Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პოლიტიკა - აურზაური იდეების გარეშე


2012 წლის არჩევნები ჭეშმარიტად ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ბევრი ჩვენგანისთვის - პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება კანონიერი გზით შეიცვალა. ამის შემდეგ ვფიქრობდი და დიდი იმედი მქონდა იმისა, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკა დაემსგავსებოდა დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკას, სადაც მხარეები ძირითად ღირებულებებზე თანხმდებიან და სხვადასხვა იდეებსა და იდეოლოგიებზე დავობენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და დღემდე ქართული პოლიტიკა წარმოადგენს გაუგებარ ვაი-ვიშს და ისტერიას, რომლებიც იქითკენ არის მიმართული, რომ ისევ რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკური მდგომარეობა.

რატომ ვერ ვთანხმდებით ძირითად ღირებულებებზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე ჯერ ის ორი ძირითადი საკითხი ვახსენოთ, რომლებზეც უკვე საყოველთაო კონსენსუსი უნდა იყოს მიღწეული: ლიბერალური დემოკრატია და პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსი. პირველზე კონსენსუსს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლება დროდადრო უკანონოდ ცდილობს ოპოზიციის შეზღუდვას (რისი ყველაზე კარგი მაგალითიც იყო „რუსთავი 2“-ის საქმე), მეორე მხრივ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს „რევოლუციურ სცენარზე“.

უფრო უარესად წარმოგვიდგება არსებული მდგომარეობა, თითოეული მხარის რადიკალურ მხარდამჭერებს თუ მოვუსმენთ. ისინი ხშირად ახმოვანებენ აზრებს, რომელთა ხმამაღლა თქმასაც პოლიტიკოსები ვერ ბედავენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მხარდამჭერისგან შეიძლება მოისმინოთ აზრი, რომ დემოკრატია ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც ამდენი „ბნელი“ (ამ ლოგიკით, „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი) ცხოვრობს, მმართველობის სასურველი ფორმა არ არის. ასეთი შეხედულების მქონე ადამიანების აზრით, საქართველოში უფრო მეტად გამოგვადგებოდა დაახლოებით ისეთი წყობილება, რასაც მე-18 საუკუნის ევროპაში უწოდებდნენ „განმანათლებლურ აბსოლუტიზმს“. ავტორიტარ მმართველს, რომელსაც უფრო მეტად ესმის საგნებისა და მოვლენების არსი, ვიდრე მოსახლეობას, უნდა დაეკისროს მისია, წაიყვანოს ერი ჭეშმარიტებისკენ.

„ქართული ოცნების“ რადიკალ მხარდაჭერთა აზრით (რომელთა ნაწილი ნელ-ნელა „პატრიოტთა ალიანსისკენ“ და ბურჯანაძისკენ იხრება), საჭიროა შურისძიება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზებით. ასეთი ხალხი თვლის, რომ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, თუ იმათ, ვინც წარსულში კანონს არღვევდა, ასევე კანონის დარღვევით ვუპასუხებთ (მათ შორის, ლინჩის წესით გასამართლებით). ერთი პოპულარული აზრი, რომელიც ადრეც ხშირად მესმოდა და ახლაც მესმის, ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ უნდა აიკრძალოს, როგორც
„ნაცისტური პარტია“. აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს, სხვადასხვა დროს გამოთქვამდნენ „ქართული ოცნების“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რიგითი მხარდამჭერებიც (მაგალითად, იხილეთ ამავე სახელწოდების ჯგუფი ფეისბუკზე) და მხარდამჭერი ინტელექტუალებიც (მაგალითად, იხილეთ ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილთან).

ერთი სიტყვით, ორივე მხრიდან ჯერ კიდევ არსებობს განწყობა, რომ ლიბერალური დემოკრატია არ არის მმართველობის სასურველი ფორმა და ავტორიტარული ზომების მიღებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენოთ.

მეორე, ასეთივე შეუთანხმებელი საკითხი არის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი. აქაც ორივე დომინანტური პარტია ერთმანეთთან მიმართებაში გაუგონარი სწორხაზოვნებით და ხედვის სივიწროვით გამოირჩევა. დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ, ფაქტობრივად, მივიღეთ შენგენის ზონის ქვეყნებთან სავიზო ლიბერალიზაციის გარანტია. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ წამდაუწუმ ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიაა და ივანიშვილი პუტინის აგენტია. პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ბოლომდე შეთანხმებულები არ არიან.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მართლა გამოთქვამს პრორუსულ მოსაზრებებს. ეს არ არიან წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ფაქტი მაინც უსიამოვნოა. მაგალითად, გოგი თოფაძემ არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ „ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც კარგად ვიქნებით.“ იმავე თოფაძეს ეკუთვნის უფრო მეტად სიურეალისტური მოსაზრებაც, რომ სტალინი „ყველა ქართველისთვის საამაყო პიროვნება უნდა იყოს.“ ამ უკანასკნელი განცხადების გამო, მმართველი კოალიციის ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თოფაძე გაკიცხა, მაგრამ კოალიციიდან იგი ამის გამო არ გაუგდიათ.

როდესაც ფუნდამენტურ ღირებულებით საკითხებზე შეთანხმება არ არის, იქ ძნელია, პოლიტიკა აყალმაყალის რეჟიმში არ წარიმართებოდეს. საქართველოში პოლიტიკა არის დაუსრულებელი აურზაური. მიზეზი, რატომაც არის ეს ასე, ისაა, რომ სახეზე გვაქვს სწორედ ფუნდამენტურ ღირებულებებზე შეუთანხმებლობა. ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლები ამის გამო გამოირჩევა ქრონიკული რადიკალიზმით, გაზვიადებებით და მოვლენების ხელოვნური დრამატიზაციით. როდესაც პოლიტიკოსებს ერთმანეთისგან ამხელა ღირებულებითი უფსკრული აშორებთ, იქ რაციონალური დისკუსიის წარმართვა შეუძლებელია.

დემოკრატიულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, სადაც საზოგადოებაში ფუნდამენტურ ღირებულებებზე კონსენსუსი არსებობს, დავინახავთ, რომ იქ კამათობენ სხვადასხვა იდეებსა და იდეოლოგიებზე. ევროპულ და ამერიკულ დემოკრატიებში აქტუალურია ისეთი თემები, როგორებიცაა ეკონომიკური მემარცხენეობა და მემარჯვენეობა, ნეოკონსერვატორული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, ალტერნატიული ენერგიის წყაროები და ენერგიის ტრადიციული წყაროები, გლობალური დათბობა, ურბანული განვითარების სხვადასხვა მოდელები, თანაფარდობა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკასა და ლიბერალური თავისუფლებების დაცვას შორის და ა.შ. საქართველოში არც ერთ ფუნდამენტურ თემაზე საჯარო სივრცეში არ მსჯელობენ. ჩვენთან ისევ ისეთ საკითხებზე კამათობენ, რაზეც, წესით, დიდი ხანია, შეთანხმებულები უნდა ვიყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ ვართ.

საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სივრცის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია. 2012 წლიდან ჩვენს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, მაგრამ ქართული პოლიტიკა ამ ახალ რეალობას ჯერჯერობით ვერ მოერგო და ისევ გასული საუკუნის 90-იანი წლების წარმოდგენებით ხელმძღვანელობს. NDI-ის ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის 35 %-მა არ იცის, არჩევნებზე რომელ პარტიას მისცემს ხმას. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ამისა სწორედ ის არის, რომ ვერც ერთი პარტია მოსახლეობას ვერ სთავაზობს რიტორიკას, რომელიც შეიცავს სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო იდეებს და მათი განხორციელების ეფექტიანი გზების ძიებას. ამის ნაცვლად ქართველი პოლიტიკოსები გამუდმებით გვთავაზობენ ერთსა და იმავეს - იდეებისგან დაცლილ ისტერიას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG