Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრადიციული იდეოლოგიების დაბრუნება დასავლეთში


ბრიტანული „გარდიანის“ ავტორი ჯორჯ მონბიო თავის სვეტში წერს: „იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე მბრძანებლობს, უმრავლესობისთვის სახელი არა აქვს. ახსენე იგი საუბრისას და დაინახავ, თუ როგორ აიჩეჩავენ მხრებს. გინდ შენს მსმენელს ცნება გაგებული ჰქონდეს, მისი განსაზღვრა გაუჭირდება.” ცხადია, მონბიო საუბრობს ნეოლიბერალიზმზე, ანუ რწმენაზე იმის შესახებ, რომ თავისუფალი ბაზარი ეკონომიკური და სოციალური განვითარების გარანტორია. ამავე დროს, ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, რომ რანაირად არ აქვს იდეოლოგიას სახელი, როდესაც აღნიშნული რწმენა ტრადიციულად მემარჯვენეობის საფუძველს წარმოადგენს, მისი საპირისპირო რწმენა კი - მემარცხენეობისა. საქმე სწორედ ის არის და მონბიოსაც ეს აქვს მხედველობაში, რომ ტრადიციული მემარცხენე-მემარჯვენე დაყოფები ნეოლიბერალიზმმა (რომლის წარმოშობის მიზეზებზე ცალკე ვისაუბრებთ) შეარბილა და დაპირისპირებული პოლუსები ერთმანეთს დაუახლოვა.

ინგლისელი სოციოლოგი კოლინ კრაუჩი თავის 2005 წლის წიგნში „პოსტ-დემოკრატია“ წერს, რომ პოლიტიკური კონფრონტაცია პოლიტიკურ და სოციალურ ჯგუფებს შორის თანამედროვე დასავლეთში შემცირდა; პოლიტიკოსები იქცნენ „მაღაზიის გამყიდველებად“, რომლებიც თავიანთ „მომხმარებლებს“ (ამომრჩევლებს) სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობენ. პარტიული პროგრამების შინაარსი შედეგად უფრო უფერული და უინტერესო გახდა. ამომრჩევლები პოლიტიკური პროცესის პასიურ მიმღებებად უფრო იქცნენ, ვიდრე მის აქტიურ მონაწილეებად. იმის გამო, რომ შემცირდა პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავებები, მთავარი აქცენტი გადავიდა პოლიტიკურ სკანდალებზე და პოლიტიკური პერსონალიების სხვადასხვა თვისებების განხილვაზე.

დასავლეთში პარტიებს შორის იდეოლოგიურ დაახლოებას ყველაზე მეტად ხელი შეუწყო 1990-იან წლებში ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მემარცხენე-ცენტრისტული, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების მიერ ე.წ. „ახალი გზის“ არჩევამ. საუკეთესო მაგალითი ამგვარი გადახრისა არის ბრიტანული „ახალი ლეიბორისტები“, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ლეიბორისტების 1996 წლის ცნობილ მანიფესტში ვკითხულობთ, რომ გადასახადებისა და სახელმწიფოს სოციალური როლის გაზრდა, რომელსაც ტრადიციულად მიმართავდნენ მემარცხენეები, აღარ არის ლეიბორისტული პარტიის პრიორიტეტი. ამის ნაცვლად, პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დასახული იყო სტაბილურობის შენარჩუნება გლობალურ ეკონომიკაში.

ბრიტანეთის მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა 1990-იან და 2000-იან წლებში ევროპის სხვა ტრადიციულ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებში, მათ შორის, გერმანიასა და შვედეთშიც. კონტინენტური ევროპის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა ერთმანეთის მიყოლებით და სხვადასხვა დოზით გაიზიარეს ნეოლიბერალური დღის წესრიგი (თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროპული სოციალური სახელმწიფო (Welfare State) მაინც ყველაზე ყოვლისმომცველ რედისტრიბუციის მექანიზმად დარჩა დემოკრატიულ მსოფლიოში. მემარცხენე ცენტრისტული პარტიების უფრო ცენტრისკენ გადახრამ ერთბაშად ვერ განაპირობა სოციალური საბაზრო ეკონომიკის მთლიანად გაუქმება, არამედ მოხდა მისი ერთგვარი დასუსტება).

მემარცხენეებისა და მემარჯვენეების ასეთმა დაახლოებამ აუცილებლად „პოსტდემოკრატიული“ შედეგი არ გამოიღო, როგორც ამას კოლინ კრაუჩი ვარაუდობდა. სინამდვილეში ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლას შეუწყო ხელი. ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, მაგალითად, ესპანეთსა და საბერძნეთში, მემარცხენე მოძრაობებმა („პოდემოსი“ ესპანეთში და „სირიზა“ საბერძნეთში) სცადეს პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ სხვაგან - განსაკუთრებით, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და ჰოლანდიაში - ულტრამემარჯვენე ძალების უპრეცედენტო აღმასვლის მომსწრენი გავხდით.

ულტრამემარჯვენეებმა ნეოლიბერალურ პოლიტიკას ტრადიციულად ყველაზე მცდარი პერსპექტივიდან შეუტიეს. ისინი ითხოვენ ერი-სახელმწიფოს გაძლიერებას და ეროვნული კულტურის დაცვას. თანამედროვე ნეოლიბერალიზმი კი სწორედ იმის ხარჯზე არსებობს და ვითარდება, რომ გლობალიზებულ მსოფლიოში რთულია, თუ არა შეუძლებელიც, ერთი რომელიმე ეროვნული ეკონომიკის მთლიანად დაცვა გლობალური ბაზრის მოთხოვნებისგან. მიზეზი, რატომაც მიიღეს მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიებმაც ევროპაში ნეოლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი, არის ის, რომ მათ ჩათვალეს, რომ გლობალური საბაზრო ეკონომიკაში გადარჩენის ერთადერთი გზა ეს იყო. ამ ეკონომიკური იმპერატივის უარყოფა დღესდღეობით შეუძლებელია და მასზე პასუხი მოითხოვს არა ძველ მეთოდებთან დაბრუნებას, არამედ სრულიად ახალი პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების შექმნას.

საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი სწორედ ამ მიზეზით სთხოვდა ბრიტანელებს, რომ დარჩენილიყვნენ ევროკავშირში. ვარუფაკისი თავის სტატიაში წერდა, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა მიიღებს, მაინც მოახდენდა ზეგავლენას ბრიტანეთის ეკონომიკაზე, იმის მიუხედავად, დარჩებოდა თუ არა ბრიტანეთი კავშირის წევრად.

ვარუფაკისი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიისა და მწვანეთა პარტიის წევრებთან ერთად რეფერენდუმამდე მოგზაურობდა გაერთიანებულ სამეფოში და სთხოვდა მოქალაქეებს, ხმა მიეცათ დარჩენისთვის. ამ კამპანიის ერთ-ერთმა მონაწილემ, პარლამენტის წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, კლაივ ლუისმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: „კაპიტალი დიდი ხანია, რაც გასცდა ეროვნულ საზღვრებს. სამართლიანი საზოგადოების ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პასუხი ქამრების შემოჭერის პოლიტიკასა და ფინანსურ კრიზისზე.“

დღესდღეობით, როგორც ვხედავთ, მთელი დასავლეთის მასშტაბით ჩვენ მომსწრე ვართ ტრადიციული, კონფლიქტური, იდეოლოგიური პოლიტიკის დაბრუნებისა. ამის მიზეზი ის არის, რომ „ზეიდეოლოგიურმა“ ნეოლიბერალურმა წესრიგმა ბევრის თვალში ვერ გაამართლა. ყველაზე ტრაგიკული შედეგი „გრანდ“ იდეოლოგიების ამგვარი დაბრუნების ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მეინსტრიმში გადასვლა იქნება. ტრაგიკული შედეგისგან კი დასავლეთს მხოლოდ ახალი, უფრო სამართლიანი და მოქნილი ინტერნაციონალური შეთანხმებები თუ დაიცავს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG