„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ორი ძალის გარდა, შეიძლებოდა გაჩენილიყო მესამე ან მეოთხე ძალაც, რომელიც ქართულ პოლიტიკას გააჯანსაღებდა. ძირითადად, ამაზე ლიბერალები საუბრობდნენ და იგულისხმებოდა, რომ ეს ძალა უნდა ყოფილიყო მემარცხენე ლიბერალური - დაახლოებით ისეთი, როგორიც არის დემოკრატიული პარტია ამერიკაში (ობამას პარტია), ან სოციალისტური პარტია საფრანგეთში (ოლანდის პარტია). მართალია, იდეოლოგიურ პლატფორმაზე ღიად არ უსაუბრია, მაგრამ ორი თვის წინ მსგავსი ძალის გაჩენაზე მიანიშნებდა რადიო „თავისუფლების“ ავტორი გოგი გვახარიაც გოგი გვახარიაც. ბოლო ორი თვის მანძილზე ქართულ პოლიტიკას სპეციალურად ამ გადმოსახედიდან ვაკვირდებოდი და ვცდილობდი დამენახა, გაჩნდა თუ არა იმპულსი ქართულ საზოგადოებაში, რომ რამე განსხვავებული და გამაჯანსაღებელი მიიღოს. „ნაციონალური მოძრაობის“ 15 ნოემბრის მიტინგი და „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ შეურყეველი რწმენა, სამწუხაროდ, საპირისპიროში მარწმუნებს.
დღესდღეობით, ქართული პოლიტიკა ბრუნავს ორი პოლუსის - „ნაცების“ და „ქოცების“ გარშემო (როგორც ისინი ერთმანეთს დამამცირებლად მოიხსენიებენ). ორივე ძალა არის კონსერვატორული, ნაციონალისტური, მემარჯვენე და კოლექტივისტური მსოფლმხედველობის მატარებელი. ორივე წარმოიშვა საბჭოთა წარსულისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ შინაარსით ეწინააღმდეგება საბჭოთა კავშირს, მაგრამ ფორმით მასზე შორს ვერ მიდის - ვერც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ვერც ავტორიტარული მიდრეკილებებით და ვერც ნაციონალისტური პათოსით. „ქართული ოცნება“ შედგება ხალხისგან, ვისაც მოსწონს ქართული საზოგადოების სტატუს კვო - ის, რომ აქ შეიძლება წლები ისე გავიდეს, რომ არაფერი შეიცვალოს; ვინც ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს კულტურულ იზოლაციონიზმში, ნეპოტიზმში, ინტელექტუალურ ჩაკეტილობაში და ვისთვისაც, ზოგადად, დრო ნელა მიედინება. გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ მოსწონთ რეაქციულ ულტრანაციონალისტურ ძალებს, რომლებსაც აღიზიანებდათ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მისი ავტორიტარულობის, არამედ მოდერნიზაციისადმი მიდრეკილების გამო.
ეს ორი ძალა უდავოდ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მათ შორის აშკარა განსხვავებები არსებობს და ამას შეიძლება ფუნდამენტური განსხვავებებიც კი ვუწოდოთ. მიუხედავად ამისა, ორივე ამ პოლუსის უკან დგას ერთი მანკიერი საზოგადოების წესები და ჩვეულებები. ამ საზოგადოებაში კოლექტივი ბატონობდა ინდივიდზე, ხოლო თავად ინდივიდებს შორის კი არანაირი რეალური სოლიდარობის გრძნობა არ არსებობდა.
დასავლური გაგებით, მემარცხენე ლიბერალური პარტია დამოუკიდებელ საქართველოში არასდროს არსებულა და მასზე მოთხოვნა არც არასდროს ყოფილა. საქართველოში ხალხი ერთადერთი რამის გამო გამოდის ქუჩაში: ნაციონალისტური მოთხოვნების წამოსაყენებლად. რატომ გადააყენეს წინა მთავრობა? იმიტომ, რომ არ იყო ეროვნული, არ იყო „ქართული“. რატომ არ მოსწონთ ნაციონალებს ახლანდელი მთავრობა? იმიტომ, რომ არ ემსახურება ნაციონალისტურ ინტერესებს. ეროვნულობა და ნაციონალურობა ყველა შემთხვევაში ბუნდოვანი ტერმინებია და ყველა მხარე, ვინც მათით აპელირებს, მათში ძირითადად საკუთარი მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებას გულისხმობს. როგორ ესმის „ქართულ ოცნებას“ ეროვნულობა? როგორც საკუთარი „პარტაქტივისტების“ გამდიდრება. როგორ ესმის „ნაციონალურ მოძრაობას“ ეროვნულობა? როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება და საწინააღმდეგო აზრის ჩახშობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ხალხს რომ ვეკითხები, როგორი მთავრობა გსურთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს-მეთქი, მპასუხობენ, რომ „ეროვნული მთავრობა“ უნდათ. კონკრეტულად ეს ეროვნულობა რას გულისხმობს, ჯერჯერობით, ამაზე გასაგები პასუხი არ გვაქვს. დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ ყოფილა მიტინგი, სადაც ცენტრალური თემა იქნებოდა არა ბუნდოვანი „ეროვნულობა“, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური თანასწორობა, სიღარიბის აღმოფხვრა, შრომითი უფლებების დაცვა და გარემოს დაცვა. ყველა მიტინგზე ამ კონკრეტულ მოთხოვნებს ფარავს ცარიელი პატრიოტული ლოზუნგები, რომლებიც საბოლოო ჯამში, სემუელ ჯონსონის ცნობილ გამონათქვამს გვახსენებენ: „პატრიოტიზმი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარია“. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვანაირად ფიქრი მართლა ძნელია.
საბოლოოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ პოლიტიკური დისკურსი ერთ ადგილზე გაყინული რჩება. გამსახურდიას ხელისუფლებიდან დღემდე ინდივიდის უფლებებს და ინდივიდზე ზრუნვას ფარავს აბსტრაქტული კოლექტივისტური ლოზუნგები, რომელთა უკანაც ცარიელი რიტორიკის გარდა არაფერი დგას.
იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებაში რამე სახის ცვლილება მოხდეს, პირველ რიგში მთლიანად პოლიტიკის პარადიგმა არის შესაცვლელი. ამაზე ყველანი კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ: იქნებ პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ თვითონ აბსტრაქტული ლოზუნგების იქით, არაფერ კონკრეტულს არ ვითხოვთ? იქნებ ჩვენი ბრალია ის, რომ პოლიტიკოსები ყოველ ჯერზე ასე უსინდისოდ გვატყუებენ? იქნებ ბოლოს და ბოლოს, ერთი ადამიანი და მისი სულიერი და მატერიალური საჭიროებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცარიელი ლოზუნგები, რომლებიც ელიტების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამდიდრებას ემსახურება?
პირადად მე მტკიცედ მჯერა, რომ სანამ ამ რიტორიკულ კითხვებზე სწორი პასუხები არ გვექნება, მანამდე „ნაცების“ და „ქოცების“ ხელში ვიქნებით და ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ შეიცვლება.