Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორის მიზეზები


ვინაიდან 1937-38 წლის პროცესებში ბრალდებულებები ძირითადად აბსოლუტურად აბსურდული იყო, ისტორიკოსები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა ამოძრავებდა სტალინს. სპეკულაციებმა ისტორიკოსების ნაწილი ფროიდისტულ თეორიებამდეც კი მიიყვანა: სტალინს ჰქონია მძიმე ბავშვობა, თურმე მამა ურტყამდა (დანიელ რანკურ-ლაფერიერის თეორია); სტალინი დაიბადა და გაიზარდა გარემოში, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო დიდი ძალადობა (ალფრედ რიიბერის ინტერპრეტაცია). უნდა ითქვას, რომ თუ ზოგადად მკვლევრების ნაწილი სუბიექტურ ფაქტორს (ანუ სტალინის ფსიქიკას) დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ამაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს НКВД-ს ყოფილმა მაღალი რანგის აგენტებმა (ალექსანდრე ორლოვმა, ვალტერ კრივიცკიმ), რომლებმაც დიდი ტერორის დროს მოსკოვში დაბრუნებას და კეფაში ტყვიას დასავლეთში დარჩენა და მემუარების გამოქვეყნება არჩიეს.

ფსიქიატრიას და ფსიქოანალიტიკას რომ თავი დავანებოთ და პრობლემას ოდნავ უფრო სერიოზულად შევხედოთ, მაშინ დავინახავთ, რომ დიდ ტერორს უფრო მეტი საერთო ჰქონდა ბოლშევიკურ პარტიასთან, ვიდრე თვით სტალინის პიროვნებასთან ან მის წარმომავლობასთან. ასე რომ, ტერორის მიზეზები ალბათ შეიძლება პირობითად და უხეშად ორ - „გენოტიპურ“ და „ფენოტიპურ“ - კატეგორიებად დავყოთ.

„გენოტიპური“ მიზეზები

ლენინისტურ-სტალინისტური რეჟიმის არსებობა შესაძლებელი იყო მხოლოდ მუდმივი ტერორის პირობებში. იმის გარდა, რომ ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმს ჟანგბადივით სჭირდება ტერორი, ბოლშევიკების შემთხვევაში ტერორის რადიკალიზაცია „პროგრამულ სახეს“ ატარებდა: უბრალოდ სხვა მხრივ ვერანაირად ვერ მოხდებოდა გლეხების, რომლებიც მოსახლეობის 85% წარმოადგენდნენ, ძალით კოლმეურნეობებში შეყრა და მათი იქ მონურ პირობებში ყოლა. სოფლის მეურნეობის სრული კოლექტივიზაცია კი უკლებლივ ყველა ბოლშევიკის, როგორც „მემარჯვენის და ზომიერის“, ისე „მემარცხენის და რადიკალის“, საბოლოო მიზანი გახლდათ. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლშევიკების ერთმანეთში ფრაქციული ბრძოლები აჩვენებს, რომ მათი ლიდერები - ლენინი, სტალინი, კამენევი, ზინოვიევი, ტროცკი და ა.შ. - სხვადასხვა დროს იდგნენ როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოზიციაზე, რაც მიგვანიშნებს, რომ ბრძოლის მიზეზი ხშირად მხოლოდ პირადული ამბიციები გახლდათ და მარჯვნივ და მარცხნივ იდეოლოგიური გადახრები ძირითადად ამ მიზანს ემსახურებოდა.

„ფენოტიპური“ მიზეზები

1918-ში ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ათიოდე ქვეყნის ჯარების ინტერვენციის შემდეგ ბოლშევიკურ რეჟიმს ჩამოუყალიბდა ე.წ „ალყაშემორტყმული ციხის კომპლექსი“.

თვითონ პუტჩისტ ბოლშევიკებს ყველგან პუტჩი ელანდებოდათ და, მათი აზრით, „ალყაშემორტყმულ“ საბჭოთა კავშირში საჭირო იყო „პროფილაქტიკური“ ზომების მიღება ე.წ. „რისკ-ჯგუფების“ წინააღმდეგ რათა ეს „რისკ-ჯგუფები“ ომის შემთხვევაში „მეხუთე კოლონად“ არ გადაქცეულიყვნენ: „იმისათვის, რომ ომის დროს მოიგოთ ბრძოლა, საამისოდ შესაძლებელია საკმარისი იყოს რამდენიმე კორპუსი წითელარმიელებისა. და იმისათვის, რომ ეს გამარჯვება ჩაიშალოს, საკმარისია, სადმე არმიის ან დივიზიის შტაბში იყოს ჩამჯდარი რამდენიმე ჯაშუში, რომელიც შეძლებს მოიპაროს ოპერატიული გეგმა და გადასცეს მტერს. იმისათვის, რომ ავაშენოთ დიდი სარკინიგზო ხიდი, საჭიროა ათასობით ადამიანის მობილიზება. მაგრამ ამ ხიდის აფეთქებისათვის რამდენიმე კაციც კი საკმარისია. ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება ათობით და ასობით" - განაცხადებს სტალინი 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმის დროს. (ამ მხრივ ძალზე საინტერესოა იოზეფ გირსის, მოსკოვში წარგზავნილი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დიპლომატის, მიერ თავისი სამინისტროსთვის 1925-31 წწ-ში მომზადებული მოხსენებები, რომლებიც მოწმობს, რომ ბოლშევიკური ელიტის უკლებრივ ყველა წევრი შეპყრობილი იყო როგორც „ალყაშემორტყმული ციხის კომპლექსით“, ასევე „მეხუთე კოლონის“ ირაციონალური შიშით.)

1918-1921 წლებში მეზობელი ქვეყნების სოვიეტიზაციისას მიღებული გამოცდილება ასევე სტალინის ფობიების წისქვილზე ასხამდა წყალს: ჯუღაშვილს კარგად ახსოვდა, რომ თუ 1921 წელს შეძლო საქართველოს დაპყრობა, ამის მიზეზი გახლდათ, ერთის მხრივ, ქვეყანაში „მეხუთე კოლონის“ არსებობა (რომლის შესახებაც ორჯონიკიძე დაწვრილებით ატყობინებდა კრემლში მოკალათებულ ლენინს და სტალინს) და, მეორე მხრივ, საქართველოს მტრულ გარემოცვაში ყოფნა: 1921 წლის თებერვალში სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე სოვიეტიზირებული იყო, ხოლო მოსკოვის მოკავშირე ქემალისტური თურქეთის არმია ბოლშევიკების მე-11-ე არმიის პარალელურად შემოიჭრება საქართველოში.

სტალინი და სხვა ბოლშევიკები ასევე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ „მეხუთე კოლონის“ საშუალებით ვერ მოახერხეს სოვიეტიზირებულ ფინეთში (1918 წლის მარტი-აპრილი) და „გაწითლებულ“ ბალტიისპირა ქვეყნებში (1919 წელი) „პროლეტარიატის დიქტატურის“ შენაჩუნება, ამის მიზეზი, საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნების არაბოლშევიკური, ანუ ამ ქვეყნებისათვის არამტრული გარემოცვა იყო, რამაც მათ საშუალება მისცა, გარე ძალების დახმარებით ქვეყანაში ბოლშევიკები დაემარცხებინათ.

ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ სტალინი ტერორით ქვეყანაში პოტენციური მტრების აღმოფხვრით კი არა, მათი გაჩენით იყო დაკავებული, რასაც თვითონ ჯუღაშვილი 1941 წლის ივნისის დასასრულს დაინახავს და რაც აიძულებს მას, ათეიზმის პროპაგანდა შეწყვიტოს, ბოლშევიკური ლოზუნგები გადააგდოს და 1941 წლის 3 ივლისს გაოგნებულ საბჭოთა მოქალაქეებს მიმართოს სიტყვებით „ძმებო და დებო“.

(ის, რომ სტალინს პირველ რიგში საკუთარი „მეხუთე კოლონის“ ეშინოდა, ამის ნათელი მაგალითია НКГБ-ს ბრძანებები გაცემული 1941 წლის 22-25 ივნისს: ვერმახტის დივიზიები უკვე 120-250 კმ სიღრმეზე იყვნენ შემოჭრილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, 2500-ზე მეტი საბჭოთა თვითმფრინავი უკვე განადგურებული იყო ლუფტვაფეს მიერ და НКГБ, რომლის ძირითადი ფუნქცია გერმანული დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ, დაკავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანაში „მეხუთე კოლონის“ გამოვლენით! პირველი ბრძანება, რომელიც НКГБ-ს მტრის დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლას ავალებდა, მხოლოდ გერმანიის თავდასხმიდან მეხუთე დღეს იქნა გაცემული!)

ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ტერორის ნელ-ნელა გაძლიერება 30-იანი წლების დასაწყისში პირდაპირ თანხვედრაში იყო საბჭოთა კავშირის გარშემო საერთაშორისო სიტუაციის გაუარესებასთან, იქნებოდა ეს ჰიტლერის მოსვლა ძალაუფლებაში თუ იაპონიის ექსპანსიური პოლიტიკა. თუ 1937-38 წელს ტერორი პიკს მიაღწევს, ამის ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ ესპანეთის სამოქალაქო ომი და მიუნხენის კრიზისი გახლდათ: სტალინი თვლიდა (სრულიად უსაფუძვლოდ), რესპუბლიკელების მარცხი ესპანეთში (და კრემლისაც, რომელიც რესპუბლიკელებს აქტიურად ეხმარებოდა), გამოწვეული იყო რესპუბლიკელების დაქსაქსულობით, ფრაქციებს შორის ბრძოლით და მათ შორის „მეხუთე კოლონის“ არსებობით.

ვინაიდან სტალინს მიაჩნდა (სრულიად უსაფუძვლოდ), რომ პოლონეთი ჰიტლერის მოკავშირე იყო, მიუნხენის კრიზისის დროს (1938 წლის სექტემბერი) ჯუღაშვილი, ერთის მხრივ, უკრაინაში, პოლონეთის საზღვრებთან, გადაისვრის წითელი არმიის ნაწილებს და, მეორე მხრივ, იქ ჩაატარებს ე.წ. პოლონურ ოპერაციას, რომლის დროსაც მარტო ვოროშილოვგრადში (ლუგანსკში) 1226 ეთნიკური პოლონელი იქნება დახვრეტილი.

მკითხველს შეიძლება ერთი კითხვა დაებადოს: რა ალბათობა არსებობდა ბოლშევიკური ფობიებით გაჟღენთილ სტალინისტურ სამყაროში (რომლისაც ფრანც კაფკასაც კი შეშურდებოდა), გადარჩენა-არგადარჩენისა?

მაგალითად, თუ იყავი ეთნიკური პოლონელი და ცხოვრობდი სვერდლოვსკის ოლქში, მაშინ გადარჩენის ალბათობა სავარაუდოდ ნულოვანი იყო, რადგან ამ ოლქის НКВД-ს ხელმძღვანელს ნაბრძანები ჰქონდა, დაეჭირათ უკლებლივ ყველა, ვისი გვარიც „სკი“-ზე მთავრდებოდა (პოლონური გვარებისათვის დამახასიათებელი დაბოლოება). ამის თაობაზე НКВД-ს ცენტრალურ აპარატში ხუმრობდნენ, კიდევ კარგი, ფრინოვსკი (ეჟოვის მოადგილე, N°2 ჩეკისტი დიდი ტერორის დროს - ლ. ო.) არ ჩადის სვერდლოვსკის ოლქში, თორემ მასაც ხომ დაიჭერდნენო... სამაგიეროდ თუ იგივე ეთნიკური პოლონელი კალინინის ოლქში ცხოვრობდა, მას დიდი შანსი ჰქონდა, ცოცხალი გადარჩენილიყო, რადგან ადგილობრივი НКВД-ს შეფი ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენდა პოლონელი ჯაშუშების „აღმოჩენაში“ (რასაც საბოლოოდ თვითონაც შეეწირება).

ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, დიდი ტერორის დროს ადამიანის ბედს წყვეტდა სტალინის მიერ მოწყობილი ლატარეა. დიახ, ლატარეა, რომლის არსიც НКВД-ს ერთი დაპატიმრებული ოფიცრის მიერ (რომელიც პოლონელ ალექსანდრე ვაისბერგ-ციბულსკისთან ერთად იჯდა საკანში) იქნა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული: „რამდენიმე ჩვენთაგანს გაათავისუფლებენ იმისათვის, რომ სხვებმა დაიჯერონ, რომ ცვლილებების ეპოქა დადგა. სხვებს გაუშვებენ ბანაკში მისჯილი სასჯელის აღსრულებისათვის. რა კრიტერიუმის მიხედვით ხდება არჩევა? შემთხვევის! ხალხი მუდმივად ცდილობს ყველაფერი ახსნას ლოგიკური და მყარი კანონების მიხედვით. მაგრამ როცა ადამიანს, ისე როგორც მე, გქონდა შანსი, კულისებში ჩაგეხედა, დაინახავდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანების ცხოვრებას აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბრმა შემთხვევა“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG