Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტა რამ ალმოდოვარის შესახებ


ჯერჯერობით ვერავინ გადამარწმუნა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი უანგარო სიყვარული - სიყვარული დედასა და შვილს შორის. როგორც ჩანს, ვერც პედრო ალმოდოვარი გადაარწმუნა ვინმემ. 60-ს გადასცილდა, მაგრამ იმავეს ამტკიცებს. ვერ ივიწყებს მაშინაც კი, როცა დედა მკვდარია. შეიძლება ჰიჩკოკიც ამიტომ შეუყვარდა ასე. ის ჰიჩკოკი, რომლის სული მუდმივად იგრძნობა “ხულიეტაში”, ალმოდოვარის ახალი ფილმის სტრუქტურაში, სცენების აგების წესში, როზი დი პალმას სიყვარულისგან გაბოროტებული მოსამსახურის მზერაში (პირდაპირი მოკითხვა “რებეკადან”), ალბერტო იგლესიასის მუსიკაში, თითქმის უწყვეტად რომ ისმის ეკრანიდან და, რაც მთავარია, დანაშაულის კომპლექსის კინემატოგრაფიულ ინტერპრეტაციაში, დანაშაულის კომპლექსისა, რომელიც ანგრევს და აშენებს ანტიკური ლიტერატურის სპეციალისტის, 50-ს მიღწეული ხულიეტას ცხოვრებას... ნაწილობრივ ანგრევს და აშენებს თავად ალმოდოვარის ფილმს.

პედრო ალმოდოვარის თაყვანისმცემლები, მგონი, შევთანხმდით, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ნომერი პირველი ესპანელი რეჟისორის შემოქმედებას (და შეიძლება ცხოვრებასაც) ღრმა კრიზისის ნიშნები დაეტყო. რაღაც ახლის ძიებაში ჟანრებს მუდმივად ცვლიდა, მაგრამ თავის ძველ ნაკლს - მასალის გამთლიანების უუნარობას ვნებების ლაბირინთში, იმას, რასაც აქამდე მშვენივრად შენიღბავდა ხოლმე განუმეორებელი იუმორით, დასამახსოვრებელი სახეებით, დიზაინით, და, რაც მთავარია, პროვოკაციითა და, უბრალოდ, ხულიგნობით - უკვე ვეღარაფერი მოუხერხა. ბოლო ფილმებში ამის ძალა გამოელია - კინო დაეშალა, ვნება და სისხლი შემოელია. თითქოს დედამისს გაატანა ეს ვნება და დარჩა მარტო, 60 წლის ობოლი ბიჭი, რომლის თაყვანისმცემლები ისევ იუმორს, სექსს და ვნებების კორიდას ვთხოვდით, მას კი აღარც ეცინებოდა და აღარც სექსის თავი ჰქონდა.

“ხულიეტაში”, ეტყობა, ამ კრიზისიდან კანადელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ელის მანრომ გამოიყვანა. ალმოდოვარი ამბობს, რომ მისი მოთხრობის თავისუფალ ინტერპრეტაციას მიმართა, თუმცა აქ, კანში, ფრანგი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ თავად ალმოდოვარის ენა, ამბის განვითარების სტილი მანროს და ალმოდოვარს თითქმის ერთნაირი აქვთ და რომ უცნაურიცაა, რომ აქამდე არ მიმართა რეჟისორმა მანროს შემოქმედებას. ორივეს უყვარს “მეორე პლანის” პერსონაჟების მოულოდნელი გამოყვანა წინ და იმის ხაზგასმა, რომ ამ სამყაროში “ცალკეული” საერთოდ არ არსებობს.

“ხულიეტაში” მთავარი გმირის ცხოვრებას სწორედ ეს “უკანა პლანის” პერსონაჟები აწყობენ. სულ ახალგაზრდა იყო, ჯერ კიდევ სტუდენტი, როცა მატარებელში გამოელაპარაკა ასაკში შესული კაცი. ხულიეტას შეეშინდა და არა მარტო პასუხი არ გასცა, არამედ დემონსტრაციულად დატოვა მატარებლის კუპე. მატარებლის ვაგონ-რესტორანში კი გაიცნო ახალგაზრდა, ლამაზი მეთევზე, რომელიც ცოტა ხანში მისი ქმარი და მისი ქალიშვილის მამა გახდება. მათი გაცნობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაირკვევა, რომ მოხუცი მატარებლიდან გადახდა და თავი მოიკლა.

პედრო ალმოდოვარის ფილმების სიუჟეტის მოყოლა ისედაც არაა კარგი საქმე, მაგრამ “ხულიეტას” შესახებ თხრობა მით უმეტეს ძნელია - გარდა იმისა, რომ ესაა “მელოდრამატული ჰიჩკოკი” და მით უმეტეს უნამუსობაა მკითხველს წინასწარ უამბო დაწვრილებით ფილმზე, რომელიც ჯერ არ უნახავს, “ხულიეტაში” ვნებები ისეა გადახლართული, სიტყვის დიდი ოსტატი უნდა იყო, ყველაფერი ზუსტად რომ აღწერო. სამაგიეროდ ცოტა რამ შეიძლება ითქვას თავად ალმოდოვარის შესახებ, უდედოდ დარჩენილი “წითელი კლოუნის” შესახებ, რომელსაც “ხულიეტას” პრემიერის წინ ახალი დარდი დაემატა - “პანამის დოკუმენტები”. ახლა თავი უნდა იმართლოს პრესის წინაშე, ტელევიზიის წინაშე - ტელევიზიისა, რომელსაც ყველა თავის ფილმში ლამის სამყაროს მთავარ ბოროტებად გამოხატავდა. თავი უნდა იმართლოს თაყვანისმცემლების წინაშე - “გაგვაცინე პედრო! გაგვაბრაზე! “, “არ დაბერდე პედრო!” - უბრძანებენ მას ფანები. მას კი არ შეუძლია. ის აღარაა კლოუნი. და ახლა უკვე პირდაპირ ამბობს, რომ სიბერე უსამართლობაა. რადგან უსაშველოდ უყვარს სიცოცხლე და ახალგაზრდობა.

“ხულიეტაში” ალმოდოვარი ერთიმეორის მიყოლებით “ხოცავს” მამაკაცებს, თითქოს შურს იძიებს იმათზე, ვინც ქალებს, უპირველეს ყოვლისა კი, დედებს სიცოცხლე გაუმწარეს. პედრო კლავს მეთევზესაც. აღარ არიან მეთევზეები, მოციქულები და “ადამიანებზე მონადირეები”... მორჩა მეთევზე, რომელმაც “სინათლეზე უნდა გამოიტანოს” შენიღბული ჭეშმარიტება, დასრულდა ღმერთ-კაცის ეპოქა. ახლა ქალებმა უნდა აიღონ ძალაუფლება - კეთილმა და ბოროტმა ქალებმა, ლოგინად ჩავარდნილებმა და ახალგაზრდებმა, ბოროტმა მოსამსახურეებმა და კეთილშობილმა მხატვრებმა... შემთხვევითი არაა აქ ფილმის მთავარი სახე - ადრეული ანტიკური ეპოქის სკულპტურის სტილიზაცია - “კუროსი” მოჭრილი ფალოსით. ახალგაზრდა კაცების ამ ქანდაკებებს, როგორც ცნობილია, საფლავებზე დგამდნენ. მათი ღიმილი ხშირად შემზარავია. ახალგაზრდობა და სიკვდილი, სექსი და სიკვდილი ერთდროულად აისახება მათ გამომეტყველებაში.

კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო, მაგალითად, პედროს ფილმში “ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე”, მაგრამ იქ მაინც კარნავალსა და საერთო მხიარულებაში დასრულდა შურისძიება, “ხულიეტაში” ამ ამბოხებას უკვე დაობლებული - არ მინდოდა, ეს სიტყვა მეხსენებინა, მაგრამ სხვა გზა არაა - “მოხუცი”... დედით დაობლებული მოხუცი აწყობს. იმას, დონა ფრანცისკას, ჰყავდა ნიჭით სავსე შვილი, პედრო ალმოდოვარი. მის ყველა ფილმში გამოჩნდებოდა ხოლმე, თუნდაც ერთი წამით. ამას არავინ ჰყავს. არც დედა და არც არავინ. ჰყავდა მხოლოდ თაყვანისმცემელთა არმია, რომელიც სთხოვდა, რომ გააცინოს და გააბრაზოს. და ისიც, ნელ-ნელა დაკარგა. ამას არავინ ჰყავს, სიყვარულის უანგარობა რომ გამოხატოს.

ხულიეტას, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ დედას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის მამა-მეთევზის დაღუპვაში, გაექცევა ერთადერთი ქალიშვილი, ანთია. გაიქცევა და გაუჩინარდება. ფილმის დასაწყისში დედა შემთხვევით იგებს, რომ ანთია დაოჯახდა და შვილები ჰყავს. ხულიეტა მას წერილ სწერს, უყვება თავის ცხოვრებას, უყვება ისე, როგორც პედრო ალმოდოვარი მოუყვებოდა თავის შვილს. ასეთი რომ არსებობდეს. ახლა უკვე ანთიასაც სტანჯავს თურმე დანაშაულის კომპლექსი - რომელიღაც რელიგიურ სექტაში გაწევრიანებულა და იქ ცდილობს დაეკონტაქტოს დამხრჩვალი მეთევზე-მოციქულის სულს.

ხულიეტა მის გადასარჩენად მიდის. ჩაველა ვარგასი მღერის თავის სახელგანთქმულ ბალადას Si no te vas, ის ჩაველა ვარგასი, რომელსაც თავად ალმოდოვარი დედამისს, დონა ფრანცისკას ამგავსებდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG