კანის კინოფესტივალი თითქმის ყოველთვის ემთხვევა 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს. 2013 წლის ფესტივალი დაუვიწყარია ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის - კარგად მახსოვს უსუსურობის განცდა თბილისის ამბების გაგების შემდეგ, მახსოვს გათენებული ღამეები და აქ ნაჩვენები ფილმების სრულფასოვანი აღქმის უუნარობა, რომელიც შემდეგ ღრმა დეპრესიაში გადაიზარდა. მაგრამ წელს, სწორედ 17 მაისს, ფესტივალის პირველივე დღეს, ყველაფერი ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ მეც კი, გამოუსწორებელმა სკეპტიკოსმა და იჭვიანმა, ლამის ზებუნებრივი ძალების არსებობა ვირწმუნო. იმ დღეს, როცა თბილისში მრევლის ნაწილი “ოჯახის სიწმინდის დღეს” აღნიშნავდა, ჩოხა-ახალუხითა და რუსთაველზე სამღერად და საცეკვაოდ გამოყვანილი ბავშვებით, კანის ფესტივალზე აჩვენეს წლევანდელი კონკურსის პირველი ფილმი, ანდრეი ზვიაგინცევის “უსიყვარულოდ”... აი, რამდენიმე დღე გავიდა ფესტივალის დაწყებიდან, მე კი არ მინელდება ზვიაგინცევის სურათით მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მიჭირს სხვა ფილმების აღქმა - ყველა სხვა სურათი ისეთი ზედაპირული და “უტკივილო” გეჩვენება და ფიქრობ, იქნებ სწორედ ფესტივალის პირველი ფილმი გახდეს წელს “ოქროს პალმის” ლაურეატი?
ანდრეი ზვიაგინცევს კანის 70-ე ფესტივალზე ერთი ღირსეული კონკურენტი ჰყავს - მიხაელ ჰანეკე თავისი ახალი სურათით “ჰეპი-ენდი”. ჰანეკეს აქვს შანსი მოხსნას ყველა რეკორდი და მესამედ გახდეს “ოქროს პალმის” მფლობელი (მით უმეტეს, რომ წლევანდელი კონკურსი, ყოველ შემთხვევაში, შარშანდელთან შედარებით, ნამდვილად არ ჩანს ძლიერი).
თავის დროზე მიხაელ ჰანეკე “პალმის” ლაურეატი გახდა ფილმით, რომელსაც ერქვა “სიყვარული” - დიდი, მართლაც რომ გამორჩეული სასიყვარულო დუეტით ჟან-ლუი ტრენტინიანისა და ემანუელ რივასი და კადრს მიღმა დისტანციური, ცინიკური და სასტიკი ჰანეკეთი... ზვიაგინცევის ფილმს ჰქვია “უსიყვარულოდ” - უსიყვარულო გარემოთი, ზიზღით პერსონაჟებს შორის და ავტორის, შეიძლება ითქვას, სასოწარკვეთილი თანაგრძნობით სწორედ ამ პერსონაჟების მიმართ.
თანამედროვე ევროპელი რეჟისორები სოციალურ პრობლემებზე მსჯელობისას თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან სარკაზმში. კინოში იქმნება პარადოქსული სიტუაცია, რომელიც პირადად მე არასდროს შემიმჩნევია არც ნეორეალისტებთან, არც ინგლისელ “გაბრაზებულებთან” და არც “ახალ გერმანულ კინოში”. ავტორები მიმართავენ აქტუალურ თემებს, გველაპარაკებიან ძლევამოსილ კორპორაციებზე, ბანკებზე, ლტოლვილების მიმართ აგრესიაზე, მაგრამ თავადაც განიცდიან უსიყვარულობას. თანაც არა მხოლოდ ადამიანების მიმართ (რაც, ცხადია, მათი უფლებაა), არამედ კინოს მიმართ უსიყვარულობას (ერთ-ერთი ასეთი ავტორი, გერმანელი რეჟისორი მარინ ადე, წლევანდელი ფესტივალის ჟიურიშია); გამომსახველობით საშუალებათა ენა გაღარიბდა, კინო გადატენილია კლიშეებით, კარიკატურული პერსონაჟებით, ტელესერიალებიდან გადამისამართებული ახლო ხედებით...
ანდრეი ზვიაგინცევს კრიტიკოსები ხან ბერგმანს ადარებენ, ხან ტარკოვსკის, ხანაც დრაიერს და როსელინის. სინამდვილეში “ლევიათანის” შემდეგ ზვიაგინცევი სრულიად განთავისუფლდა გავლენებისგან და კინოში თავისი განუმეორებელი სტილი შექმნა. ახლა მას შესწევს უნარი, ფილმის მსვლელობის დროს მაყურებელთან ერთად გაიაროს რამდენიმე “ზედაპირი”, უფრო სწორად, აიაროს (!), ავიდეს უკიდურესად ყოფითი სივრციდან (რასაც რუსები “ჩერნუხას” ეძახიან) უკიდურეს სიმაღლეზე და ფინალში, სწორედ იქიდან დაგვანახვოს ეს უსიყვარულო სამყარო (ბრეიგელის ციტატა ფილმის ერთ-ერთ ბოლო კადრში არაა შემთხვევითი).
ფილმის გმირები, საშუალო კლასის მოსკოველი ცოლ-ქმარი, ბორისი და ჟენია, განქორწინების ფორმალურ საკითხებს აგვარებენ, ყიდიან ბინას და გეგმავენ, რომ ინტერნატში ჩააბარონ თავიანთი 12 წლის ბიჭი, ალიოშა... მორიგი ოჯახური გარჩევების შემდეგ ბავშვი სახლიდან გარბის. ბორისი, რომელიც აქამდე უფრო იმას დარდობდა, რომ განქორწინების შემდეგ სამსახურის დაკარგვა ემუქრება (მისი შეფი, ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი, განქორწინებას უკრძალავს თანამშრომლებს), ახლა იძულებულია, ცოლთან ერთად ჩაერთოს ალიოშას ძებნაში - საავადმყოფოებში, ტყეში, მორგებში. ჟენია, რომელსაც რამდენიმე წელია, არ უნახავს ასაკოვანი დედა (თავის დროზე რომ მიატოვა შვილი), ასევე იძულებული ხდება, მიაკითხოს მას, იმ იმედით, რომ ალიოშა სწორედ ბებიასთან იმალება. ეგზისტენციალური დრამა ნელ-ნელა გადაიზრდება ეგზისტენციალურ დეტექტივში - ალიოშას ძებნაში ჩაერთვება კორუმპირებული პოლიცია, მოხალისეები, რომლებიც მონდომებით კი ასრულებენ სამუშაოს, მაგრამ იმდენად უსახოები არიან, რომ უფრო მეტად საბჭოთა ფილმების “მისაბაძ” გმირებს გვაგონებენ.
უსახობა აქ ხრწნის გარემოს. ზვიაგინცევისა და მისი, მართლაც რომ, შესანიშნავი ოპერატორის, მიხაილ კრიჩმანის სამყაროში ადამიანების ურთიერთობა იმდენადაა გაუფასურებული, რამდენადაც თავად ადამიანობაა გაუფასურებული მათ სამშობლოში, რუსეთში. უხამსობა ოჯახის წევრების ურთიერთობაში, უხამსობა ოფისებში, სადაც ახალი ეკლესიების უზარმაზარი ფოტოების ფონზე სასადილოებშიც კი ჩურჩულით ესაუბრებიან ერთმანეთს შეშინებული თანამშრომლები... აგრესია და სიძულვილი სატელევიზიო და რადიორეპორტაჟებში, რომელთა ავტორები, ვითომც “ობიექტურად” ცივი ხმით, იტყობინებიან უკრაინისა და დონბასის ამბებს. და ცივი, ნაცრისფერი, უმზეო პეიზაჟები - ზვიაგინცევის ფილმის თითქმის ყველა კადრში რომ ჩნდება და სრულიად ათავისუფლებს სურათს სატელევიზიო კინოს ესთეტიკისგან. ეს უსახობა ფილმში “უსიყვარულოდ” კინემატოგრაფიული სანახაობა ხდება! არ ვიცი, პირადად მე ვერ ვიხსენებ თანამედროვე კინოში მეორე ასეთ მაგალითს.
გაჭიანურებული ზამთარი თითქოს უშუალოდ არ ეხება ფილმის მეორე პლასტს - გამდიდრებული რუსეთის სტერილურ, გაპრიალებულ ინტერიერებს, პენტჰაუსებს, მონიტორებით გავსებულ ოფისებს (ბორისი მუშაობს, როგორც თავად ამბობს, “მართლმადიდებელ სამშენებლო ფირმაში”), სილამაზის სალონებს და რესტორნებს. ყველა გაბრაზებულია, ყველა მოწყენილია. პოლიცია დაღლილია და აღიარებს, რომ უძლურია მიაგნოს ალიოშას, რადგან ასეთი ამბავი ყოველდღე ხდება მოსკოვში. ყველა იგინება და იწყევლება. ჟენიას და ბორისს ახალი საყვარლები ჰყავთ, ბორისის საყვარელი ბავშვსაც კი ელოდება... მაგრამ ბედნიერება არასდროს ჩნდება მათ სახეზე. სექსიც კი, უაღრესად ნატურალისტურად ნაჩვენები, ისტერიული აქვთ. ზვიაგინცევის სამყაროს თითქოს არა აქვს მომავალი... კი, ეძებს აქ სინათლის ნაპერწკალს მისი კამერა. ზოგჯერ შფოთავს კიდეც. მაგრამ ამაოდ - ოჯახი ინგრევა, ბავშვი სიძულვილს გაურბის... ოჯახი კი - აგერ ჩვენც გვახსენებენ ხოლმე, 17 მაისს, “ქვეყნის და ერის ბურჯიაო”. ჰოდა, უსიყვარულო ოჯახი არის უსიყვარულო ქვეყანა. ცოტა ხანში ამ უსიყვარულობას ჩვენ, ქართველები უკვე კონსტიტუციურად გავაფორმებთ. ჩოხა-ახალუხით გამოვალთ რუსთაველზე და ბავშვებს ვამღერებთ.
ფრთხილად იყავით! თქვენი შვილები გიყურებენ, როგორი ფარისევლები ხართ და როგორ გძულთ ადამიანები! გაჭიანურებული ზამთარი, მადლობა ღმერთს, არ გვაქვს, მაგრამ ცოტა ხანში მზეც ვეღარ გიშველით.