9 მაისს, ტყიბულის მინდელის სახელობის ქვანახშირის მაღაროში ოთხი მუშა სპეციალური ლიფტის შეკეთების დროს სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, მომხდართან დაკავშირებით საკუთარ ვებსაიტზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დასკვნაში ვკითხულობთ:
„სარემონტო ბრიგადა 6 კაცის შემადგენლობით შახტის ვერტიკალურ გვირაბში (ჭაურში) აწარმოებდა ამწევი დანადგარის - „ბადიას“ ბაგირის შეცვლას... ბაგირის შეცვლის პროცესში, ამწევ დანადგარს საყრდენად ქვეშ შედგმული ჰქონდა რკინის საყრდენი, ე.წ. „ბალკა“. ბაგირის შეცვლის პროცესში, ე.წ."ბალკამ" დაკარგა პოზიცია, რის შედეგადაც ამწევი დანადგარი დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ამწევი დანადგარი „ბადია“ ტექნიკური რეგლამენტის „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ აღჭურვილი უნდა იყოს საბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, დანადაგარს არ გააჩნდა და მის მაგივრად სარემონტო ბრიგადის წევრები იყენებდნენ რკინის „ბალკას“ ამწევი დანადგარის შესაკავებლად. სავარაუდოდ დარღვეული იქნა ტექნიკური რეგლამენტი „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ მუხლი 32, პუნქტი 5.”
მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მომხდარს სპეციალური ჯგუფები გამოიძიებენ. უმრავლესობის ზოგიერთმა დეპუტატმა, მომხდარის უგულებელყოფის ნაცვლად, ღიად გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში შრომითი უსაფრთხოებისა და, ზოგადად, შრომითი პირობების შესახებ. მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ფრაქციიდან „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“, განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას ჯეროვანი შრომითი ინსპექცია, რომელიც შეამოწმებს როგორც უსაფრთხოებას, ისე, ზოგადად, შრომით პირობებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნულმა კომიტეტმა უნდა იმუშაოს შრომითი უფლებების შესახებ რეგულაციების გასაუმჯობესებლად. ცქიტიშვილის თქმით, არსებული შრომითი ინსპექციის დეპარტამენტი თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შრომითი უსაფრთხოების დასაცავად ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი დეპუტატის გარდა, უმრავლესობის ლიდერებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. „ქართული ოცნების“ შიგნით და მთავრობაშიც, სავარაუდოდ, დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს არსებულ სტატუს კვოს და მსხვილი ბიზნესის ინტერესების დამცველად მოიაზრებს თავს. სხვანაირად, ვერ აიხსნება ის, თუ რატომ არ იღებს ხელისუფლება გადამჭრელ ზომებს, მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ზოგიერთ წევრს შესანიშნავად ესმის პრობლემის არსი.
ცალკე აღსანიშნია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომელიც თანხმობაში მოდის იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკასთან, რომელსაც ისინი 2003-2012 წლებში ატარებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ეფექტიანი შრომითი ინსპექციის შექმნა პრობლემას ვერ მოაგვარებს. მან არგუმენტად მოიყვანა მდგომარეობა 1990-იან წლებში, როდესაც შრომითი ინსპექცია არსებობდა, მაგრამ უბედური შემთხვევები ქვეყანამ მაინც ვერ აიცილა თავიდან.
მკითხველს შევახსენებ, რომ შრომის ინსპექცია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2006 წელს გაუქმდა. ახალი შრომის ინსპექცია მხოლოდ 2015 წელს შეიქმნა, თუმცა მას არ აქვს საწარმოს ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ინსპექციის უფლება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამის საჯარიმო სანქციასაც ვერ გასცემს. შესაბამისად, ახალი შრომის ინსპექცია, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალურად არსებობს და მას ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელი რეალური ბერკეტები არ გააჩნია.
გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემების მიხედვით, 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში დაიღუპა 414 ადამიანი, ხოლო 717 მძიმედ დაშავდა (ეს არის დაახლოებით 40 დაღუპული მშრომელი წელიწადში და 70 - მძიმედ დაშავებული).
უზენაესი სასამართლოს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს, რომელთა უმრავლესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა (თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 4 პირს შეეფარდა). აღსანიშნავია, რომ სასამართლოების მიერ 2015-2017 წლებში გამოტანილი ყველა ეს განაჩენი გამამტყუნებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომითი პირობების დარღვევა ყოველ ჯერზე დასტურდება.
მოქმედი შრომის ინსპექცია ფაქტობრივად ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს. განვითარებად ქვეყნებში ასეთი ინსპექციები სულ უფრო და უფრო აქტიურად ინერგება. ბოლო წლებში საერთაშორისო დონეზე ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა 2013 წელს ბანგლადეშში, ცხრასართულიანი შენობის - Rana Plaza-ს ჩამონგრევას, რომელსაც 1137 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შენობაში, ბანკებთან და მაღაზიებთან ერთად, განთავსებული იყო ტანსაცმლის ფაბრიკები. ამის შემდეგ, ბანგლადეშში, რომელიც საქართველოზე დაახლოებით სამჯერ ღარიბია, შრომის ინსპექცია აამოქმედეს და დასავლეთის მდიდარი ქვეყნებიც უფრო აქტიურად ჩაერთნენ განვითარებად სამყაროში შრომითი უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით.
საქართველოსნაირ (ბანგლადეშზე მდიდარ) ქვეყნებში ასეთი მასშტაბური ტრაგედიები ძირითადად არ ხდება, მაგრამ შრომის ინსპექცია, როგორც წესი, ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე საქართველოში, სადაც ასეთი ინსპექცია, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ინსპექციის არსებობის წინააღმდეგ ძირითადად ოთხი ტიპის არგუმენტით გამოდიან ხოლმე. ოთხივე არგუმენტს საქართველოში მემარჯვენე პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები ახმოვანებენ. ევროპელი მემარჯვენეებისგან განსხვავებით, რომელთა უმრავლესობაც უსაფრთხოების რეგულაციებს უჭერს მხარს, ქართველი მემარჯვენეები, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატების, „გირჩის“ და სხვათა პოზიციებიდან ჩანს, დაურეგულირებელ, ველურ კაპიტალიზმს ემხრობიან.
პირველი არგუმენტის მიხედვით, არც შრომის რეგულაციები და არც პროფკავშირები საჭირო არ არის, რადგან ბაზარი ყველაფერს თავისით დაარეგულირებს. ამ მოსაზრების უკან დგას რწმენა, რომ ცალკეული დამსაქმებლები საკუთარი ნებით იტყვიან უარს მეტი მოგების ნახვაზე და მშრომელებს უკეთეს სამუშაო პირობებს შესთავაზებენ. მსგავსმა დაშვებამ შეიძლება ჰიპოთეტურად გაამართლოს იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მშრომელი აბსოლუტურად შეუცვლელი იქნება დამსაქმებლისთვის და ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დამქირავებლის თვალში გაზარდოს თავისი „სავაჭრო ღირებულება“. ამ შემთხვევაში, დამქირავებელი იძულებული იქნება დათმობებზე წამოვიდეს, რადგან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელის დაკარგვის შეეშინდება. ასეთი სიტუაცია რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად გვხვდება, საქმე თუ განსაკუთრებით მაღალი რანგის მეცნიერს, სპორტსმენს, ექიმს, ფინანსისტს ან სხვა ტიპის მაღალი კვალიფიკაციის მუშაკს არ ეხება. სხვა შემთხვევებში ასეთი მოდელი არ მუშაობს.
მეორე არგუმენტის მიხედვით, შრომის რეგულაციები და პროფკავშირები საჭირო არ არის, რადგან ისინი ამორალურია. ამ არგუმენტის მომხრეები, ძირითადად, კერძო საკუთრების და თავისუფალი გაცვლის უფლებებზე აპელირებენ. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი თავისუფალი ნებით შედიან ერთმანეთთან გარიგებაში და თავისუფალი ნების საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებში მესამე პირის (ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ან პროფკავშირების) ჩარევა არ შეიძლება. ამ არგუმენტის პრობლემა ის არის, რომ „თავისუფალი ნება“ მის მომხრეებს ძალიან ვიწროდ და ფორმალურად ესმით. მე თუ მშრომელი ვარ და იმიტომ ვაწერ ხელს კონტრაქტს, რომ სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს ფორმალურ დონეზე თავისუფალ ნებად კი შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ჩემი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. რეალურად, თავისუფალი ნება აქ მხოლოდ დამსაქმებელს აქვს, დასაქმებულების დიდი ნაწილი კი ბევრ შემთხვევაში, უბრალოდ, გარემოების მსხვერპლია.
მესამე არგუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუროკრატია და ზედმეტი რეგულაციები პრობლემას ვერ აგვარებს და, შესაბამისად, მათ შემოღებასაც აზრი არ აქვს (როგორც ზემოთ ვახსენე, მსგავსი არგუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააჟღერა). აქ მნიშვნელოვანია იმის სწორად გაგება, თუ რა იგულისხმება „პრობლემის მოგვარებაში“. ყველამ ვიცით, რომ უბედური შემთხვევებისგან აბსოლუტურად დაზღვეულები ვერასდროს ვიქნებით. ამავე დროს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისკების შემცირება მიზნად არ უნდა დავისახოთ. იგივე არგუმენტი შეიძლება განვავრცოთ საგზაო მოძრაობის წესების აღსრულებაზეც: ყველამ ვიცით, რომ საგზაო უბედურ შემთხვევებს ბოლომდე ვერასდროს გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს გამართული რეგულაციების შემოღების წინააღმდეგ არგუმენტად არ უნდა ჩავთვალოთ. იგივე არგუმენტი ბევრ სხვა შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ: მაგალითად, ყველამ ვიცით, რომ ქუჩაში ნაგავს ვიღაც მაინც დაყრის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაგვის დაყრაზე ჯარიმა არ უნდა არსებობდეს და ა.შ. შრომის ინსპექცია არის აუცილებელი, მაგრამ ბევრ შემთხვევაში არასაკმარისი პირობა შრომის უსაფრთხოებისა და ღირსეული შრომითი პირობების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ჯერ ამ აუცილებლით უნდა დავიწყოთ და შემდეგ შევხედოთ, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს რისკების შესამცირებლად.
მეოთხე არგუმენტი შრომის ინსპექციის საწინააღმდეგოდ ის არის, რომ გლობალიზაციის პირობებში მიმდინარეობს ეკონომიკური „რბოლა ფსკერისკენ“ (ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო სასურველ გარემოს შესთავაზებს ინვესტორებს. როგორც წესი, ინვესტორები დაბალ გადასახადებს და უარეს შრომით პირობებს ითხოვენ) და რომ ჩვენც სხვებზე უფრო მეტად „ფსკერული“ პირობები უნდა შევთავაზოთ მულტინაციონალურ კორპორაციებს. დანარჩენ სამთან შედარებით, ჩემი აზრით, ეს ყველაზე სერიოზული არგუმენტია, რომელშიც სიმართლის მარცვალი არის. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ ის, რომ ჩვენ ვერ გვექნება შვედეთის ან გერმანიის მსგავსი შრომითი პირობები, გადასახადები და მინიმალური ხელფასი, რადგან ამ შემთხვევაში, მიმზიდველი ვერ ვიქნებით ინვესტორებისთვის, რადგან ყველა სხვა პარამეტრით გერმანია და შვედეთი უფრო უკეთესი ქვეყნებია საინვესტიციოდ. ამავე დროს, ეს არგუმენტი რომ მთლიანად მართალი იყოს, მაშინ ევროპის ყველა ქვეყანაში სოციალური სახელმწიფო სრულად განადგურდებოდა. სინამდვილეში, ევროპის ბევრ სახელმწიფოში პროგრესული გადასახადები ისევ მაღალია, სოციალური დახმარებები - ყოვლისმომცველი, შრომითი რეგულაციები და პროფკავშირები - ძლიერი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი შვედეთია, რომელმაც გლობალიზებულ გარემოში მოახერხა მაღალი პროგრესული გადასახადების და სოციალური სახელმწიფოს შენარჩუნება.
ცხადია, შვედეთს, ისევე, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებს გლობალიზებულ ეკონომიკაში აქვთ სისტემური გამოწვევები, მაგრამ ისინი მაინც ახერხებენ, რომ გვერდი აუქციონ ფსკერისკენ მიმავალი რბოლის ყველაზე მავნე შედეგებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ქვეყნები ინვესტორებს სთავაზობენ სტაბილურ გარემოს, განათლებულ და კვალიფიცირებულ მუშახელს (შვედეთში უმაღლესი და პროფესიული განათლება უფასოა და ხარისხიანი), კოორდინირებულ ინდუსტრიულ პოლიტიკას და ექსპორტზე ორიენტირებულ ზრდას. საქართველოშიც, ეკონომიკური გლობალიზაციის ყველაზე მავნე ეფექტების თავიდან ასაცილებლად, განვითარების სწორედ ამგვარ მოდელზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მშრომელების მზარდი რაოდენობა ყოველ წელს მსხვერპლად შეეწიროს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს.
ქართველი დამსაქმებლებიც, ხშირად, კაპიტალიზმის ბუნებიდან გამომდინარე, თავიანთ გრძელვადიან ინტერესებს ჯეროვნად ვერ ხედავენ, რადგან მოკლევადიან მოგებაზე არიან ორიენტირებული. გრძელვადიან ინტერესებზე სწორედ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. სტაბილური გარემო ვერ იქნება ქვეყანაში, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 40 მშრომელი კვდება და აუტანელი შრომითი პირობების და საყოველთაო სიღარიბის ფონზე, კვარტალში ერთხელ პოლიტიკური კატაკლიზმის წინაშე ვდგავართ. სტაბილური და განვითარების ხელშემწყობი გარემო უნდა შექმნას სახელმწიფომ დამსაქმებლებისთვის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მოდელის შეთავაზებით.