Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყველპურო ფიქრები წინასაპირველმაისოდ


1.

ფრაზა “რაღა დროს მარქსია“ ორგვარ დატვირთვას შეიძლება ატარებდეს. პირველი - ვულგარული - ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაცემისა და დასავლური ლიბერალური დემოკრატიისა და კაპიტალიზმის გამარჯვების შემდეგ მარქსის მიერ წამოჭრილი საკითხები გადაჭრილი და/ან ყავლგასულია. მეორე - შედარებით სნობური და მცოდნე - ამბობს, რაღა დროს იმგვარ კაპიტალიზმზეა საუბარიო, რომელსაც მარქსი XIX საუკუნის მეორე ნახევარში აღწერდა, როცა ინდუსტრიული კაპიტალიზმი და მასთან დაკავშირებული შრომის მძიმე პირობების საკითხი ფაქტობრივად ჩაანაცვლა ფინანსური ყაიდის კაპიტალიზმმა თავისი ბირჟებით, ბანკებით, კრედიტებით, დავალიანებებით და ა.შ., რამაც, რა თქმა უნდა, საქართველოშიც სრულფასოვნად დაიმკვიდრა თავი.

არადა, 1970-იანი წლებიდან დასავლეთში დაძრული ნეოლიბერალური რევანშის შედეგად, რომლის ფარგლებშიც თანმიმდევრულად სუსტდება სახელმწიფოს, როგორც სოციალური გარანტიების უზრუნველმყოფის, ფუნქცია, მსოფლიოს მასშტაბით ვაწყდებით სწორედ იმგვარი ფენომენების დაბრუნებას, რომლებსაც მარქსი აღწერდა - უზომოდ გახანგრძლივებული სამუშაო დღეები, უღირსი და არაჯანსაღი სამუშაო პირობები, უსამართლოდ დაბალი ხელფასები. მით უმეტეს საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც იდეალური სამიზნე გამოდგა მომთაბარე კაპიტალისთვის. ეს უკანასკნელი ხომ მუდამ იქით მიილტვის, სადაც სახელმწიფოს უფრო დაბალი სოციალური სტანდარტები აქვს დაწესებული, ანუ სადაც მაქსიმალურად და სრულიად ლეგალურად შეუძლია კაპიტალს, ყოველგვარი ზედმეტი სოციალური პასუხისმგებლობისა და დანახარჯის გარეშე, დაქირავებულისთვის სიცოცხლის წვენის რაც შეიძლება მეტად გამოწოვა და ამით საკუთარი თავისთვის მეტი მოგების დატოვება. ამდენად, თუ 2015 წელს გერმანიაში, სადაც კაპიტალი ლეგალურ ჩარჩოებში ვეღარ ბედავს ყველაფრის თავზე გადამხობას, მშრომელები სამუშაო ადგილებზე მასობრივად არ იღუპებიან, ხოლო 2015 წელს საქართველოში მშრომელები სამუშაო ადგილებზე მასობრივად იღუპებიან, გამოდის, რომ ეს ორი სხვადასხვა სივრცე ორ სხვადასხვა დროში იმყოფება და საქართველოში სწორედაც რომ მარქსის დროა, დაწყებული ქუთაისის სამკერვალოებიდან და დამთავრებული ხორცსაკეპ და ბუნების გამანადგურებელ მანქანებად ქცეული მაღაროებითა და საბადოებით. საქართველოში დღეს არათუ შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა, არამედ “სამუშაო დღის ნორმაზე საუბარიც კი უტოპიაა“.

2.

ვითომდა შიში, რომ მოაზრებულ იქნა რაიმე სოციალური კოლექტივის ორგანულ ნაწილად, და ნებისმიერი სოციალისტური განცხადებისა თუ ინიციატივისთვის საბჭოთა-პიონერული ერთგვაროვნებისა და ანონიმურობის იარლიყის მიწებება. ჩვენ ხომ უკვე იმდენად ინდივიდუალურები და თავისუფლები ვართ, რომ დაფიქრების გარეშე ვიჯერებთ - თავიდან ბოლომდე ჩვენი ინდივიდუალური ძალისხმევის დამსახურებაა, ქუთაისის სამკერვალოში 10 საათის მანძილზე თვიურ 200 ლარზე მომუშავე მკერავის ადგილას რომ არ ვართ. და კუთვნილ დოზა სირაქლემობასა და ცინიზმსაც ვითხოვთ “სასტარტო პირობებისა“ და დანათლული პრივილეგიების საკითხთან თუ სიღარიბის გამო დემონიზებულ ადამიანებთან მიმართებაში.

თანაც, 100 %-ით საკუთარ პიროვნულ არჩევანზე დაფუძნებული მესაკუთრე ინდივიდი კი ვითომ ამრეზით უყურებს ფაშისტურ-ნაციონალისტურად აღტყინებულ მასებს და იმასაც იხსენებს, საბჭოთა კავშირი ყველას როგორ ყლაპავდა მშრომელის ერთიან აბსტრაქტულ ხატებაში და ისინი ერთ ერთგვაროვან სხეულად გამოჰყავდა პოლიტიკურ სცენაზე, ისიც წინასწარ დასწავლული როლის შესასრულებლად. თუმცა, საბოლოო ჯამში, არც თვითონ უკადრისობს ან ეკლესიის მიერ წაქეზებული ეთნონაციონალიზმის ფაშისტურ მასაში გათქვეფას, რომელიც მუდმივად ძარღვიდან ძარღვში მდინარე სისხლის, გენებისა და ფულზე მომუშავე მადლის კავშირგაბმულობით ყალიბდება კოლექტიურ სხეულად, ან იმას, რომ ამერიკული ყაიდის, მიშასეული სამოქალაქო ნაციონალიზმის მიერ შემოთავაზებული “ერის“ ნიღაბი მოირგოს, გაიბღინძოს “წარმატებით“, “კონკურენტუნარიანობით“, ყველაზე ძველი ევროპელობით და თავისი ამ ისტორიულ-ვიზუალურ-მორალური ხატით, ამ იდეოლოგიური სილუეტით გამოიბრძოლოს და განისხვავოს თავი რუსეთისგან, რომელიც მონღოლეთია და აზია, ანტიცივილიზაცია.

ჩაგრულთათვის სოლიდარობის გამოცხადება ანდა მწვანე თუ წითელ მუშტად შეკვრა ავტორიტარულ ანტიინდივიდუალიზმს კი არ გულისხმობს, არამედ ეს არის კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური პრობლემების გარშემო დაინტერესებული პირების შეჯგუფება და ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც საერთო ბრძოლაში, ჩართვა აგრეთვე საერთო და არა განცალკევებულად პიროვნული მეტოქეების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში არავინ იჩემებს ისედაც წინასწარ განეიტრალებულ, შაბლონურ ინდივიდუალიზმს, რომელიც თითქოს ყოველგვარ პოლიტიკურ თუ კლასობრივ მიკუთვნებულობაზე მაღლა დგას, საბოლოო ჯამში კი მით უფრო ადვილად ხდება რომელიმე მღვრიე მასის საკბილო. ამ ბრძოლის ამოსავალი წერტილიცა და მიზანიც სწორედ არა რაიმე აბსტრაქტული კოლექტიური სხეულია, არამედ თითოეული, ცალკეული ჩაგრულის დაქანცული კუნთები, გადაღლილობისა და უძილობისგან დაჭიმული ნერვები და ჭუჭყითა და უჰაერობით შეხუთული სასუნთქი გზები. ცალკეული სხეული, სიცოცხლე და გასაჭირი, რომელსაც ასევე ცალკეული ადამიანები უცხადებენ სოლიდარობას და საერთო ბრძოლის საგნად აქცევენ. რადგან სოლიდარობა სწორედ იმ საერთოს გულისხმობს, რომელსაც ცალკე ვერავინ გასწვდება.

როგორია ეს ახალი სხეული, რომლის კონტურებიც იკვეთება პირველ რიგში სტუდენტების მიერ (თვით)ორგანიზებული მოძრაობის - მათი თანმიმდევრული აქტივიზმისა და შემეცნებითი პროცესის - შედეგად? ამ სხეულს არ სჭირდება არანაირი ერთიანი მახასიათებელი, არანაირი მკაფიო შაბლონი და მოდელი, რომელშიც ჩანთქავდა და გააერთგვაროვნებდა ცალკეული ადამიანების უნიკალურ ჟესტებს, ხმებსა და სურვილებს. ეს მოძრაობა თუ მოძრაობის ჩანასახი ის კითხვის ნიშანი, ის სიახლეა ქართულ სივრცეში, რომელსაც ზემოხსენებული სხვა კოლექტიური სხეულებისნაირად არ აქვს უკვე კატეგორიულად გაცემული პასუხები და რეალურად ერთადერთი საერთო პროექტია, რომელსაც შეიძლება უნარი შესწევდეს უკვე არსებული ყველანაირი ყაიდის საზოგადოებრივი (სოციალური, ეთნიკური, გენდერული, ეკოლოგიური) დამანგრეველი კონფლიქტის არა კიდევ უფრო გაღრმავების, არამედ გადაჭრისა - ოღონდ ყოველგვარი ნეტარი და ჰარმონიული “ოქროს ხანის“ მიღწევის ილუზიის გარეშე. ამ მოძრაობის წარმატების გასაღებიც და პერსპექტივებიც მისსავე საქმიან და აუღელვებელ თანმიმდევრულობაზეა დამოკიდებული - სტუდენტებს შორის და სტუდენტობას მიღმა; უნივერსიტეტის გარეთ და, იმედია, უნივერსიტეტის შიგნითაც.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG