Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მივცემ ხმას თბილისის მერის არჩევნებზე მემარჯვენე კანდიდატებს


დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, საქართველოს მწყობრი და შინაარსიანი მემარცხენე მოძრაობა არ ჰყოლია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში მემარცხენე მოძრაობის წამოწყება რთული ამბავი იყო, რადგან საგეგმო ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა იდგა დღის წესრიგში. ამ დროსაც პრივატიზაცია თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით კი არა, იმის მიხედვით მოხდა, თუ მოცემულ მომენტში ვის მეტი ძალაუფლება და კავშირები აღმოაჩნდა (ამას ხელი შეუწყო სამოქალაქო ომის დაწყებამაც, რომელმაც წაახალისა სახელმწიფო ქონების ძალადობრივი გადანაწილება). ერთადერთი მემარცხენე მოძრაობა, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, იყო მწვანეთა მოძრაობა (რომლის ლიდერიც იყო ზურაბ ჟვანია) - ისიც ძირითადად გარემოს დაცვის თემებით შემოიფარგლებოდა და სოციალურ სამართლიანობას მათ რიტორიკაში წამყვანი ადგილი არ ეკავა.

სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის შექმნის გზაზე კიდევ ერთი კულტურული დაბრკოლება ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში სოციალიზებული ადამიანების (ჩემი მშობლების და მათი მშობლების თაობა) უდიდესი ნაწილისთვის უცხო იყო კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტიკური იდეოლოგიები. სოციალიზმი ბევრ მათგანს ესმოდა საბჭოთა ბოლშევიზმის ეკვივალენტად. შესაბამისად, ფიქრობდნენ, რომ სოციალისტი ადამიანი აუცილებლად პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას და დისკრედიტებული და არაეფექტიანი საბჭოთა საგეგმო ეკონომიკის შენარჩუნებას დაუჭერდა მხარს.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ ვიღაცებისთვის „სოციალიზმი“ და „მემარცხენეობა“ ასოცირდებოდა კოლონიზატორთან - რუსეთის იმპერიასთან. ის ფაქტი, რომ პირველ დამოუკიდებელ ქართულ რესპუბლიკას 1918-1921 წლებში სწორედ სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, კულტურული მეხსიერებიდან ან გაქრა, ან ულტრანაციონალისტური პროპაგანდით გადაიფარა („ილიას მკვლელები“). მხოლოდ ბოლო წლებში, ახალგაზრდული ორგანიზაციების - „თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ და „აუდიტორია 115“-ის ძალისხმევით, დაიწყო ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სერიოზული კვლევა და მათი მოღვაწეობის გადაფასება (რასაც აკადემიურ ფლანგზე ხელი შეუწყო ამერიკელი ისტორიკოსის, სტივენ ჯოუნსის ფუნდამენტურმა ნაშრომმა „სოციალიზმი ქართულ ფერებში“ და ქართველი ისტორიკოსების, მაგალითად, ბექა კობახიძის გამოკვლევებმა).

ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოში დღემდე დამოუკიდებელი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა ან არ არსებობს, ან, თუ არსებობს, კომიკურ სახეს იღებს (მაგალითად, ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც მემარცხენე იდეების დისკრედიტაციას უფრო ეწევა, ვიდრე ხელშეწყობას). ქართველ პოლიტიკოსებსაც წინასაარჩევნოდ ძირითადად პოპულისტური ლოზუნგები აკერიათ პირზე (მაგალითად, წინასაახალწლოდ ფულადი ვაუჩერების დარიგება ან პენსიების გაზრდის ტყუილ-მართალი დაპირებები) და რეალურად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველა მათგანი მსხვილი ბიზნესის ინტერესების დაკმაყოფილებაზე მუშაობს (ზოგიერთი კორუფციულ გარიგებებშიც შედის მათთან).

პარალელურად, ამომრჩეველთა ნაწილს ულტრანაციონალისტური ჯგუფები არწმუნებენ, რომ პრობლემა გლობალური კაპიტალიზმის დაურეგულირებელი ბუნება და ამით მოსარგებლე ქართველი ოლიგარქების საქმიანობა კი არ არის, არამედ უცხოელები - არაბები, ჩინელები, თურქები, ინდოელები, ამერიკელები და ა.შ. - გამიზნულად გვართმევენ განვითარების შესაძლებლობას ჩვენ, ქართველებს. ქსენოფობიის და რასიზმის გაღვივებით ყურადღება მთავარი თემიდან - დაურეგულირებელი კაპიტალიზმით შექმნილი უთანასწორობებიდან გადადის გამოგონილ თემებზე. ამის პარალელურად, ისევ საქართველოს მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, ეთნიკურად ქართველები, სარგებლობენ ამომრჩევლის ნაწილის გულუბრყვილობით და თანამოქალაქეებს განვითარების თანაბარ შანსს უკლავენ.

ეს მემარჯვენე, პოპულისტური და ნაციონალისტური ტანდემი იმდენად წარმატებით მუშაობს, რომ მან დასავლეთის ზოგიერთ ისეთ ქვეყანაშიც მოიკიდა ფეხი, სადაც დემოკრატიული და მემარცხენე მოძრაობების მდიდარი ტრადიციები აქვთ. ამ გლობალური კრიზისის ფონზე, საქართველოსნაირი ახალგაზრდა სახელმწიფო, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტებით, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი წარმატებით ახერხებს ყველანაირი მავნე სტერეოტიპისა და კომპლექსის სათავისოდ გამოყენებას.

თბილისის მერის არჩევნებზე სწორედ ასეთი ძალების გამოფენა ეწყობა. თითქმის ყველა ძირითადი კანდიდატი ან მემარჯვენეა და მსხვილი ბიზნესის ინტერესების უზენაესობას ქადაგებს, ან პოპულისტურ ლოზუნგებში შეფუთული ოლიგარქების ინტერესების გამტარებელია (მაგალითად, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები). ამ დროს ჩვენი დედაქალაქი დგას ურბანული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ქალაქში სისტემურ დონეზე უგულებელყოფილია მოსახლეობის ღარიბი ფენების ინტერესები და განტევების ვაცებიც, როგორც წესი, ასეთი ფენები ხდებიან (რაც კარგად გვაჩვენა გარემოვაჭრეების აყრამ და მათი პრობლემების უგულებელყოფამ). ამ პირობებში, თუკი ქალაქში რამე რეფორმა ტარდება, ეს ხდება ძირითადად ნაკლებად პრივილეგირებული მოსახლეობის ხარჯზე. ამ სქემით არის აწყობილი ინფრასტრუქტურაც: ტროტუარები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რითიც უმთავრესად ნაკლებად პრივილეგირებული მოქალაქეები, ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა სარგებლობს, გაჩანაგების პირასაა.

სოციალური სამართლიანობის უგულებელყოფის გარდა, მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსები რიტორიკის დონეზეც კი ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ქალაქს სჭირდება საჯარო საკუთრებაში მყოფი სივრცეები დასვენებისთვის და ყველა ფენის მოქალაქის ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. სულ უფრო და უფრო მეტი საჯარო სივრცის, მათ შორის, პარკებისა და ბაღების პრივატიზება განსაკუთრებით ღარიბ და საშუალო ფენებს ართმევს სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოს. პარალელურად, მახინჯდება და ნადგურდება ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქში ცხოვრება და ურბანული ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება შეუძლებელი ხდება.

ის ყველაფერი, რაც კეთდება (ძირითადად მშენებლობები) აუტანელი შრომითი პირობების და არარსებული შრომითი უსაფრთხოების ხარჯზე მიმდინარეობს. ისევ ყველაზე დაუცველი სოციალური ფენები - მუშები - ეწირებიან შრომითი უსაფრთხოების არარსებობას. სამშენებლო კომპანიებს ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, მუშების ექსპლუატაციისა და გარემოს დაბინძურებისთვის ყველანაირი სახარბიელო პირობა აქვთ შექმნილი, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ. ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ყველაფერმა შესაძლოა მათი ბიზნესიც დააზარალოს, ძირითადად, არ აღელვებთ, რადგან მათი უმრავლესობა იოლი მოგების მიღებაზეა კონცენტრირებული.

ერთადერთი მოქმედი პოლიტიკოსი, რომელიც შედარებით ახლოს დგას საბაზრო ეკონომიკის მემარცხენე კრიტიკასთან (და არც ერთ მემარჯვენე ან კონსერვატორულ პოპულისტურ ძალასთან აფილირებული არ არის), ალეკო ელისაშვილია. მან შესაძლოა თავისი კანდიდატურაც წამოაყენოს მერობის პოსტზე. ელისაშვილი დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ ქალაქის განვითარება არ უნდა შეეწიროს საბაზრო ეკონომიკის იმპერატივებს და საჭიროა ბაზრის ისე დარეგულირება, რომ დავიცვათ გარემო და კულტურული მემკვიდრეობა. ელისაშვილის რიტორიკაში სოციალურ სამართლიანობას შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში, მისი პოზიციები აბსოლუტურად სწორია.

მთავარი, რაც უნდა გვესმოდეს, ისაა, რომ საბაზრო ეკონომიკა სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩარევის გარეშე წარმატებით ვერ მუშაობს. ამის აღიარება არ უდრის საბჭოთა საგეგმო ეკონომიკასთან დაბრუნებას, რომელიც, როგორც საბჭოთა პერიოდგამოვლილ ჩვენს თანამოქალაქეებს ჩემზე კარგად მოეხსენებათ, არაეფექტიანად მუშაობდა. ევროპის ქვეყნებს აქვთ საბაზრო ეკონომიკის მემარცხენე კრიტიკის და წარმატებული მემარცხენე მთავრობების 150-წლიანი გამოცდილება. ამ ევროპული სივრცის ორგანული ნაწილი იყო საქართველო მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი რესპუბლიკის არსებობის დროს. საბჭოთა პერიოდმა ჩვენი კოლექტიური მეხსიერებიდან თითქმის მთლიანად წაშალა ეს პერიოდი და ახლა დროა დავიბრუნოთ ის, იმისთვის, რომ სწორად განვვითარდეთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG