Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინა კაცი


ვიფიქრე, გავასწრებ-მეთქი, მაგრამ ხელის დახვედრება ძლივს მოვასწარი. ბეწვზე გადავრჩი, შუბლი რომ არ გამიხეთქა წინა კაცის მიერ მოქნეულმა კარმა.

გაიარა და გამოუშვა მთელი ძალით, უკან არც მოუხედავს. დამაგდებდა კარი ნამდვილად, მაგრამ ის კაცი მაინც არ მოიხედავდა. ეს უკვე ზუსტად ვიცი.

ეს იცის ყველამ, ვინც მეტროთი დადის, ან სხვა ასეთი, ზამბარიანი მძიმე კარის გავლა უწევს, თუნდაც ხანდახან.

ეს იცის ყველა მომდევნო კაცმა, რადგან წინა კაცი კარს არასოდეს დაიჭერს. და ის მომდევნო კაციც, როცა წინა გახდება, უკან არასოდეს მოიხედავს, გავარდება და ახლა თავის მომდევნოს მიახლის ცხვირ-პირში იმ კარს.

ერთხელ ერთი დიდი შენობის შესასვლელში ჩემ შემდეგ მომავალ კაცს კარი დავუჭირე, თან გავუღიმე. მან კი ხელი არ შემომაშველა, ზედაც არ შემოუხედავს, ისე გაიარა. თან ჩქარობდა, რომ გასვლა მოესწრო. სანამ ვიდექი და კარი მეჭირა, კიდევ ერთმა გოგომ გაიარა და ბოლოს ვიღაც ბიჭს ვუთხარი „თუ შეიძლება!..“ - და კარი მივაწოდე.

ერთხელ მესმოდა, როგორ ბრაზობდა ჭარმაგი კაცი - გადაგვარდა საქართველო, ამ უზრდელმა კინაღამ მომკლაო. ის კაცი წინა კაცზე ბრაზობდა და უკან არც მოუხედავს, სადაც მის მოქნეულ კარს ძლივს გადაურჩა ზურგჩანთიანი პატარა ბიჭი.

ეს ბიჭიც ჩვენსავით გაიზრდება. ეგონება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ასეც უნდა იყოს, რომ ეს ერთგვარი წრთობაა თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში, რომ აქ ვერაფერს შეცვლი, უბრალოდ, უნდა მიიღო, როგორც ბედისწერა, როგორც სამშობლო, როგორც გაკვეთილი - ფრთხილად იყავი და თავს მიხედე, სხვამ კი საკუთარ თავზე.თვითონ იზრუნოს.

ასე ეგონება მთელი ცხოვრება. სანამ ერთ დღესაც არ ადგება და არ წავა სადმე...

სულ ერთია, სად: ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში... ქვეყანა დიდია.

მე პირველად პარიზში ვნახე. იქ ძალიან პოპულარულია ამგვარი ზამბარიანი კარები - ხელს ჰკრავ და გაიღება და მერე დიდი აჩქარებით ბრუნდება საპირისპირო მხარეს.

პარიზის მეტროს შესასვლელთან პირველივე ქალმა კარი დამიჭირა და, სანამ ხელი არ შევაშველე, არ გაუშვა, თანაც გამიღიმა თბილად და ლამაზად. სამუშაო საათები ახალი დამთავრებული იყო და მეტროს შესასვლელში ხალხი ხუთ ნაკადად, უწყვეტად მოედინებოდა, და ყველა წინა კაცს ეჭირა კარი, სანამ მომდევნო არ ჩამოართმევდა, და გრძელდებოდა ეს თავაზიანობისა და ღიმილის უწყვეტი ესტაფეტა, ასეთი შესაშური და ასეთი სანუგეშო...

და არ დამიწყოთ ახლა, რომ ის იმ მომენტში სულ არ ფიქრობდა სიკეთეზე, სულ არ ადარდებდა სხვისი კარგად ყოფნა. ჩვევად აქვს, თორემ, სინამდვილეში სულაც არ დაგიდევს, მოგხვდება თუ არა კარიო. ჰო, ჩვევად აქვს! და ასეთი ჩვევა, ალბათ, სჯობია იმას, გულშემატკივარი და მგრძნობიარე ხალხი ჩვევის არქონის გამო რომ იქცევა გულგრილად.

და დადის ასე ხალხი პარიზსა და ლონდონში, ნიუ-იორკსა და ბერლინში. კარს ყველგან დაგიჭერენ, ვინც უნდა მიდიოდეს წინ, "შანელის" ყელსახვევიანი თუ უსახლკარო. დაელოდებიან, სანამ ხელს არ შეაშველებ და კარს არ ჩამოართმევ, დარწმუნდებიან, რომ უსაფრთხოდ ხარ და გზას გააგრძელებენ. არც სახელს გკითხავენ და არც გვარს, არც სულში ჩაგიძვრებიან, მაგრამ შეგამჩნევენ!

დასავლეთიო, რომ ამბობენ, აი ასეთი ამბებია იქაურ ქალაქებში. ჩვენი ჩვევები კი, ალბათ, იმ ქალაქებთან მეგობრობის დროიდან მოდის, სადაც მშვიდად და მეთოდურად ყოველდღე გვხვდებოდა ცხვირში ზამბარიანი კარიც და უზამბაროც. ზოგჯერ კი, მსუბუქი შეკურთხებაც მოჰყვებოდა თან, იმ ენაზე „ცუდად“ რომ არ ჟღერს, ისეთი.

მოკლედ, დრო მიდის... სამყარო ფართოვდება და წინ მიიწევს. ყოველდღიურ, მუდმივ რბოლაში ყველა ცდილობს, დაწინაურდეს და სხვას გაასწროს. მაგრამ რატომღაც, რატომღაც მაინც ჯიუტად ზრუნავს მომდევნოზე. მექანიკურად, მონოტონურად, ტკივილის, აფეთქებების, ფერის, ფულის მიუხედავად. იქნებ შეთანხმდნენ, რომ ეს რაღაცნაირი ბოდიში და საზღაურია მათგან, ვინც უკვე დაწინაურდა, მათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ უკან არის და ცდილობს დაწევას - თუნდაც ამაში, თუნდაც წამით, თუნდაც გაუაზრებლად...

იქნებ ამ ერთ პატარა, უსიტყვო ჟესტში ჩანს სამყაროს მყიფე წონასწორობა - „წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო“.

ჰო, მაგრამ ქართული არ არის ეს ანდაზა?

რა ვიცი, აბა! კარის დაჭერა იქით იყოს და.... მგონი, წინა კაცის პრობლემა დგას საქართველოში.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG