Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსი მცდარი თეზისი პოლიტიკის ბუნების შესახებ


ამ ბლოგში თავს უფლებას მივცემ, მცირე ფილოსოფიური რეფლექსიით დავკავდე და პოლიტიკის რაობაზე ვისაუბრო - იმაზე, თუ როგორ გვესმის პოლიტიკა საქართველოში და, ჩემი აზრით, როგორ უნდა გვესმოდეს. საქმე რომ გავაადვილო, გადავწყვიტე, ჩამოვწერო ის მცდარი თეზისები პოლიტიკის ბუნების შესახებ, რომელთა გაბათილებასაც შევეცდები. ცხადია, ეს არ არის აკადემიური დისკუსია და თითოეულ ჩემს დებულებას ამომწურავად ვერ დავასაბუთებ; სინამდვილეში, თითოეულ ამ საკითხს სჭირდება საფუძვლიანად გაშლა და დამუშავება, რისი საშუალებაც აქ არ მაქვს. ამის მიუხედავად, შევეცდები მთავარი არგუმენტები მაინც გადმოვცე.

მაშ ასე, ექვსი მცდარი თეზისი პოლიტიკის შესახებ შემდეგია:

1. პოლიტიკა არის კონფლიქტი - ბრძოლა მტრებსა და მეგობრებს შორის. ამ მოსაზრების ყველაზე ავტორიტეტული მხარდამჭერი იყო გერმანელი იურისტი და ფილოსოფოსი კარლ შმიტი. შმიტი ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობის გამო პიროვნულ ავტორიტეტად არ შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ მისი ნაწერები დღემდე არის შთაგონების მნიშვნელოვანი წყარო ნაციზმის მოწინააღმდეგე ბევრი ფილოსოფოსისთვისაც. მისი თეზისი პოლიტიკის შესახებ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკა არის ბრძოლა მტრებსა და მეგობრებს შორის. მისი აზრით, ეს შემთხვევით კი არ ხდება, ან ისტორიული ძალების დროებითი გადაჯგუფების გამო, არამედ ასეთია ზოგადად პოლიტიკის ბუნება. ნამდვილ პოლიტიკაში ჩართვა გულისხმობს მეგობრების მოძებნას და მტრებთან დაპირისპირებას. შმიტის პოზიცია მინიმუმ ორი სხვადასხვა არგუმენტის გამო არის მცდარი: 1) თუ პოლიტიკის საბოლოო მიზანი, ანუ ტელოსი სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ჩართვაა, მაშინ გამოდის, რომ მორალური განსჯისთვის სივრცე აღარ რჩება. მორალური განსჯა გულისხმობს სამართლიანისა და უსამართლოს გამორჩევას. თუ პოლიტიკა, თავისი არსით, კონფლიქტია, მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი სამართლიანია და ნებისმიერი ზავი - უსამართლოა. ამ თეზისზე დათანხმება ყველაზე მილიტარისტულად განწყობილ ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ; 2) შმიტის მოსაზრებას თუ მივყვებით, კონფლიქტის მარადიულად კვლავწარმოებით უნდა ვიყოთ დაკავებული, რაც საბოლოოდ კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს, რადგან ადამიანის მერყევი ბუნებიდან გამომდინარე (შენიშვნა: „ადამიანის ბუნება“ ფილოსოფიურად სადავო ცნებაა, მაგრამ აქ პირობითად ასე დავწერ; სინამდვილეში, ამ დაშვებას ბევრი დაზუსტება მოჰყვება), კონფლიქტები შეიძლება არასდროს შეწყდეს. ერთი სიტყვით, მორალური და პრაქტიკული გადმოსახედიდან, შმიტის მოსაზრება მცდარია;

2. პოლიტიკის მიზანი კონსენსუსის მიღწევაა. როგორც ხედავთ, ეს მოსაზრება შმიტის მოსაზრების სარკისებური ანარეკლია. მას უფრო მეტად ლიბერალები იზიარებენ, ვიდრე სხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები. სინამდვილეში, კონსენსუსის პოლიტიკის ტელოსად დასახვა არანაკლებ პრობლემურია, ვიდრე კონფლიქტის, როგორც პრაქტიკული, ისე მორალური გადმოსახედიდან. ჯერ პრაქტიკული გადმოსახედიდან განვიხილოთ და წარმოვიდგინოთ, რომ ზოგ შემთხვევაში კონსენსუსმა შეიძლება მოწინააღმდეგე უფრო გააძლიეროს, ვიდრე დაასუსტოს და საბოლოოდ ამან უფრო მეტი მსხვერპლი მოიტანოს, ვიდრე კონსენსუსის გარეშე მოიტანდა. შესაძლოა, ზოგიერთი ისტორიკოსისთვის სადავო მაგალითია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების მიერ ნაცისტურ გერმანიასთან მიმართებაში ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკის წარმოებამ უფრო გაართულა საქმე, ვიდრე გააადვილა. მორალური გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ, რამდენად მორალურია კონსენსუსის მიღწევა ძალასთან, რომელმაც, მაგალითად, გენოციდი მოაწყო? ცხადია, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება პრაქტიკული თვალსაზრისით არ გვქონდეს სხვა გამოსავალი, გარდა კონსენსუსისა, მაგრამ ასეთი შეთანხმება მაინც ვერ იქნება მორალურად აბსოლუტურად გამართლებული (შენიშვნა: ის, რომ პრაქტიკულად სწორი გადაწყვეტილებები აუცილებლად მორალურად გამართლებული არ არის, ცალკე დავის საგანია და ამაზე აქ ვერ ვისაურებ). ერთი სიტყვით, პოლიტიკის ამ საფუძველზე შენება ისევე მცდარია, როგორც კონფლიქტის წარმოების თვითმიზნად გამოცხადება;

3. პოლიტიკა არის ექსპერტული გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება. ეს მოსაზრება განსაკუთრებით პოპულარულია პოლიტიკურ ელიტებს შორის, რომლებსაც ან პირადი გამორჩენის გამო არ სურთ გადაწყვეტილების მიმღებთა წრის გაფართოება, ან მიაჩნიათ, რომ ყველაზე კომპეტენტურები თვითონ არიან და მათზე უფრო უკეთ ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ღიად არ საუბრობენ პირად გამორჩენაზე, ამიტომ ამ მოსაზრებას სწორედ კომპეტენტურობაზე აპელირებით ამართლებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, ცოდნის იერარქია არსებობს და ამის უარყოფა შეუძლებელია: ვიღაცები კონკრეტულ დარგებში უფრო მეტ ცოდნას ფლობენ, ვიდრე სხვები, მაგრამ გულისხმობს კი ეს იმას, რომ ისინი უფრო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ? წარმოიდგინეთ პირად გამორჩენაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც დარგის საუკეთესო სპეციალისტია. ასეთი ადამიანი უფრო მეტ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას, თუ ის, ვინც არ არის პირად გამორჩენაზე ორიენტირებული, მაგრამ ვისაც ამავე დროს ვერ ჩავთვლით დარგის საუკეთესო სპეციალისტად? ცუდი ზრახვების მქონე კომპეტენტურმა ადამიანმა შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას, ვიდრე კეთილი ზრახვების მქონე ნაკლებად კომპეტენტურმა ადამიანმა. პოლიტიკა რომ მართლაც ექსპერტული გადაწყვეტილების მიღების ხელოვნება იყოს, ამისათვის ექსპერტები მთლიანად უნდა იყვნენ თავისუფალი პირადი გამორჩენისგან. ამის დაშვება არარეალისტურია - არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, არ გვაქვს. მოდი, საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ: შეუძლია კი კომპეტენტურ ადამიანს, მაშინაც კი, როდესაც კეთილი ზრახვები ამოძრავებს, ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ ადამიანების საჭიროებების შესახებ, ვისაც მისი გადაწყვეტილება შეეხება? მაგალითად, თუ პოლიტიკის მიზანი დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, შეძლებს ადამიანი, რომელიც არც დევნილია და არც სიღარიბის გამოცდილება არ ჰქონია, მთლიანად გაზიარებას იმათი ბედის, ვისაც მისი გადაწყვეტილება შეეხება? დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ვერ შეძლებს (წარმოიდგინეთ სხვა მაგალითებიც, განსაკუთრებით ისეთი შემთხვევები, როდესაც მხოლოდ კაცები იღებენ გადაწყვეტილებას იმ საკითხებზე, რომლებიც უმთავრესად ქალებს ეხებათ). ცხადია, პოლიტიკაში ექსპერტები საჭიროა, მაგრამ პოლიტიკა მხოლოდ ექსპერტული გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნება არ არის. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვა აუცილებელია;

4. პოლიტიკის მიზანი აბსოლუტური დეცენტრალიზაციაა. როგორც ხედავთ, ეს მოსაზრება წინა მოსაზრების სარკისებური ანარეკლია. თუ პირველი მოსაზრების მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკაში მხოლოდ ელიტები - ექსპერტები უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მეორე მოსაზრების ავტორები თვლიან, რომ პირიქით, გადაწყვეტილების მიღება ცენტრისგან რაც შეიძლება შორს და ქვედა დონეზე უნდა ხდებოდეს. ეს მოსაზრება, თავისი აბსოლუტური ფორმით, ისევე მცდარია, როგორც წინა. მოდი, ორი საწინააღმდეგო არგუმენტი განვიხილოთ. პირველი კონტრარგუმენტი ამ მოსაზრების წინააღმდეგ ის არის, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარკვეული ცოდნის იერარქია არსებობს: ყველა ყველაფერში კომპეტენტური ვერ იქნება. მაგალითად, მე შეიძლება ვიღაცაზე უკეთ მესმის კომპიუტერული მეცნიერებები, მაგრამ ბევრად უარესად მესმის სოფლის მეურნეობა. რამდენად სწორი იქნება, რომ ჩემი მოსაზრებების განხილვას სოფლის მეურნეობაზე უფრო მეტი დრო დაეთმოს, ვიდრე სხვა ადამიანის მოსაზრებებს, ვინც სოფლის მეურნეობის ექსპერტია? გარკვეული ექსპერტული იერარქიის არსებობა გარდაუვალია. ეს არის ინტელექტუალური შრომის დანაწილება, რომელსაც თანამედროვე საზოგადოებაში ვერ ავცდებით. რაც შეეხება მეორე კონტრარგუმენტს, ასეთი კითხვა დავსვათ: მორალურად რამდენად გამართლებულია გადაწყვეტილების მიღების მთლიანად დეცენტრალიზაცია? ბევრ რადიკალ აქტივისტს შეიძლება ეს უცნაურ და არაკორექტულ კითხვად მოეჩვენოს. მათ შეიძლება იკითხონ, თუ რანაირად შეიძლება „ძალაუფლება ხალხს“ არ იყოს მორალურად გამართლებული ლოზუნგი. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქალაქში არის ორი უბანი, რომელთაგან ერთი ძალიან მდიდარია და ერთი - ძალიან ღარიბი. თუ თითოეულ მათგანს მივცემთ საშუალებას, რაც შეიძლება ქვედა დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება, რა შედეგს მივიღებთ? რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ მდიდარი უბნის მოსახლეობამ არ დაუჭიროს მხარი ღარიბ უბანში ინფრასტრუქტურული პროექტების სუბსიდირებას. უფრო ზედა დონეზე დღეს დაახლოებით მსგავსი დისკუსია წარმოებს ევროპაში, სადაც ზოგიერთ მდიდარ რეგიონს არ სურს გადასახადების გადახდა ღარიბი რეგიონების შენახვისთვის. ცხადია, ამ შემთხვევაში ნაციონალისტური არგუმენტები გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ეს მერკანტილური არგუმენტიც ზოგჯერ ღიად ისმის ხოლმე საჯარო სივრცეში. თუ მას გავყვებით, აბსოლუტურად ფრაგმენტირებულ და ეკონომიკურად უკიდურესად უთანასწორო მსოფლიოს მივიღებთ. ძალაუფლების ცენტრალიზაციამ და ერი სახელმწიფოების გაჩენამ გარკვეულ დონეზე ხელი შეუწყო სოციალურ უთანასწორობას, რისი უარყოფაც შეუძლებელია;

5. პოლიტიკა არ შეიძლება მორალური იყოს. ამ მოსაზრების მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალაუფლებას შეეხება, აუცილებლად გაირყვნება. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ადამიანი თავისი არსით ამორალურია, რადგან როდესაც შესაძლებლობა ჩაუვარდება ხელში, აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს მას. ბევრ პირად გამორჩენაზე ორიენტირებული პოლიტიკოსზე დაკვირვებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მოსაზრება სიმართლეა, მაგრამ მოდი, ჯერ კონტრარგუმენტებსაც დავუკვირდეთ. როდესაც ვამბობთ, რომ პოლიტიკა ამორალურია, როგორი სახის პოლიტიკას ვგულისხმობთ? პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკისგან დამოუკიდებლად, რადგან ეს ორი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალი სოციალური უთანასწორობაა, პოლიტიკაც იმ ეკონომიკური იმპერატივების ქვეშ ექცევა, რომლებმაც უთანასწორობა წარმოშვეს. აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების საკითხი სწორად წამოჭრა დემოკრატიული პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა ლოურენს ლესიგმა. ლესიგს მიაჩნია, რომ აშშ-ში პოლიტიკური კორუფციის მთავარი წყარო პოლიტიკური კამპანიების არათანაბარი დაფინანსებაა. მართლაც, ასეთ სისტემაში, სადაც თანაბარი სასტარტო პირობები არ არსებობს და დონორებზე დიდად არის დამოკიდებული კანდიდატის ან პარტიის წარმატება, პოლიტიკოსებს აქვთ ცდუნება, რომ პირველ რიგში, პირად გამორჩენაზე იფიქრონ. იმისათვის, რომ პოლიტიკა გაკეთილშობილდეს, ბევრ ქვეყანაში სწორედ პოლიტიკური დაფინანსების სისტემის ცვლილებაა საჭირო. ერთი სიტყვით, პოლიტიკა, როგორც ასეთი, კი არ არის ამორალური, პოლიტიკური სისტემაა ამორალური. ასეთი სისტემა კი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ამავე დროს, უთანაბრო პოლიტიკურ სისტემაშიც შეიძლება გარკვეული ცვლილებების მიღწევა, თუკი პოლიტიკური მოძრაობა საკმარისად ძლიერია.

6. პოლიტიკაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მასში იდეოლოგიების ადგილი არ არის. ეს მოსაზრება განსაკუთრებით პოპულარულია მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიების კრიზისის ფონზე დასავლეთში. ბევრი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ცენტრისტი პოლიტიკოსები, ამტკიცებს, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება თანამედროვე დროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეოლოგიური გადაწყვეტილებებისა. იმისათვის, რომ ამ მოსაზრების სიმცდარე დავინახოთ, პირველ რიგში, უნდა დავსვათ კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის იდეოლოგია. თუკი იდეოლოგიას „პრაგმატულობას“ ვუპირისპირებთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეოლოგია არის გარკვეული ღირებულებების სისტემა, რომელი ღირებულებებიც ერთმანეთზე თანმიმდევრულად, რაღაც ლოგიკის მიხედვით არის აწყობილი. თუკი პრაგმატული გადაწყვეტილება მორალურად ნეიტრალურია და ყველა ადამიანს თანაბარ სარგებელს მოუტანს, იდეოლოგია მიკერძოებულია და ვიღაცებს უფრო მეტ სარგებელს მოუტანს (როგორც მატერიალურს, ისე ღირებულებითს), ვიდრე სხვებს. შესაძლებელია კი, ამ ნულოვანჯამოვანი თამაშის მოსპობა პოლიტიკაში? შესაძლებელია კი, რაღაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აბსოლუტურად ყველას თანაბრად დააკმაყოფილებს? ასეთი ყველასთვის სახარბიელო გადაწყვეტილების დამაჯერებელი მაგალითი არ გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველთვის ჩნდება ხოლმე ვიღაც ერთი მოქალაქე ან მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც უკმაყოფილოა გარკვეული გადაწყვეტილებებით და მათ შეცვლას ითხოვს. ბევრ შემთხვევაში შეუძლებელია ნეიტრალური გადაწყვეტილების მიღება - ისეთის, რომელიც არავის გააღიზიანებს და რომელსაც ყველა მხარს დაუჭერს. გარკვეული სახის იდეოლოგიური უთანხმოება მოქალაქეებს შორის („იდეოლოგია“, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფართო გაგებით მესმის და არა მხოლოდ მემარცხენე-მემარჯვენეობა ან ლიბერალიზმი-კონსერვატიზმი) მაინც იქნება. იდეოლოგიების მოსპობა ისევე შეუძლებელია, როგორც ღირებულებითი უთანხმოებისა ზოგადად.

ცხადია, ამ თეზისების რაოდენობა, რომელთა უარყოფასაც ზემოთ შევეცადე, პირობითია. რამე უნივერსალური ექვსი წესი პოლიტიკაში არ არსებობს. ამ ექვსს ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ განსაკუთრებით ხშირად მიწევს ხოლმე მათ მხარდამჭერებთან დისკუსია. ასევე, ეს ექვსი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე. ისინი აქტუალურია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. მართალია, მათი განხილვა მხოლოდ ნეგატიურ პლანში მომიწია, მაგრამ ზოგჯერ მცდარი შეხედულებების კრიტიკამაც იმაზე მეტი სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG