Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი. In memoriam


2010 წელს, როდესაც ვწერდი წიგნს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წითელი არმიის ვეტერანებზე, დიდხანს ვესაუბრე მეორე მსოფლიო ომის სამ განსაკუთრებულ „ფრონტოვიკს“: ელენა ბონერს, იური ორლოვს და გრიგორი პომერანცს. განსაკუთრებულს იმიტომ, რომ პოსტსტალინისტურ ეპოქაში მათ უკვე სხვა ომში მიიღეს მონაწილეობა, ომში, რომელსაც ისინი ბევრად უფრო მძიმედ მიიჩნევდნენ, ვიდრე „დიდ სამამულო ომს“. ვინაიდან ამ „მეორე ომის ჯარისკაცები“ თითზე ჩამოსათვლელი გახლდათ დედამიწის ზურგზე. რა თქმა უნდა, მე ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, რომ ისინი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გამომეკითხა.

ამ საუბრებში ისინი ხშირად იხსენიებდნენ მათემატიკოსს და ფილოსოფოსს ალექსანდრ ესენინ-ვოლპინს, საბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ე.წ. თავად მიშკინს, რომელსაც თურმე შეიძლება მოსკოვის ქუჩებში ხალათის და სახლის ჩუსტების ამარა შეხვედროდი და ვისთანაც ერთად ქუჩის გადაკვეთა უფრო საშიში ყოფილა, ვიდრე

ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი
ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი

ლუბიანკის მოედანზე ძერჟინსკის ძეგლისათვის კვერცხის სროლა. თუმცა ამ „მეორე ომის ჯარისკაცების“ მხრიდან ესენინ-ვოლპინის გახსენების მიზეზი მისი ეს არაამქვეყნიურობა არ იყო: საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ ომზე საუბრისას, როგორც იური ორლოვი და ელენა ბონერი, ასევე გრიგორი პომერანცი აღნიშნავდნენ თუ რამდენად იყვნენ თვით ისინი, დისიდენტები, საბჭოთა სისტემის პროდუქტი და მათ შორის როგორ გამოირჩეოდა არასაბჭოურობით ორი ადამიანი: ვალერი ჭალიძე და ალექსანდრ ესენინ-ვოლპინი. სამივე ხაზს უსვამდა, რომ თუ სხვა დისიდენტები ერთ, საბჭოთა, იდეოლოგიას მეორეს, ანტისაბჭოურს უპირისპირებდნენ, ეს ორნი იყვნენ პირველები, რომლებიც დაასკვნიან, რომ საბჭოთა სისტემასთან ბრძოლა არა იდეოლოგიურ, არამედ იურიდიულ სივრცეში უნდა ხდებოდეს და რომ კომუნისტურ სისტემასთან ბრძოლა საბჭოთა კონსტიტუციის და საბჭოთა კანონების საშუალებითვეა შესაძლებელი. და ზუსტად ჭალიძის და ესენინ-ვოლპინის ბრძოლის ეს იურიდიული მიდგომა მიიყვანს იური ორლოვს და ანდრეი სახაროვს 1976 წლის 12 მაისს მოსკოვში ჰელსინკის ჯგუფის დაარსების გადაწყვეტილებამდე. თუმცა ამ დროს ჭალიძე და ესენინ-ვოლპინი დიდი ხნის გაძევებული იქნებიან საბჭოთა კავშირიდან.

როდესაც ლენინმა ჩაიფიქრა და დააარსა, ხოლო სტალინმა განავითარა ტოტალიტარული სახელმწიფო, მასში ზუსტად იყო გათვლილი, როგორ უნდა გაენადგურებინათ ადამიანში განსხვავებული აზრის ჩანასახიც კი. ერთადერთი რამ, რაც მათ ვერ გაითვალისწინეს, ეს იყო სასწაული, ანუ მიშკინის ტიპის, ე.წ. სალოსის ანუ юродивый-ს გამოჩენა ტოტალიტარულ სისტემაში. ზუსტად ასეთი სალოსი გახლდათ ესენინ-ვოლპინი და ზუსტად ასეთმა მიშკინებმა შესძლეს ჰელსინკის ჯგუფების საშუალებით (რომლებიც მალე საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც დაარსდა), საბჭოთა სისტემის შიგნიდან გამოღრღნა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG