Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ვერ აყვავდა ნუში


დღესაც მახსოვს ემოცია, რომელიც დიდი ხნის წინ, ჩემი ერთი უფროსი კოლეგის სტატიის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა. “როცა ვერ აყვავდა ნუში” - ასე დასათაურდა რეცენზია ლანა ღოღობერიძის ფილმზე “როცა აყვავდა ნუში”, რომლის პრემიერა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლას და “მავნე ტრადიციებთან ბრძოლის” გამოცხადებას დაემთხვა. წერილის ავტორმა ფილმის ყველა გმირი “განიხილა” და ბოლოს დაიწუნა ლანა ღოღობერიძის ნამუშევარი. მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმში არც ერთი დადებითი გმირი არაა და რომ სესილია თაყაიშვილის მიერ შესრულებული ბებიაც კი საერთო უზნეობის ჭაობშია ჩაფლული. რეცენზია იმიტომაც დამამახსოვრდა, რომ ავტორი ოსტატურად “განიკითხავდა” მხატვრული ნაწარმოების გმირებს, იმდენად ოსტატურად რომ, რაღა დაგიმალოთ, მოვიხიბლე კიდეც სტატიით.

საშუალო სკოლას ვამთავრებდი და “გმირების გარჩევას” შეჩვეული ვიყავი. ასე გავიარე მთელი ქართული ლიტერატურის ისტორია, ასე მასწავლეს - “დადებითი და უარყოფითი გმირები ვეფხისტყაოსანში” და ის აზრიც ჩამინერგეს თავში, რომ ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც დადებითი გმირი არ ჰყავს, ვერასდროს შეასრულებს “სულის ინჟინრის” როლს. მკითხველს არ მისცემს საშუალებას, ვინმეს მიბაძოს.

სამწუხაროდ არ ვიცი, როგორ ასწავლიან დღეს სკოლებში ქართულ ლიტერატურას. შემეძლო, რა თქმა უნდა, ცოტა მომეცადა, ხვალ ან ზეგ მენახა ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო და მერე დამეწერა ეს ბლოგი. მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, ვერ მოვითმინე. მეტისმეტი იყო შოკი, რომელიც ამ დილით, ბაკალავრებთან ჩატარებული პირველი სემინარის შემდეგ მივიღე. სტუდენტებმა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი “რებეკა” განიხილეს და მიუხედავად ჩემი მცდელობისა, თავი დაგვენებებინა პერსონაჟების დახასიათებისთვის (მით უმეტეს, რომ ჰიჩკოკთან ეს პერსონაჟები მაინც და მაინც არ გამოირჩევიან “ფსიქოლოგიით”), გვესაუბრა ფილმზე, ატმოსფეროზე, სიუჟეტის განვითარებაზე... სტუდენტები მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ გმირების განხილვას. ყველაზე გულწრფელებმა ისიც თქვეს, რომ ფილმი არ მოეწონათ, რადგან “რებეკაში”... არ არიან დადებითი გმირები.

ეს ამბავი აუცილებლად დარჩებოდა ჩემსა და ჩემს სტუდენტებს შორის, რომ არა ეროვნული განათლების სისტემის კატასტროფული - მე ვიტყოდი, “სტალინური” - მემკვიდრეობა, რომელსაც, როგორც ჩანს, განათლების რეფორმამ ვერ უშველა. აგერ გია დვალი გვეუბნებოდა ანალიზის პრიორიტეტზე განათლებაში, მაგრამ დვალი სადაა? დვალის და ანალიზის ნაცვლად მივიღეთ მინისტრი, რომელსაც სამეცნიერო კონფერენციებზე (მაგალითად, ბაკურიანში, კონფერენციაზე, რომელსაც პირადად დავესწარი) ტელეოპერატორები დაჰყვებიან... ეს ოპერატორები, მინისტრიანად, შედიან გერმანელი პროფესორის ლექციაზე, აწყვეტინებენ მას და იწერენ ინტერვიუს... განათლების პრიორიტეტებზე. პროფესორების ფონზე, ცხადია.

ანალიზი არ არსებობს. თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ანალიზის სწავლას გვპირდება მომავალში. პრინციპში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უკვე დაიწყო ანალიზი. პროკურატურის “მწირ ინფორმაციას” დაეყრდნო და, ანალიზის გასაოცარი უნარის წყალობით, სულ დეტალებში გვიამბო “ალასანიას საქმის” შესახებ.

მაგრამ ივანიშვილი იქით იყოს. ის ჩემი უფროსი კოლეგაც იქით იყოს და დაე, მეც გავყვე მათ. 2030 წლამდე არა მგონია მაინც გავძლო. ახალგაზრდებს დავუბრუნდეთ, იმ სტუდენტებს, რომლებიც ყოველ წინადადებაში “ანუს” ვერ ელევიან და “რებეკას” გმირებს განიხილავენ დიდი, დიდი ვნებით.

“ჩვენ პროკურორები არა ვართ!”, ეს ვუთხარი და გაეღიმათ. დამაიმედებელი ღიმილია ეს, იმის მანიშნებელი, რომ ქართველი ახალგაზრდები შეეშვებიან ადამიანთა განსჯის ამ რაღაც უსაზღვრო ვნებას ყოველ შემთხვევაში ხელოვნების ნაწარმოების ანალიზის დროს მაინც და, რაც მთავარია, თავს დაანებებენ დადებითი გმირების, რაინდების, მესიების, “ღმერთის გამოგზავნილების”, უნეტარესების და უსუფთავესების ძიებას. თორემ ამ ძიება-ძიებასა და საოცნებო რაინდებზე ოცნებაში დარჩებიან ასე უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ დაოჯახდებიან, უსიყვარულოდ ისწავლიან, უსიყვარულოდ ასწავლიან, უსიყვარულოდ იმუშავებენ, უსიყვარულოდ მართავენ ქვეყანას.

ჩვენი დაუხვეწაობა, დაშლილობა თუ “ნაკლულობა” ერთდროულადაა მადლიც და მძიმე ჯვარიც, რომელსაც ყოველი ჩვენგანი ატარებს. ჩვენი სიცოცხლისთვის უთუოდ მადლია, რადგან სტიმულია, როგორმე მოვასწროთ და გავმთლიანდეთ, ნაწილობრივ მაინც. მაგრამ ეს დაუხვეწაობა მთელი გარემოს, ყველა ადამიანის ჯვარიცაა. ეს დაუხვეწაობა განაპირობებს ამ პლანეტის ყველაზე მთავარ “მონაპოვარს” - მრავალფეროვენებას. დასრულებული მხოლოდ მკვდრები არიან. მკვდრის სიყვარულს კი რა ჰქვია, ეს სტუდენტებმაც მითხრეს. ნეკროფილია! იდეალური გმირი (ე.ი. უმოძრაო და “დასრულებული”), რომელიც “ღმერთმა გამოგვიგზავნა”, რომელიც გადაგვარჩენს, სტალინური რელიგიის ეს ღრმად დამკვიდრებული კლიშე მამა-გადამრჩენზე, ჩემდა გასკვირვად, იმ ახალგაზრდების მსჯელობაშიც დომინირებს, რომლებიც საბჭოთა კავშირს არ მოსწრებიან.

რას უყვება ერთმანეთს “დადებითი გმირების” მაგალითზე აღზრდილი თაობა? როგორ აფასებს, მაგალითად, გასული კვირის ყველაზე საზარელ მოვლენას - ტრანსგენდერი ქალის (დიახ, ქალის) დაწვას? მე ვიტყოდი, “გადაწვას” ან, როგორც ცნობილი პოეტი გვპირდებოდა, მისთვის “ჯოჯოხეთის მოწყობას”? ძალადობის მსხვერპლი ხომ არ იყო მათთვის “დადებითი გმირი”, რომელსაც მივბაძავდით? განა მსხვერპლმა თავად არ თქვა უარი იმაზე, რასაც “ნორმას” ვეძახით და გაბედა ეცხოვრა არა სხვისი, არამედ საკუთარი ცხოვრებით? სიცოცხლის ფასად გაბედა ეს. მის ცხოვრებასაც არჩევენ ფილმივით, აი ისე, ქართულ ყვითელ ტელეშოუებში რომ არჩევენ ხოლმე? ფაქტი ხომ გვაქვს უკვე - “პროკურორები” ახლა უკვე მკვდრებსაც გამოუჩნდათ ქვეყანაში. საზარელ მკვლელობას არჩევენ და მსხვერპლზე განსჯას ასე ასრულებენ - “ღირსი იყო!”

2030 წლამდე ნუში აყვავდებაო, დაგვპირდნენ. არა მგონია, სამოთხის ბაღს მოვესწრო. ღმერთმა დამიფაროს! ასეთ სამოთხეს დაფასთან გამოსული, ცოტა არ იყოს დაბნეული სტუდენტი მირჩევნია, აღელვებული რომ იმეორებს ყველა წინადადებაში ამ რაღაც საშინელ “ანუს”. იმიტომ, რომ სტიმულია პირადად ჩემთვის იმის იმედი, რომ ისწავლის, თვალი აეხილება... ბოლოს და ბოლოს ნახავს კინოს ისტორიაში ყველაზე სასაცილო ფილმს (სხვათა შორის, პირველ “ტრავესტი-შოუს”) და აუცილებლად, აუცილებლად დაიმახსოვრებს ფინალურ ფრაზას ამ ფილმიდან: “ამქვეყნად არავინაა უნაკლო!”

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG