(საშემოდგომო არჩევნების „მოსავალი“)
თანამედროვე სოციოლოგიაში არსებობს ერთი ასეთი ცნება: „განუზრახველი შედეგები“ (‘Unintended Consequences’). მასში მოიაზრება ისეთი სოციალური პროდუქტის მიღება, რომელიც არ იყო მოსალოდნელი და დაგეგმილი, როგორც გეგმაზომიერი მოქმედებების და მოვლენათა კანონზომიერი განვითარების შედეგი. მგონი, არცერთ წინა არჩევნებთან დაკავშირებით არ მქონია მსგავსი განცდა, რომ ვითარება, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მივიღეთ, „შემთხვევით“ დადგა; და რომ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად სხვაგვარი შეიძლებოდა ყოფილიყო, ცალკეულ, შედარებით იოლად გადასალახ დაბრკოლებებს რომ არ შეექმნა სინერგიული ეფექტი. ვიცი, რომ სოციოლოგს არ შეშვენის ასეთი ტერმინების გამოყენება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამ არჩევნებზე „პოლიტიკური იღბალი“ „ქართული ოცნების“ მხარეს აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება არ წარმოადგენს იმ კანონზომიერ შედეგს, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკური გარემოს თავისებურებებიდან (როგორც წანამძღვრებიდან) გამომდინარე, გარანტირებულ პერსპექტივად მოჩანდა.
უფრო კონკრეტულად, რა მაქვს მხედველობაში, როდესაც ვამბობ, რომ სავსებით რეალური იყო პოსტსაარჩევნო პოლიტიკური ლანდშაფტი სხვაგვარი ყოფილიყო? რამდენიმე მომენტს გამოვყოფ:
1. არჩევნებზე არ გამოცხადდა ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რასაც ყველა წინასაარჩევნო კვლევა წინასწარმეტყველებდა (მონაწილეობის მზაობა მერყეობდა 65-70%-ს შორის); ოპოზიციურად (თუმცა, არა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ) განწყობილი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი სახლში დარჩა. ამომრჩევლებში პოლიტიკური ნიჰილიზმი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაძლოა, თავად არჩევნების დღესაც ჩამოყალიბდა (ამაზე, უფრო დეტალურად, ქვემოთ);
2. „თავისუფალი დემოკრატები“ ძალზე ახლოს იყვნენ საარჩევნო ბარიერთან (0.4% პროცენტი, ანუ დაახლოებით 7000 ხმა დააკლდათ); პარლამენტში მათი შესვლით კონსტიტუციური უმრავლესობა არ შედგებოდა;
3. ე.წ. „მესამე ძალის“ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც თავსებადი ამომრჩეველი ჰყავდათ (მაგ., „რესპუბლიკელებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“), საარჩევნო ბლოკად გაერთიანების შემთხვევაში, ნამდვილად შეეძლოთ პარლამენტი უფრო მრავალპარტიული გაეხადათ.
4. პაატა ბურჭულაძეს რომ ოდნავ რაციონალურად დაეჭირა თავი, პრაქტიკულად პოლიტიკური „ხარაკირი“ არ გაეკეთებინა და ოდიოზურობის სანიმუშო მაგალითები არ ეჩვენებინა, „სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბარიერს საკმაო მანძილით მოიტოვებდა, რაც მრავალპარტიული პარლამენტის წინაპირობა იქნებოდა.
ახლა უფრო დეტალურად ზოგიერთი იმ თავისებურების შესახებ, რაც 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებს გამოარჩევს:
1. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საზოგადოებამ ოქტომბრის არჩევნებში ვერ ჩააბარა დემოკრატიის ტესტი: საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაცემა რომელიმე პარტიისთვის აჩენს ავტორიტარული მმართველობის საფრთხეს. ეს მდგომარეობა კი უკან, წრეზე გვაბრუნებს, 2008 წელთან, როდესაც საქართველომ ერთხელ უკვე გამოსცადა (თან, ძალიან მწარედ) ავტორიტარიზმის სპეციფიკური სახე, რომელსაც მე დავარქმევდი „ავტორიტარიზმს რეფორმებზე გავლით“, რაც კიდევ უფრო მავნე მგონია და ავტორიტარიზმის ლეგიტიმურ გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ასეთი პოლიტიკური რეჟიმის მიღების რისკი, ცხადია, არსებობს. ლაპარაკობენ კონსტიტუციური უმრავლესობის სიკეთეებზე, როგორებიცაა, მაგალითად: მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის გაძლიერება და მობილიზაცია, გადაწყვეტილებების მიღების ეფექტიანი მექანიზმი, სწრაფი ცვლილებების შესაძლებლობა და ა.შ. ამ უპირატესობების უარყოფა არ შეიძლება, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი ნაყოფიერია მყარი ალტერნატიული მაკონტროლებელი ინსტიტუტების (სასამართლო, მედია, პრეზიდენტის ინსტიტუტი და სხვ.) არსებობის შემთხვევაში. არიას კი ეს ინსტიტუტები საქართველოში მყარი? რა თქმა უნდა, არა.
2. ცხადია, არჩევნებით მოსული ხელისუფლების მიმართ იმის თქმა არ შეიძლება, რომ ის არალეგიტიმურია, თუმცა, იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ მომავალ პარლამენტში არ არის ასახული საქართველოს ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფის პოლიტიკური პრეფერენციები; თვით არჩევნებზე მიმსვლელ მოქალაქეთა შორის დაახლოებით 320 000 (!) ამომრჩევლის ხმა დაიკარგა. „დაკარგული“ (გაცუდებული) ხმების წილი კი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობის 18%-ზე მეტია. ეს, რასაკვირველია, ჩრდილს აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობას.
3. როგორც დასაწყისში ითქვა, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას (შესაბამისად, ძალაუფლების გადანაწილებას) ხელი შეუშალა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილიზმმა პოლიტიკური ძალების მიმართ. ოქტომბერში დაფიქსირდა საპარლამენტო არჩევნებისთვის უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა - 51%. ეს მაშინ, როდესაც პოსტსაბჭოთა პერიოდის ყველა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა მერყეობდა 60 და 70%-ს შორის, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდა (სხვათა შორის, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდა, მსგავსი ნიჰილისტური ფონით გამოირჩეოდა).
არჩევნებამდე ჩატარებული პრაქტიკულად ყველა კვლევა აჩვენებდა ე.წ. „ჩამოუყალიბებელი“ (ან გადაუწყვეტელი) ამომრჩევლების უპრეცედენტოდ მაღალ (ყველა წინა არჩევნებთან შედარებით) რაოდენობას (პასუხი: „ჯერ არ გადამიწყვეტია, ვის მივცემ ხმას“). ეს რაოდენობა სხვადასხვა კვლევაში და დროის სხვადასხვა მონაკვეთში მერყეობდა 30-45%-ს შორის. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ჩამოუყალიბებელი“ ამომრჩეველი გროვდებოდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობის მქონე რესპონდენტებს შორის. კვლევები, აგრეთვე, აჩვენებდა, რომ ამომრჩეველთა ეს ნაწილი არ იყო ერთგვაროვანი პოლიტიკური პრეფერენციების თვალსაზრისით. თუმცა, სწორედ ამ ნაწილში იყრიდა თავს ე.წ. „მესამე ძალის“ პოტენციური ამომრჩეველი. საბოლოო ჯამში კი მოხდა ისე, რომ „ჩამოუყალიბებელი“ ამომრჩევლიდან არჩევნებზე ის ნაწილი წავიდა, ვინც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩამოყალიბდა (მცირე ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ), ხოლო ალტერნატიული ოპოზიციური ძალების პოტენციურ ამომრჩეველს („ჩამოუყალიბებელთა“ ნაწილიდან) საკუთარი სკეპტიციზმი ნიჰილიზმში გადაეზარდა და არჩევნებზე არ მივიდა, სახლში დარჩა. სხვადასხვა სტატისტიკური გათვლით, სახლში დარჩა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის, სულ მცირე, მესამედი (10-15%).
4. ამ არჩევნებზე კვლავ ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ ამომრჩეველთა ე.წ. „ნეგატიური მობილიზაცია“. ეს ფაქტორი წამყვანი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რამაც ერთ კოალიციაში გააერთიანა ერთმანეთისგან იდეოლოგიურად დიამეტრულად განსხვავებული პოლიტიკური ძალებიც კი. ახლაც, ოთხი წლის შემდეგ, როგორც კი გააქტიურდა ხმები იმის შესახებ, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის და ეს „ხმები“ თავად სააკაშვილმა და მისმა მეუღლემაც დაადასტურეს (მათ შორის, სხვადასხვა ჰიპერბოლის გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „მიშას მიერ კიევიდან თბილისამდე გვირაბის გათხრა“ და ისე შემოსვლა საქართველოში), ამან მოახდინა თვით ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ერთი ნაწილის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ხოლო მმართველი პარტიის ერთგული ამომრჩევლებიდან „ქუდზე კაცი“ გამოიყვანა. თუმცა, მეორე მხრივ, გამარჯვებული სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ილუზიას „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა არნახული გააქტიურების ორმაგი ეფექტიც ჰქონდა (მედლის მეორე მხარე). „ნაციონალური მოძრაობის“ 27%-იან რეიტინგს არ წინასწარმეტყველებდა არც ერთი წინასაარჩევნო გამოკითხვა, რუსთავი 2-ის მიერ „გაპიარებული“ პოლიტიკურად მოტივირებული კვლევების გარდა.
5. შესაბამისად, ქართველი ამომრჩეველი ვერ განთავისუფლდა ყველაზე გავლენიანი ლიდერების ხიბლისგან (შეგნებულად არ ვხმარობ ტერმინ „ქარიზმატულს“, რადგან ქარიზმატულ ლიდერს ლეგიტიმაციის გაცილებით მაღალი ხარისხი სჭირდება). ამ არჩევნების მთავარი გმირები კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდნენ. კერძოდ, „ანტინაციონალმა“ ამომრჩეველმა თავისი ინტერესების რეალიზაცია კვლავ ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას დაუკავშირა, ხოლო „ანტიოცნების“ ამომრჩეველმა მთავარ ალტერნატივად კვლავ სააკაშვილის მიერ დისტანციურად მართვადი „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა. არჩევნების შემდგომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვის ერთი ნაწილი ცდილობს სააკაშვილისგან დისტანცირებას, მეტიც – მის ჩამოშორებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენილ ნაწილს სააკაშვილის მოღვაწეობის მინუსები დარჩება, ხოლო პლიუსებს მიშა „წაიღებს“.
6. გავლენიანი ოპოზიციური ე.წ. „მესამე ძალ(ებ)ისთვის“ არსებობდა საკმაოდ წარმომადგენლობითი ელექტორალური ველი (სულ მცირე, დაახლოებით 20%), თუმცა, ეს ველი აუთვისებელი დარჩა. ამის ძირითადი მიზეზია ასეთი პარტიების პოტენციურ ამომრჩეველთან თანმიმდევრული საკომუნიკაციო სტრატეგიის არქონა. „მესამე ძალის“ პოტენციის მატარებელი პარტიების „ლიდერშიპი“ ე.წ. „კოგნიტური დისონანსის“ ტყვეობაში მოექცა, ანუ გაიხლართა ივანიშვილისა და სააკაშვილის მიმართ ორმაგი პოზიციონირების ქსელში. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შემოგვთავაზა პაატა ბურჭულაძემ, ხოლო არჩევნების შემდეგ – „თავისუფალმა დემოკრატებმა“. პაატა ბურჭულაძე (რომლის პარტიამაც მალევე აკრიფა დაახლოებით 12%-იანი რეიტინგი) თითქოს ცდილობდა როგორც ივანიშვილისგან, ისე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისევ ამ ძალების (განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“) მემკვიდრეები წამოსწია წინა პლანზე, ხოლო დამოუკიდებელი, ექსპერტული საზოგადოებიდან წამოსული ტიპები უაპელაციოდ და უსამართლოდ ჩამოიშორა.
7. ოქტომბრის არჩევნებზე მთელი სიმწვავით იჩინა თავი საარჩევნო სისტემის ხარვეზებმა. კერძოდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში მაჟორიტარულმა სისტემამ კრახი განიცადა. არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში ამომრჩეველმა ისევ პარტიასთან მიკუთვნებულობის მიხედვით გააკეთა არჩევანი, ანუ, პრინციპში, პარტია აირჩია და არა – კონკრეტული კანდიდატი. ამის რეალური შედეგი კი ისაა, რომ პარტიულმა სიმპათიამ, თუმცა ფსევდომაჟორიტარული არხით, „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა მოუტანა. პროპორციული სისტემის შემთხვევაში მმართველი პარტია მაქსიმუმ უბრალო უმრავლესობით მოხვდებოდა პარლამენტში.
8. დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ: ა) საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას, პრაქტიკულად, გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ აქტორად აქცევს და ბ) თანამშრომლობის რესურსი „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თითქმის არ არსებობს, იზრდება სამოქალაქო სექტორის (მედიის ჩათვლით) მნიშვნელობა და ახალი კონფიგურაციის ძლიერი არასაპარლამენტო ოპოზიციის გაჩენის საჭიროება. არც ისაა გამორიცხული, რომ თავად „ქართული ოცნების“ წიაღში გაჩნდნენ ქვეჯგუფები, რომლებიც შიდა ოპონირების რეჟიმში იფუნქციონირებენ (თუმცა, ვფიქრობ, ეს ამ პარლამენტში გაცილებით რთული იქნება, ვიდრე კოალიცია „ქართული ოცნების“ შემთხვევაში იყო, ვინაიდან კოალიციის შიგნით არსებული პარტიული საზღვრები განსხვავებული აზრის წახალისების მეტ შესაძლებლობას იძლეოდა).
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ავანსად მიღებული არაადეკვატური ძალაუფლების ფრთხილად და საზოგადოებასთან შეთანხმებულად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავად აღმოჩნდება საკუთარი ძალაუფლების ტყვეობაში.