Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანორამკიანი ინვესტორი


გეოგრაფია ბედისწერაა, ქალაქისა და ქვეყნის ბედისწერა!

ვერც ქალაქს და ვერც ქვეყანას ერთი ადგილიდან მეორეში ვერ გადაიტან, რადგანაც მათ არსებობას, ისტორიას, ხასიათსა და იდენტობას, დიდწილად, სწორედაც რომ ლანდშაფტი განსაზღვრავს!

ლანდშაფტი რომ უმნიშვნელო, მეორეხარისხოვანი ფაქტორი იყოს, ჩეხი მილიარდერი, საქვეყნოდ ცნობილი კომპანიის, „ბატიას“ მფლობელი, იან ანტონინ ბატია (Jan Antonín Baťa) იოლად განახორციელებდა თავის უტოპიურ (ნუ ვიტყვით სულელურ) იდეას ჩეხეთის სამხრეთ ამერიკაში გადატანის თაობაზე.

გერმანიის მიერ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ სამშობლოს ბედით შეწუხებულმა მეწარმემ თავისსავე გაზეთ „ზლინში“ (ზლინი - ბატიას მშობლიური ქალაქი და ფეხსაცმლის წარმოების ცენტრი) 1938 წლის 12 მარტს გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის წერილი:

„ბრაზილიას ევროპისოდენა ტერიტორია უკავია, არადა ბრაზილიაში ცხოვრობს 44 მილიონი ადამიანი, ევროპაში კი - 480 მილიონი. რატომ უნდა ვეძებოთ განვითარებისთვის ადგილი ევროპაში? რატომ არ უნდა ვცადოთ იქ? უმჯობესი იქნება, თუკი გავემგზავრებით! უკანასკნელი ომი მსოფლიოს 8 მილიარდი ჩეხური კრონი დაუჯდა, 10 მილიონი ჩეხის სამხრეთ ამერიკაში ტრანსპორტირება კი სულ რაღაც 14 მილიარდი დაჯდება. რატომ უნდა დავკავდეთ ისეთი მავნე საქმიანობით, როგორიც ომია? ჩვენზე ზედგამოჭრილი იქნება თუნდაც პატაგონია არგენტინაში“.

მილიარდერი მეწაღე იმედოვნებდა, რომ ამ იდეას აიტაცებდნენ როგორც სასიცოცხლო სივრცის (Lebensraum im Osten) გაფართოებით დაინტერესებული გერმანელები, ასევე საფრთხის წინაშე მდგომი მისი თანამემამულეები, თუმცა სულ მალე დარწმუნდა, რომ შეცდა. ჩეხებმა თავიანთი ქვეყნის ყველაზე მდიდარ მოქალაქეს უხეში ფორმით აუხსნეს, რომ ხალხი და მისი კულტურა მჭიდროდაა დაკავშირებული ადგილთან!

უნიკალური ფონური ლანდშაფტის გარეშე თბილისი ისევე ვერ იქნება თბილისი, როგორც პატაგონიაში გადატანილი ჩეხეთი ვერ იქნება ჩეხეთი!

ძველი თბილისიც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ისტორიული ქალაქი, დაკავშირებულია ადგილთან - ლანდშაფტთან, რომელიც განაშენიანებამდე ინახავდა ქალაქის იდეას და ელოდა გონიერ ადამიანებს, რომლებიც მდინარის ხეობაში, კლდეებსა და ქედებს შორის მშვენიერი ქალაქის კონტურებს დაინახავდნენ!

ცხადია, თბილისი ვერ იქნებოდა, რომ არა მტკვარი, მეტეხის პლატო და, როგორც მწერალი იტყოდა, ქალაქის გარშემო გაწოლილი ზურგგაცვეთილი აქლემები: მთაწმინდა, შავნაბადა, თელეთი, თაბორი, კოჯორი, მახათა და ლოტკინის გორა.

დიახაც, ლანდშაფტია ქალაქის პირველი არქიტექტორი, მისი შინაარსისა და ბედის მთავარი ინჟინერი!

ვითომ მხოლოდ შემთხვევის წყალობაა, რომ თბილისი აქ გაშენდა?

განა არ ვიცით, რომ მონადირე მეფისა და მდუღარეში დაფუფქული ხოხობ-მიმინოს ამბავი ლამაზი ზღაპარია?

მტკვარი სამ ქვეყანას გადაკვეთს, ვიდრე კასპიის ზღვაში ჩაიკარგება, მისი სიგრძე კი 1500 კილომეტრია, მაგრამ თბილისი მაინც და მაინც აქ და მხოლოდ და მხოლოდ აქ გაშენდა: მტკვრის მარჯვნივ თრიალეთის ქედის შტოებსა და მარცხნივ - მთავარი კავკასიონის სამხრეთი ქედის განაპირა განშტოებებს შორის, რომლებიც ქმნიან კიდეც თბილისის მთიან საზღვრებს: აღმოსავლეთით მახათას მთაგრეხილია, სამხრეთით სოლოლაკისა (ძველად თაბორს რომ უწოდებდნენ) და დასავლეთით - ციცაბოკალთებიანი მთაწმინდა.

რომ არა ასეთი გეოგრაფია, თბილისი არ იქნებოდა თბილისი! შესაძლოა, ყოფილიყო სხვა ქალაქი, მაგრამ არა თბილისი თავისი განუმეორებელი ხასიათით, იერით, ხედებითა და უცნაური მიზიდულობით!

მტკვარი, მეტეხის კლდე და სოლოლაკის ქედი (თაბორი) - აი, ძველი (ისტორიული) ტფილისის ლანდშაფტის წმინდა სამება!

მტკვარს რაც დამართეს (პროგრესისა და „ევროპეიზების“ სახელით), ყველასათვის ცნობილია: ბეტონის აკვანში (ნამდვილად კი საფლავში) ჩააწვინეს, ხოლო მდინარისაკენ სახით მდგომი ქალაქი 180 გრადუსით შეატრიალეს!

შედარებით იოლად გადარჩა მეტეხის კლდე, რომელსაც მხოლოდ გახვრეტა აკმარეს, თუმცა, როცა მტკვარი შეაგუბეს და წყლის დონე რამდენიმე მეტრით ასწიეს, ძველი ტფილისის ერთგულმა ჯარისკაცმა, მწერალმა დემნა შენგელაიამ მაინც ცხარე ცრემლი ღვარა, დაადაბლეს კლდე, ჩვენი დიდებული მეტეხიო...

ვინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა წლები და მაშინ, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის, თაბორსაც მიადგებოდა ქალაქზე „მზრუნავი“ ხელი, რომელიც ცდას არ აკლებს, რათა ძველი ქალაქის იერის განმსაზღვრელი ცოცხალი ქედი შუშა-ბეტონის პრიალა პროტეზით „დაამშვენოს“.

რატომ არ გიხარიათო, კითხულობს თბილისის მერი ისე, თითქოს არ იცოდეს, რომ მხოლოდ მშენებლობა ვერ იქნება სიქველისა და სიკეთის საკმარისი პირობა. მნიშვნელოვანია, სად ვაშენებთ და რას ვაშენებთ, თორემ ყველა მშენებლობა რომ მოსაწონი იყოს, ბაბილონის გოდოლი დღესაც იდგებოდა!

თანაც ინვესტორი ხომ მხოლოდ სოლოლაკის ქედის (თაბორის) იერის შეცვლას არ სჯერდება. პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი, „სტეკლოს“ დიდი შენობა უნდა აშენდეს პუშკინის სკვერთან, ხელოვნების მუზეუმის (ყოფილი სასულიერო სემინარიის) 200-წლიანი შენობის წინ. არადა, კულტურისა და, თუნდაც საღი აზრის თვალსაზრით, ძველ ქალაქში სწორედ სიძველესა და მის ფაქტურას უნდა ენიჭებოდეს უპირატესობა და არა - სიახლეს!

ძველის ახალზე უპირატესობის შესახებ საყურადღებო აზრი აქვს გამოთქმული დავით კაკაბაძეს ჯერ კიდევ საუკუნის წინ გამომავალ ჟურნალ „შვიდ მნათობში“:

„სიძველეს აქვს თავისი სილამაზე. ჩვენი ახლანდელი გრძნობა სიძველის ყოველ ნაშთში პოულობს ერთგვარ სილამაზეს. ამის უმთავრესი მიზეზია, წმინდა მხატვრული თვალსაზრისით რომ ავხსნათ, სიძველის ფაქტურა. ფაქტურას ახასიათებს ფორმის გარეგანი მხარე, მისი გარეგანი გარსის თვისება, ფორმის ზედაპირის ხასიათი. სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაცდენს ადამიანს ძველი და ახალი საგნების გარჩევაში. წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვიკარნახებს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა. ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სიძველის ნაშთებში ჩვენ ვკითხულობთ წარსულის ცხოვრებას.“

თუმცა, დავით კაკაბაძის მეცნიერული განსჯანი იქით იყოს, ავიღოთ მიხეილ თუმანიშვილის ადამიანური სევდა „შინაარსიანი ძველისა“ და „კომფორტული ახლის“ ჭიდილის გამო:

„ჩვენ ქუჩაზე სახლი დაინგრა. თავიდან ბზარები გაუჩნდა და მისი გამაგრება დაიწყეს. მერე ძველი ჭიშკარი ჩამოინგრა და მას ბოძები - ყავარჯნები შეუყენეს. სახლი დაბერდა და დაანგრიეს. ძალიან შემეცოდა - იყო სახლი და აღარ არის. მის ნაცვლად ბეტონის ბლოკებით ახალი ააშენეს. ქუჩაც თითქოს დასუფთავდა, გალამაზდა, გამხიარულდა, მე კი, როგორღაც სევდა შემომაწვა. ჩემი ქუჩა, ჩემი ბავშვობის ქუჩა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი. ჩემი ქუჩა ის სახლებია, ის ხეებია, ის კიბეებია და არა უბრალოდ სახლები, ხეები, კიბეები და სახურავები. ყოველი მათგანი ჩემს წარსულზე, ჩემს ბავშვობაზე გარკვეულ ინფორმაციას ატარებს. ყველა ისინი რაღაცას მაგონებს წარსული ცხოვრებიდან. ახალი სახლი იმიტომ მახარებს, რომ ადამიანები უფრო კარგად, უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ის ჩემი ბზარებიანი, ძველ ქართული, ბრტყელი აგურით ნაგები სახლი აღარ არის, გული მეწურება. ეს უკვე აღარ არის ჩემი ქუჩა. ასეთი ახალი სხვა ქალაქშიც შეიძლება იყოს. არა, ეს აღარ არის ჩემი ქუჩა. როდესაც ამ ბოლო სახლს ანგრევდნენ, ასევე მეგონა, ჩემს ბავშვობასაც ანგრევდნენ. თითქოს ყველაფერი, რაც იყო, არც კი ყოფილა.“ (მიხეილ თუმანიშვილი, „ფიქრი თეატრსა და ცხოვრებაზე“).

როგორ უნდა გადაწყდეს ეს დავა ძველსა და ახალს შორის?

რა უფრო მნიშვნელოვანია, სიძველის შინაარსი თუ სიახლის კომფორტი?

ცხადია, დავა უნდა გადაწყდეს ქალაქის სასარგებლოდ! ძველი ქალაქისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიძველე, რომლის გარეშეც ქალაქი დაკარგავს თვითმყოფადობას და უშინაარსო გეოგრაფიულ წერტილად იქცევა!

ქალაქი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ცხადია, ანგარიშს უნდა უწევდეს დროსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, მაგრამ ამ ცვლილებებმა (მასშტაბმა, ფორმამ და ფაქტურამ) არ უნდა შეიწიროს თავად ქალაქი! აკი, იტალო კალვინოც თავის „უჩინარ ქალაქებში“ ამბობს, რომ ყველა სურვილი (ქალაქში შესატანი ყველა სიახლე) ისეთი ბუნებისა უნდა იყოს, რომ ქალაქმა (წლებისა და ცვლილებების მიუხედავად) მისთვის მისაღები ფორმა მისცესო. „პანორამა თბილისის“ ის ნაწილი კი, რომელიც თავისუფლების მოედანთან უნდა აშენდეს, სწორედ ისეთი სურვილის განსხეულებაა, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებს ქალაქი და, რომელიც იქით შეიწირავს ქალაქს!

ძველ ქალაქში სიახლის შეტანისას სურვილი უნდა მოერგოს ლანდშაფტს და არა პირიქით, ლანდშაფტი - სურვილს. აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე მეტეხისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში ტაძრისა და კლდოვანი კვარცხლბეკის მაგალითზე იძლევა ერთგვარ მოდელს იმისა, თუ როგორ უნდა შეახამოს ჰარმონიულად ადამიანმა თავისი სურვილი ქალაქის ლანდშაფტთან და კულტურულ გარემოსთან:

„მაყურებლის მხედველობას ატყვევებს ამ მაღალი, ბუნებრივი კლდის დამაგვირგვინებელი ტაძარი. სამხრეთის ფასადი კლდის ნაპირას არის მოქცეული. მისი გლუვი კედელი, რომელსაც არავითარი დამატებითი გამოწვეული მასები არ გააჩნია, ვერტიკალური კლდის მიმართულებას აგრძელებს. ძეგლი შერწყმულია კლდესთან თავისი ლამაზი, აზიდული ფორმებით.“

ყოველივე ამის გათვალისწინებით (და, როგორც იოსებ გრიშაშვილი იტყოდა), „სიძველისადმი გრძნობა, პატივი“, თუ მასში მაინც ოდნავ ელვარებს, „პანორამა თბილისის“ ავტორი კი უნდა მიხვდეს, „ასე ანდამატივით“ რისთვის დარაჯობენ მისი ოპონენტები „თბილისის კარებს“, რისთვის ითხოვენ პროექტის გატანას ძველი ქალაქის ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რატომ მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს, მოიქცეს ისე, როგორც მოიქცეოდა პასუხისმგებლობით აღსავსე ინვესტორი და არა როგორც „რამკიანი ინვესტორი“, რომელიც კანონსა და საზოგადოებაზე მაღლა აყენებს თავს, როცა ერთპიროვნულად იღებს გადაწვეტილებას!

განა ძნელია იმის გააზრება, რომ არ შეიძლებოდა მტკვრის ბეტონის აკვანში ჩასმა! არ შეიძლებოდა მადათოვისა და ორთაჭალის კუნძულების მოსპობა, ქარვასლების დანგრევა! არ შეიძლებოდა რიყის „გათანამედროვება“! არ შეიძლება მეტეხის პლატოს, სოლოლაკის ქედისა და სხვა იდენტობის განმსაზღვრელი ფონური ლანდშაფტის ხელყოფა! არ შეძლება ორსაუკუნოვანი შენობის წინ ორჯერ უფრო დიდი „სტეკლოს“ შენობის დადგმა, რადგანაც დაიკარგება ქალაქის ქსოვილის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ვეღარ იყიდი, რამდენი მილიარდიც უნდა გქონდეს, რადგანაც ვერ იყიდი დროს ანუ სიძველის ფაქტურას, რომლის ხილვასაც ესწრაფვის ყველა კულტურული ადამიანი (მათ შორის ტურისტიც) და არა - მინის თანამედროვე საოცრებას!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG