Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური ქსელი - სიკეთე და საფრთხე


პოლიტიკაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ აქამდე ძალიან ბევრი დაწერილა. ამ სტატიაში ჩემი მიზანი სხვადასხვა ავტორების შეხედულებების მიმოხილვა არ არის. ამით მკითხველს თავს არ შევაწყენ. ჩემთვის უფრო საინტერესოა იმაზე მსჯელობა, თუ რა გავლენა აქვს სოციალურ ქსელებს ქართულ პოლიტიკაზე, რამდენად განსხვავდება ეს გავლენა ტელევიზიის გავლენისგან და რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ქსელებში კომუნიკაციას.

დავიწყოთ იმით, თუ რომელია მთავარი სოციალური ქსელი, რომელიც პოლიტიკაზე ახდენს გავლენას. დასავლეთში და განსაკუთრებით ამერიკაში, ასეთი არის ტვიტერი, სადაც მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ასონიშნებით არის შესაძლებელი თავის გამოხატვა. ტვიტერზე თითოეულ სტატუსში მხოლოდ 140 სიმბოლოს დაწერა არის შესაძლებელი. მაშინ, როდესაც, მაგალითად, ფეისბუკზე ასეთი ლიმიტი გაცილებით უფრო მაღალია (თუმცა როგორც ამბობენ, ტვიტერიც აპირებს სიმბოლოების ლიმიტის გაზრდას). შესაძლოა, სწორედ ამის გამოც და სხვა მიზეზებითაც, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული არ არის, ფეისბუკი უფრო პოპულარულ მედიუმად იქცა ქართული პოლიტიკისთვის.

ფეისბუკამდე დაახლოებით მსგავს ფუნქციას ასრულებდა „თბილისის ფორუმი“, სადაც მომხმარებლები ანონიმური ზედმეტსახელებით (ე.წ. „ნიკნეიმებით“) პოსტავენ. ერთი პერიოდი, თბილისის ფორუმის პოლიტიკის განყოფილება იმდენად პოპულარული იყო, რომ მას ხელისუფლებაში მყოფი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტიურად კითხულობდნენ და იქ წამოჭრილ თემებზე მსჯელობდნენ. თანდათანობით, ფორუმის პოპულარობა ფეისბუკმა ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია ის, რომ თბილისის ფორუმი მაინც ერთგვარად ელიტური ვირტუალური სივრცე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი აქტიურად ადევნებდა თვალს, იქ მაინც შეზღუდული რაოდენობის ადამიანი წერდა („პოსტავდა“). მისგან განსხვებით, „ფეისბუკი“ უფრო დემოკრატიული სოციალური სივრცეა. დამოუკიდებელი მკვლევრის 2015 წლის შეფასებით, საქართველოში 14 წლის ასაკზე უფროსი მოსახლეობის დაახლოებით 40% მოიხმარდა ფეისბუკს. მართალია, ეს არ არის საქართველოს მთელი მოსახლეობა და განსაკუთრებით არ მოიცავს ხანდაზმულ ადამიანებს, მაგრამ ჩართულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე პატარა ინტერნეტფორუმებზე შეიძლება არსებობდეს.

დღეს, როდესაც საქართველოს სოციალური ქსელების პოლიტიკაზე გავლენაზე საუბრობენ, პირველ რიგში, სწორედ ფეისბუკს გულისხმობენ. ეს არა მხოლოდ იქიდან გამომდინარეობს, რომ ფეისბუკი ყველაზე გავრცელებული სოციალური ქსელია, არამედ იქიდანაც, რომ თავად ქართველი პოლიტიკოსების ნაწილიც ფეისბუკის აქტიური მომხმარებელია. ასეთი პოლიტიკოსების რიგს მიეკუთვნებიან: თინა ხიდაშელი, დავით უსუფაშვილი, თამაზ მეჭიაური, მანანა კობახიძე, ალეკო ელისაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი, დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი და სხვ. ეს მხოლოდ იმათი სიაა, ვინც მეტნაკლებად ფეისბუკზე აქტიურობის დროს თვალში მომხვედრია (ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტს და მინისტრებს, როგორც წესი, ფეისბუკზე თავიანთი გვერდები აქვთ). დარწმუნებული ვარ, მათ გარდა უამრავი სხვა პოლიტიკოსი შემოდის ფეისბუკზე თავისი სახელით ან ანონიმურად და თვალს ადევნებს იმას, თუ რა ხდება სოციალურ ქსელში.

ის, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარებს პოლიტიკოსებზე და პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა აქვს, ეს უდავოა და იქიდანაც ჩანს, რომ თავად პოლიტიკოსები გარკვეულ დროს სოციალურ ქსელებში მოღვაწეობასაც უთმობენ. მეორე მხრივ, გასარკვევია, რა ტიპის გავლენაა ეს. ტელევიზიას ერთმნიშვნელოვნად ცალმხრივი გავლენა უფრო აქვს, ვიდრე ორმხრივი: აქ პოლიტიკოსები უფრო მეტად ახდენენ მოსახლეობაზე გავლენას, ვიდრე პირიქით. სამწუხაროდ თანამედროვე საქართველოში ტელეჟურნალისტების დიდი ნაწილიც მიკერძოებულია და რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებს წარმოადგეს. შესაბამისად, მათი მოსაზრებებიც ისევ პოლიტიკური ძალების მოსაზრებებს გამოხატავს და ამით პოლიტიკური კომუნიკაცია უფრო და უფრო ცალმხრივი ხდება.

ამის საპირისპიროდ, ფეისბუკზე შესაძლებელია ორმხრივი კომუნიკაციის დამყარება: პოლიტიკოსები ესაუბრებიან ამომრჩეველს და ამომრჩეველი ესაუბრება პოლიტიკოსებს. ამავე დროს, ეს კომუნიკაცია ნაკლებად ფერხდება სხვადასხვა სოციალური, კულტურული და გეოგრაფიული ბარიერებით. ფეისბუკზე სხვადასხვა სოციალური სტატუსის, კულტურული კაპიტალის და განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობის ადამიანები ტექნიკურად თანაბარ შესაძლებლობებს ფლობენ საკუთარი თავის გამოსახატავად.

ის, რომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკური კომუნიკაცია ორმხრივია და შედარებით თავისუფალია ბარიერებისგან, არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად კომუნიკაციის სრულფასოვანი ფორმაა. პირველ რიგში არ ნიშნავს იმიტომ, რომ ამგვარი კომუნიკაცია დაცლილია ბუნებრივი ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებებისგან და, შესაბამისად, გარკვეულწილად ილუზორულია. სინამდვილეში, ადამიანი საკუთარ თავს გამოხატავს არა იზოლაციაში, ვაკუუმში, არამედ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. შესაბამისად, მისი პოზიციაც ხშირად სხვა ადამიანების პოზიციასთან მიმართებაში განისაზღვრება. ფეისბუკზე ეს ურთმიმართებები სახეს იცვლის და რეალობის არასრულ სურათს გვაძლევს. მაგალითად, მე შეიძლება სოციალური ქსელით უფრო თავისუფლად შემეძლოს რაღაცების კრიტიკა, ვიდრე რეალურ სოციალურ გარემოში, სადაც გადაწყვეტილების მიღების დროს სხვადასხვა ფაქტორებს ვაქცევ ყურადღებას.

ამ მაგალითის სიღრმისეულად განხილვას აღარ შევუდგები, ვთვლი, რომ ისედაც ინტუიტურად ცხადია, თუ რასაც ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე, ისე გამოდის, რომ ფეისბუკზე ხალხი იქმნის საკუთარი თავის არასრულ სურათს და საბოლოოდ ქმნის ერთგვარ ნახევრადილუზორულ საზოგადოებას.

ერთი მხრივ, ფეისბუკი არის სივრცე, რომელიც ზრდის პოლიტიკოსებზე ზემოქმედების ბერკეტებს, მეორე მხრივ, ეს არის ოპტიკური ილუზიის წყარო, რითიც შეიძლება საზოგადოებაზე ძალიან მარტივად შევიქმნათ არასწორი სურათი.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, დღეს სერიოზული დილემის წინაშე ვდგავართ: დავრჩეთ ბოლომდე სოციალურ ქსელში, ფეისბუკზე და ასე გამოვხატოთ საკუთარი თავი, თუ თან გადავინაცვლოთ რეალობაში და რეალურ სივრცეში ვაიძულოთ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები, რომ მოგვისმინონ და ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინონ. ჩემი აზრით, ეს არის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური დილემა, თუმცა დასავლეთში, სადაც სამოქალაქო აქტივობის დამკვიდრებული ტრადიციები არსებობს, პრობლემა შედარებით მსუბუქი შეიძლება იყოს. ჩვენთან, ამის საპირისპიროდ, იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის სივრცე, ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, შეზღუდულია, გაცილებით მეტი ცდუნება არსებობს, რომ მთლიანად ილუზორულ რეალობაში გადავეშვათ.

საქართველოში სოციალური ქსელების მზარდი პოპულარობა, პოლიტიკოსების მიერ განსაკუთრებით ფეისბუკის ხშირი გამოყენება, ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი ტენდენციაა, მაგრამ, ამასთან ერთად, ეს არის ერთგვარი ცდუნების მზარდი წყაროც. ცდუნება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმაში მდგომარეობს, რომ მივატოვოთ რეალობა და გადავეშვათ ვირტუალურ, ფეისბუკის სამყაროში, სადაც სამყარო რეალობისგან რამდენადმე განსხვავებული კანონებით იმართება. ამ ცდუნებაზე უარის თქმა და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის რეალურ სივრცეში გაზრდა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG