Accessibility links

კობა ლიკლიკაძე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„შემოგდებული“ ინფორმაცია და „აგდებული“ პოლიტიკური სპექტრი

„შემოგდებული“ ინფორმაცია და „აგდებული“ პოლიტიკური სპექტრი


დაუსრულებელმა აჟიოტაჟმა საქართველოს მედიაში, პოლიტიკოსების გაკაპასებამ და გაწევ-გამოწევამ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლი კარასინის მიერ პრაღაში 16 მატს გაკეთებულ მუქარანარევ განცხადებას მოჰყვა, - კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცნობიერება და რამდენად დაუცველია საქართველოს საინფორმაციო სივრცე რუსეთიდან ნასროლი ნებისმიერი პროპაგანდისტული გოროხის ე.წ. „შემოგდებული ინფორმაციის“ (Информационный вброс) წინაშე.

ჯერ თავდაპირველად იმაზე, თუ რა იგულისხმება ასეთ აგრესიულ პროპაგანდისტულ მეთოდში. საინტერნეტო რესურსების განმარტებით „შემოგდებული ინფორმაცია“ - ესაა სარეკლამო ტექნოლოგია, რომელიც მინიმალური დანახარჯების საშუალებით ახერხებს ჟურნალისტებისა და პოტენციური შემკვეთების ყურადღების მიპყრობას და მათი საშუალებით უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის მოხვედრას წამყვან საინფორმაციო საშუალებებსა და ინტერნეტში.

რუსეთის დიპლომატმა გრიგორი კარასინმა 16 მარტს პრაღაში ეს ამოცანა არათუ კარგად, არამედ გეგმის გადაჭარბებით შეასრულა და სულ რაღაც ნახევარი წუთიც არ დასჭირვებია იმისათვის, რათა ისე აეფორიაქებინა ქართული საინფორმაციო სივრცე, რომ, ბიძგების ჩაცხრობა ვერა და ვერ ხერხდება და სულ ახალ-ახალი პოლიტიკური განცხადებების საფუძველი ხდება.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო ოპოზიციისა თუ სხვდასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების დავაში 20 მარტს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტიც ჩაება და კარასინ-აბაშიძის ფორმატის „დაზუსტება“ მოითხოვა. ამ დისკურსში საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე უფრო არ მოეწონა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ იქვე, პრაღაშივე არ გასცა საკადრისი პასუხი რუსეთის გაკადნიერებულ დიპლომატს. ,,მე ვერ ვიზრუნებ კარასინის შეცვლაზე და აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი რომ იყოს, სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უსმენს ალბათ ამ განცხადებებს კარასინი და, როგორც ერთ არაკშია, „იცინის, იცინის, კვდება სიცილით“. მის მიერ შემოგდებულმა ინფორმაციამ ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა საქართველოში და, ჟარგონულად თუ ვიტყვით, გვარიანად „ააგდო“ ქართული პოლიტიკური სპექტრი. დიდი ალბათობით, მომდევნო დღეები ჩვენში ახლა იმის „დაზუსტებას“ მოხმარდება, თუ რა „ტიპის მესიჯი“ იგულისხმა საქართველოს პრეზიდენტმა: გრიგორი კარასინის უსინდისო ოკუპანტად მონათვლა, სახეში ჩეხური ლუდის შესხმა, თუ სადმე პრაღის ცენტრში, კარასინის დუელში გამოწვევა?

ნუთუ აღარ დადგა დრო, მივხვდეთ, რომ ერთი მოხელის როყიო მუქარაზე თბილისში გაკეთებული ასეთი ამბივალენტური განცხადებები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების უძლურებას ადასტურებს და ოდენ „ბუზის ნაკბენია“ რუსეთისათვის, რომლის მედია, სხვათა შორის, საერთოდ არ აშუქებს კარასინ-აბაშიძის შეხვედრებს და, საქართველოსგან განსხვავებით, არც პრაღაში გაკეთებული მესიჯების კომენტირებისას იხლეჩს ყელს რუსეთის პოლიტიკური ელიტა.

აბა რა ვქნათ, ხმა არ ამოვიღოთ? შევარჩინოთ კარასინს საქართველოს თავდაცვის მინისტრის კრიტიკა და ასეთი თავგასული მუქარა? - მომიგებს ის, ვინც ამ ბლოგში თავის კრიტიკას ამოიკითხავს.

მეც მანდა ვარ, არ უნდა შევარჩინოთ! მაგრამ რას ნიშნავს „არ შერჩენა“ და რას ნიშნავს „საკადრისი მესიჯი“ - ამაზე მე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან სატელევიზიო კომენტარების მიღმა, როგორც იტყვიან, „ოფ რეკორდ“, სხვა ახსნაც მომისმენია და ამიტომ სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ პროპაგანდისტული ხმაურის და გულის მოფხანის იქით, საქმე არასოდეს მივა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ძვირფას დროს და ჯერ კიდევ შერჩენილ ეროვნულ ენერგიას ფუჭ განცხადებებში არ დავკარგავდით, იმ განცხადებებში, რომელთა გამგონე საზღვარგარეთ არავინაა, შინ კი მხოლოდ ყველაფერზე გაბრაზებულ და ლამის იმედგადაწურულ საქართველოს მოსახლეობას უმღვრევს სიმშვიდეს და გონებას.

განა ამდენ ლაპარაკს და ტელეკამერების წინ გულში მჯიღის ცემას არ სჯობია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა, უბრძანოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, რომ სამხედრო უწყებამ, ბოლოს და ბოლოს, აამოქმედოს საომარი ვითარების საგანგებო ოპერატიული გეგმა და დაიწყოს სამხედრო ძალით ქვეყნის დეოკუპაციის პირველი ეტაპი, ვთქვათ ახალგორის რაიონიდან?!

ჰა, როგორი აზრია? ხომ იქნებოდა „საკადრისი მესიჯი“ კარასინისა და ყველა მისი მსგავსი თავგასული რუსი მოხელეებისათვის?

იცოცხლე, იქნებოდა!

მაგრამ ამ ნაბიჯის შედეგი რაც იქნება, ესეც ყველამ მშვენივრად იცის!

ამიტომ გამოსავალი ერთადერთია: საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ და მედიამაც უნდა ისწავლოს სტრატეგიული მოთმინების გამოჩენა მოსკოვიდან წამოსულ „შემოგდებულ ინფორმაციებზე“, რასაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე შემდგომშიც არაერთხელ ვიხილავთ კარასინების, ლავროვების, პუშკოვებისა და ჟირინოვსკების შესრულებით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG