Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შურისძიება და კანონი განათლების სისტემაში



Стригу котов, могу кастрировать, вобщем как получится...
მოყვარული ქირურგის განცხადება



საქართველოს მდგომარეობის ერთი წინადადებით ჩამოყალიბება რომ მოენდომებინა ვიმეს, ყველაზე ზუსტი ალბათ ეს იქნებოდა: 2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვალა, მაგრამ ქართველების ერთ (არ ვიცი, რამდენად დიდ) ნაწილს რევოლუციის შეგრძნება გაუჩნდა. ამ რეალურსა და წარმოდგენილს (ან განცდილს) შორის განსხვავება სხვადასხვანაირად გამოიხატება: მაგალითად, სოფელ სამთაწყაროს მაცხოვრებლებმა ჩათვალეს, რომ მათთვის გაისროლა ავრორამ რადგანაც სოფელში უმრავლესობას წარმოადგენენ, შეუძლიათ თანასოფლელ მუსლიმებს ლოცვის უფლება არ მისცენ. ზოგიერთმა გაუგებარი კრიტერიუმით პოლიტპატიმრად მიჩნეულმა და ამნისტიით გათავისუფლებულმა ადამიანმა ახალი მთავრობის (რბილად რომ ვთქვა) ლმობიერება ძალადობის ლიცენზიად მიიჩნია და მართლმადიდებლად თვითწოდებულ ბრბოდ გადაქცეულ მრევლთან ერთად 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის სასტიკ დარბევაში მონაწილეობა მიიღო. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილოა სამართლიანობის აღდგენის, ანუ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაპატიმრების ხარისხითა და ტემპით.

მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც, რაღა დაგიმალოთ და, მოქალაქეებში ასეთი მოლოდის გაჩენაში მთლად უდანაშაულო არ არის, პოლიტიკურ შპაგატში უწევს ჩაჯდომა. ერთი მხრივ, დასავლელ პარტნიორებს უნდა დაუსაბოთოს, რომ ოპონენტებს არ დევნის პოლიტიკური მოტივით, მეორე მხრივ კი საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ამავე ოპონენტების, როგორც დამნაშავე რეჟიმისათვის, მეორე ნიურნბერგის მოწყობას ითხოვს, უნდა განუმარტოს, რატომ იგვიანებს სამართლიანობის აღდგენა. უმრავლესობაში უკვე გამოიკვეთა ორი ბანაკი, ერთი, რომელიც პირობითად დასავლელი პარტნიორების პოზიციასთან უფრო ახლოა, ხოლო მეორე, რომელიც მოუთმენლად ელის, როდის [...] ნაციონალებს ბოლომდე დედას ერის იმ ნაწილის გულისნადებს ახმოვანებს, რომელსაც დემოკრატიაზე და სამართლიანობის აღდგენაზე თავისებური წარმოდგენა აქვს. ეს წარმოდგენა კი სამთაწყაროელთას ჰგავს. ადრე, საძულველი რეჟიმის დროს, უმცირესობას ეჭირა პალაჟენია იმას აკეთებდა, რისი ხოშიც ჰქონდა და ეს ცუდი იყო. ახლა კი უმრავლესობას უჭირავს პალაჟენია აკეთებს, რისი ხოშიც აქვს და ეს კარგია. ჩვენი მოქალაქეების ამ ნაწილისათვის, სამწუხაროდ, არსეობობს კონსტიტუცია, კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც ამ ხოშს გარკვეულ კალაპოტში აქცევს.

რა უნდა ვქნათ, როდესაც კანონი არ ემთხვევა ხოშს? თუ ამის საშუალება გვაქვს, შევცვალოთ კანონი ხოშის მიხედვით. ამ პრაქტიკას, რომელსაც ზოგიერთებისთვის ნეტარხსენებული ნაციონალური მოძრაობაც თავდაუზოგავად მისდევდა, ახალმა ხელისუფლებამაც მალე გაუგო გემო.

ახლა კი საკუთრივ განათლების თემას მოვადექი. 22 июня, ровно в 4 утра 2013 წლის 10 ივნისს, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს დაჩქარებული წესით წარუდგინა კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად.

ცვლილებების არასრული ჩამონათვალი ასეთია:

- რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ამიერიდან დანიშნავს პრემიერ-მინისტრი (აქამდე ნიშნავდა აკადემიური საბჭო).

- რექტორისათვის წესდება სახელფასო მინიმუმი და მაქსიმუმი.

- ასისტენტ-პროფესორები (რომლებიც ადრე შეიძლებოდა მაგისტრები (მაგალითად საზღვარგარეთ განათლებული კარგი ახალგაზრდა სპეციალისტები) ყოფილიყვნენ, ამიერიდან მხოლოდ მეცნიერებათა დოქტორები უნდა იყვნენ.

- უნივერსიტეტის რექტორი და დეკანი აუცილებლად უნდა იყოს მეცნიერებათა დოქტორი.

უცხო დამკვირებლისათვის ძნელი გასარკვევი იქნება, რა არის ამ დაჩქარებული და ნაჩქარევი ცვლილებების მიზეზი. უცხოს კი არა და წესით ყველაზე გათვითცნობიერებულსაც უჭირს ამისი გარკვევა: კანონის დანიშნულებაში ვერ გაერკვა განათლების და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის წევრი გია დვალი, რომლის აზრი კანონის მომზადებისას წესით გასათვალისწინებელი იყო.

სამაგიეროდ კანონის ლოგიკას ზედმიწევნით ზუსტად ხსნის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი ნუკრი ქანთარია: „სამართლიანობის აღდგენა განათლების სისტემაში“.

ცვლილებებიდან ერთ მაგალითს ამოვირჩევ (დანარჩენებზე კომენტარი იხ. აქ): კანონის მოთხოვნა, რექტორი აუცილებლად იყოს მეცნიერებათა დოქტორი, თავისთავად არც სწორია, არც არასწორი (მსოფლიო პრაქტიკა ორივე ვარიანტს იცნობს). უბრალოდ, როგორც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ მუშტით გაიტანა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად სანდრო კვიტაშვილის დანიშვნის შესაძლებლობას იძლეოდა, ახლა კოალიცია ქართული ოცნება კანონს ცვლის იმისათვის, რომ სანდრო კვიტაშვილი რექტორობიდან მოხსნას.

კვიტაშვილის რექტორობა (როგორც დანიშვნა, ისე მოხსნა) თავისთავადი ღირებულების მატარებელი სულაც არ არის, მაგრამ ახალი მთავრობა უნივერსიტეტების ავტონომიის დაპირებით მოვიდა, ხოლო რექტორის მოსახსნელად კანონის შემოღება და მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის პრეროგატივის პრემიერ-მინისტრისათვის მინიჭება ავტონომიასთან, ცოტა არ იყოს, მწყრალად გახლავთ.

ერთი პირობით: თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ავტონომიას არ გავიგებთ ისე, როგორც ეს აკადემიურ შურისმაძიებელებს ესმით. ერთ ასეთ ჯგუფს, რომელიც თავის თავს მოკრძალებულად უწოდებს „სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისათვის“, ავტონომია წარმოუდგენია როგორც „უნივერსიტეტთა ხელახლა დაფუძნება“. ვინმეს თუ გაუკვირდა, კი მაგრამ ხომ არსებობს უნივერსიტეტებიო, მალევე გაიგებს, რაშია საქმე. ხელახლა დაფუძნება სინამდვილეში ახალი უნივერსიტეტების გახსნას სულაც არ გულისხმობს. „ხელახლა დაფუძნება“ საჭიროა, რადგანაც უნივერსიტეტებში „ავტონომიურ ძალაუფლებას ფლობდა და დღესაც ფლობს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულ ჩინოვნიკთა და ‚დანიშნულ’ ინტელექტუალთა კლანი“. ამ კლანის მოსაშორებლად კი საჭიროა „ქირურგიული ჩარევა“ (ბანს აძლევს სტუდენტებს დეპუტატი ჟორჟოლიანი). ქირურგიული ჩარევის შედეგად უნივერსიტეტებში დაბუდებული სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს, ხოლო ოპერატორის როლი სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. (ალბათ არ იქნება ძნელი მისახვედრი, რომ სახელმწიფო აბსტრაქტული რამ არ არის და ზემოხსენებული ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლო, ამ ოპერაციას „რეჟიმის ერთგული ჩინოვნიკები“ და „დანიშნული ინტელექტუალები“ განახორცილებენ.) ამას „სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისათვის“ რობესპიერ-ლაით სტილში ეძახიან „სახელმწიფოს პოზიტიურ ჩარევას სახელმწიფოს ინტერესებიდან და სიკეთიდან გამომდინარე.“ რიტორიკული ფასადი რომ ჩამოვაშოროთ, მოდელი ასე გამოიყურება: ჯერ გავწმინდოთ უნივერსიტეტბი დაბუდებული ბოროტებისაგან (კვიტაშვილი, თევზაძე და მათი ამფსონები, რომელთა სახელი ლეგიონია) და მერე ვილაპარაკოთ ავტონომიაზე. როგორგ ახორციელებდნენ ანალოგიურ პრინციპებს (მაგ. „ჯერ პროლეტარიატის დიქტატურა – მერე კომუნიზმი“, „ჯერ უსაფრთხოება - მერე დემოკრატია“) სხვადასხვა რჯულის მოყვარული ქირურგები, კარგად ვიცით. პაციენტი საკმარისად დასახიჩრდა მაგრამ ჯერ კიდევ სული კბილით უჭირავს. გაუძლებს თუ არა კიდევ ერთ, ჟანგიანი ნაჯახით ჩატარებულ „ქირურგიულ“ ოპერაციას, ვერ გეტყვით, მაგრამ ექსპერიმენტირების სურვილი დიდად არ მაქვს. ერთი კი ცხადია, რომ ავტონომიის განმტკიცება ავტონომიის გაუქმების გზით ჭკუასთან ახლოს არ უნდა იყოს. (აღმოჩნდა, რომ კოალიციის ნაწილისათვის უნივერსიტეტების ავტონომია მართლაც მნიშვნელოვანი და ღირებულია. კოალიციის თორმეტმა დეპუტატმა კანონს პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმა არ მისცა და მეორე მოსმენით სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი არ მისცემს.)

საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას არსებული განათლების სისტემის დანგრევასა და განადგურებაში ადანაშაულებენ, დღეს სწორედ ამ გზას ირჩევენ და ერთადერთ გამოსავლადაც გვასაღებენ. ასე თუ ისე ყველანი ვთანხმდებით, რომ ზოგადად განათლების და, კერძოდ, უმაღლესი განათლების სისტემა ცუდ (თუ არა სავალალო) მდგომარეობაშია. კინკლაობის და ანგარიშსწორების არც დრო გვაქვს და არც რესურსი. ასევე ყველანი ვთანხმდევით იმაში, რომ აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტების ავტონომია ცენტრალური ფასეულობებია. რომ პოლიტიკისადმი დაქვემდებარებული უმაღლესი განათლების სისტემა ვერ განვითარდება. კანონი, რომელიც აკადემიურ თავისუფლებას და უნივერსიტეტის ავტონომიას კი არ ამკვიდრებს და ამყარებს, არამედ არსებულთან შედარებით კიდევ უფრო ზღუდავს, მეცნიერების და განათლების განვითარებას საქართველოში ვერაფრით გამოადგება. პრინციპი „ჯერ „ჩისტკა“ – მერე ავტონომია“ ვერ იმუშავებს ისევე, როგორც ვერ იმუშავა ანალოგიურ პრინციპზე დამყარებულმა ვერცერთმა მოდელმა. ფსევდორევოლუციური, ოპონენტთა განადგურებაზე მიმართული პოლიტიკა, მათ შორის საკანონმდებლო, გამოიწვევს იმას, რომ ყოველ ახალ მთავრობას გაუჩნდება ცდუნება, გაყაროს თავისი ნამდვილი თუ წარმოსახვითი მოწინააღმდეგეები, ისევე როგორც ეს ცდუნება ჯერ ნაციონალურ მოძრაობას, ახლა კი უკვე ქართულ ოცნებას გაუჩნდა.

რა იქნებოდა ნორმალური გზა? პირველ რიგში: სამართლიანობის აღდგენა არ ნიშნავს შურისძიებას. მაშინაც კი, როდესაც ქართველების ნაწილი შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი და ნაკლებად აინტერესებს, ამით რამე გამოსწორდება თუ დაშავდება. მგონია, რომ კანონმდებელი ახალი კანონების შექმნისას არ უნდა ხელმძღვანელობდეს შურისძიების პრინციპით და არ ითხოვდეს კბილს კბილისა წინ. კანონმდებელი წინ უნდა იყურებოდეს და საფუძველს უყრიდეს ახალს და უკეთესს ან ავრცობდეს და აუმჯობესებდეს არსებულს და არა ანადგურებდეს მას. ამიტომ ერთადერთი სწორი და გონიერი გზა საქართველოს განათლების სისტემაში პოლიტიკური მტრის და მოყვრის გამოვლენაზე ვერ გაივლის. სწორი გზა ნაჯახის ქირურგიაზე კი არ გადის, არამედ მეცნიერებთან, პედაგოგებთან და სტუდენტებთან კონსულტაციაზე (მათი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად). კარგია, რომ განათლების და მეცნიერების კომისიამ მუშაობა დაიწყო და კონცეფციაც დაწერა, მაგრამ ამ კონცეფციას კრიტიკა მოჰყვა, რომელიც აღარ განხილულა. კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილების, სპეციალისტებთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე კანონის მიღება კი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG