოდება ახალი ქართული ფილმის პრემიერას ტელევიზიით ან იმ დროს, როცა ფილმს „დადებენ“ ინტერნეტქსელში. არ გირჩევთ! ეს მომნუსხველი ფილმი ზემოქმედების ძალას დაკარგავს... და არა მარტო იმიტომ, რომ ეკრანის ფორმატი შემცირდება და „ფრესკული გამოსახულება“ გადაიქცევა უფრო „ინფორმაციად გამოსახულებაზე“. „ნამე“ განკუთვნილია კოლექტიური აღქმისთვის, შეიძლება ითქვას, კოლექტიური მედიტაციისთვისაც კი. ავტორი თითქოს გვთხოვს, დავეხმაროთ და მივაგნოთ საიდუმლოს ზემო აჭარის ერთი ღარიბი სოფლის სილამაზეში. უფრო სწორად, მივაგნოთ ჰარმონიას ამ ზედმიწევნით დეტალურად ასახულ ყოფასა და მითოლოგიას შორის. ჩაბნელებულ კინოდარბაზში კი ძლიერი შუქი (ოპერატორ გიორგი შველიძის შუქი) გვაზიარებს სამყაროსთან, რომელიც იმდენად კინემატოგრაფიულია, რომ ვერც კი მოჰყვები.
4. „120 დარტყმა წუთში“ (რეჟ. რობინ კამპიო) - 90-იანი წლების დასაწყისის საფრანგეთისთვის შიდსის თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. საპროტესტო ჯგუფებმა, რომლებიც იმხანად შეიქმნა, ბევრი რამ გააკეთეს, რათა ხელისუფლებას შიდსის ეპიდემიისთვის ყურადღება მიექცია და აღარ განეხილა როგორც „ჰომოსექსუალების დაავადება”. კამპიო ბრწყინვალედ გამოხატავს პროტესტის ესთეტიკას. დიახ, ის უფრო პროტესტის ფორმის აღდგენას ცდილობს, ვიდრე ეპოქის დეტალებისა. ამ სურათის მთავარი ღირსება ისაა, რომ ავტორი არ ცდილობს შეგვაცოდოს თავისი პერსონაჟები ან გამოხატოს ისინი, როგორც ისტორიის და უსამართლობის მსხვერპლნი. ესაა ნამდვილად სოციალური კინო, დაცლილი დიდაქტიკისგან და, რაც პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყოველგვარი მიზანთროპიისგან.
3. „შემდეგი დღე“ (რეჟ. ჰონ სანსუ) - ნამდვილი ბედნიერებაა კინოს მოყვარულისთვის „კორეელი რომერის“ ყველა ახალი ფილმის ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ ჰონ სანსუ თავისი სტილის ერთგულია ყველა ფილმში - უყვარს ჭარბი დიალოგებით დატვირთული ფილმები, რომლებშიც ტექსტი ნელ-ნელა კარგავს მნიშვნელობას და ადგილს უთმობს გამოსახულების, უფრო სწორად, „მოლაპარაკე ადამიანების“ მიმიკას, ჟესტს... ბოლო დროს ჰონ სანსუ მეტისმეტად იმეორებდა საკუთარ თავს ახალ ფილმებში. გამონაკლისია „შემდეგი დღე“, რომელშიც კორეელმა რეჟისორმა თავისი გასაოცარი იუმორი დაიბრუნა და უკიდურესად დახვეწილი კინოენით გვიამბო სამყაროზე, რომელშიც „არავინაა დახვეწილი“.
2. „მისტერ ლონგი“ ( რეჟ. საბუ) - წელი იწურება და ჩემთვის ჯერ კიდევ თებერვალში, ბერლინის ფესტივალზე ნანახი ეს ფილმი წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად რჩება. ამ დაღლილი და დეზორიენტირებული ევროპული კინოს ფონზე - მით უმეტეს. იაპონელი რეჟისორი სასპენსს აღწევს თავად ჟანრების არევით (სურათის გმირი, პროფესიონალი კილერი, ამავე დროს შესანიშნავი კულინარია), ანუ სურათის მსვლელობის პროცესში მოულოდნელად „შემოიჭრება“ ხოლმე რომელიმე ახალი ჟანრი და მაშინვე შეცვლის ფილმის სტილს - მთელი ფოირვერკი იქმნება კინოხელოვნების ტრადიციული ჟანრებისა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ თითქმის უსიტყვო სურათში საბუ სიყვარულს უხსნის კინოს ისტორიას და პირველ რიგში ჩარლი ჩაპლინს. გარწმუნებთ, სურათის დასრულების შემდეგ თქვენც სიყვარულით სავსენი გამოხვალთ კინოდარბაზიდან.
1. „კინოს მეხსიერება - გერმანული კინო“ - ეს სექცია აუცილებელად სანახავია - აბსოლუტურად ყველა ფილმი, რადგან წელს კინოფესტივალის ამ სექციაში მხოლოდ და მხოლოდ შედევრებია წარმოდგენილი. „დოქტორ კალიგარის კაბინეტისა“ და „ნოსფერატუს“ ფონზე („ცოცხალი“ მუსიკალური გაფორმებით), ვიმ ვენდერსის „პარიზი, ტეხასის“, რაინერ ვერნერ ფასბინდერის, შესაძლებელია, ყველაზე რადიკალური სურათის, „წელიწადი 13 თვით“, ფონზე - ნურავინ მიწყენთ და 2017 წლის მთელი კინოპროდუქცია კინოხელოვნების გადარჩენის საცოდავ მცდელობას ემსგავსება. ჰო, აუცილებლად ნახეთ ამ სექციაში წარმოდგენილი „აღიარება“, კომუნისტური გერმანიის უკანასკნელი შედევრი, რომელშიც ჰაინერ კაროვმა შეინახა დრო, შეინახა გარდასული ეპოქის (და რეჟიმის) ატმოსფერო და გაგვახსენა, რომ არაფერი არ ძველდება კინოში ისე, როგორც პოლიტიკური თუ სოციალური პუბლიცისტიკა და არაფერი არ რჩება ისე დიდხანს, როგორც ფილმი, რომელშიც ავტორი ნდობას უცხადებს სინამდვილეს და ადამიანს.