Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა გადმოიღოს თუ არა საქართველომ „ესტონური მოდელი“


პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, რომ საქართველოში იგეგმება მოგების გადასახადის გაუქმება საწარმოებისთვის ისე, როგორც ეს ესტონეთშია (რომელსაც ამ მხრივ მსოფლიოში უნიკალური საგადასახადო სისტემა აქვს). ამ განცხადების შემდგომ ეკონომისტებსა და პოლიტოლოგებს შორის აქტიურად მიმდინარეობს ამ თემის განხილვა და რამდენიმე საინტერესო მოსაზრებაც გამოითქვა. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავ იმას, თუ რას ნიშნავს ეს ესტონური მოდელი, რამდენად მიზანშეწონილია მისი ჩვენთან გადმოღება და თუ კი, მაშინ რა ფორმით უნდა მოხდეს ეს.

ამ სტატიაში ეკონომიკურ ნიუანსებს დიდად არ ჩავუღრმავდები (მაგალითად, გადასახადებისგან გათავისუფლების ან შემცირების/გაზრდის სხვადასხვა ნიუანსს), ამის გარჩევა უფრო ეკონომისტების და შესაბამისი დარგის ექსპერტების საქმეა. მე საკითხს ისე წარმოვადგენ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის განსახილველად საკმარისად ცხადად იყოს ჩამოყალიბებული.

პირველ რიგში იმის განმარტებით დავიწყებ, თუ რას ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მოგების გადასახადი. მოგების გადასახადი არის გადასახადი, რომელსაც იხდიან ადგილობრივი ან უცხოური საწარმოები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ. ამჟამად მოგების გადასახადი შეადგენს 15%-ს. საშემოსავლო გადასახადი, მეორე მხრივ, არის გასახადი, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, რომლებიც არიან ან საქართველოს მოქალაქეები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ შემოსავალს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან. საშემოსავლო გადასახადი საქართველოში შეადგენს 20%.

ამ ორი გადასახადის გარდა, ჩვენი დღევანდელი თემისთვის საინტერესოა გადასახადი მიღებულ დივიდენდებზეც (რომელსაც იხდიან ფირმის აქციონერები) და პროცენტზე. ორივე შემთხვევაში გადასახადი შეადგენს 5%-ს.

ამ ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით, მოგების გადასახადი საწარმოებისთვის მთლიანად უქმდება, მაგრამ, მეორე მხრივ, საგადასახადო ტვირთი გადადის იმათზე, ვინც დივიდენდებს იღებს. ესტონეთში, დივიდენდებზე საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 25%-ს. ე.ი. ესტონეთში დივიდენდებზე საშემოსავლო გადასახადი ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ მოგების გადასახადი გაცილებით უფრო ნაკლებია (საერთოდ არ არის).

ჩვენს შემთხვევაში, პირველ რიგში, გასარკვევია, რას გულისხმობს კვირიკაშვილი: მხოლოდ მოგების გადასახადი გაუქმდება, თუ თან დივიდენდებით მიღებული შემოსავალიც უფრო მეტად დაიბეგრება? ჯერჯერობით, ეს ბოლომდე გაურკვეველია.

თუ დივიდენდებიც უფრო მკაცრად დაიბეგრება და ამით მოქალაქეებს შორის სოციალური უთანასწორობაც უფრო შემცირდება, მაშინ ესტონური მოდელის გამართლება შეიძლება იმ არგუმენტით, რომ ეს შემდგომ ინვესტიციას შეუწყობს ხელს და თანაც არ დააზარალებს სოციალურ თანასწორობას. ე.ი. გამოდის, რომ საწარმოების მხოლოდ ის შემოსავლები დაიბეგრება, რომლებიც მეწილეებს გაამდიდრებს, მაგრამ არ დაიბეგრება ის შემოსავლები, რომლებიც შემდგომ ინვესტიციებში წავა.

ფაქტობრივად, ზემოაღნიშნული ესტონური მოდელი არის სკანდინავიური მოდელის უფრო რადიკალური ვარიანტი. სკანდინავიის ქვეყნებში, რომლებსაც, მკითხველს როგორც მოეხსენება, სოციალური საბაზრო ეკონომიკა აქვთ (ანუ სახელმწიფო აქტიურად ერევა ბაზრის რეგულირებაში), საწარმოები შედარებით დაბალ მოგების გადასახადს იხდიან სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით (ნორვეგიაში მოგების გადასახადი შეადგენს 25%-ს, დანიაში - 23,5%-ს და შვედეთში - 20%-ს), მაშინ, როდესაც ამ ქვეყნებში ინდივიდიალური საშემოსავლო გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში (შედარებისთვის: ამერიკაში საშემოსავლო გადასახადი შედარებით მცირეა, სამაგიეროდ, მოგების გადასახადი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია განვიათარებულ ქვეყნებს შორის). ერთი სიტყვით, სოციალური საბაზრო ეკონომიკა ესტონურმა მოდელმა ამ თვალსაზრისით შეიძლება კი არ დააზარალოს, არამედ - პირიქით.

მეორე საკითხი, რომელიც მემარცხენე ორიენტაციის ანალიტიკურმა მედიაგამოცემა European.ge-მ წამოჭრა, არის ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ მოგების გადასახადის გაუქმება ყველა საწარმოსთვის იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ეკონომიკური კრიზისია და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა გაზრდილი ხარჯვა სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის ნეოკეინზიანური არგუმენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გათვალისწინებას. ჯონ მეინარდ კეინზი იყო ბრიტანელი ეკონომისტი, რომელსაც მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მსოფლიო ეკონომიკური დეპრესიიდან გამოსვლის გზად სახელმწიფოების მხრიდან ხარჯვის გაზრდა ესახებოდა. თანამედროვე დროში ზუსტად ამავე არგუმენტით შეებრძოლნენ 2008-2009 წლების ეკონომიკურ რეცესიას ამერიკაში (და ნაწილობრივ ევროპაშიც).

იმისათვის, რომ ნეოკეინზიანურ არგუმენტს სახელმწიფომ სწორად უპასუხოს, საჭიროა ესტონური მოდელის მთლიანად გადმოღება, ანუ დივიდენდებზე არსებული გადასახადის გაზრდაც. ამ შემთხვევაში, ბიუჯეტი იმ დონემდე მაინც შეივსება, რომ სახელმწიფო ხარჯვა (მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ინვესტიციები) ძალზე არ შემცირდეს (ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ კერძო ინვესტიციებმა ვერ გაამართლა).

რომ შევაჯამოთ, ესტონური მოდელის გადმოღება აპრიორი სოციალური უთანასწორობის გაზრდას და სახელმწიფოს ეკონომიკური როლის შემცირებას არ ნიშნავს, თუ სახელმწიფო მას სხვა გადასახადების გაზრდით დააბალანსებს. სხვა შემთხვევაში, ისე გამოვა, რომ ისევ დისკრედიტებულ მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას მივყვებით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG