საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში, როცა დასმულია შეკითხვა: „ვის მისცემთ ხმას, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს?“, არის ასეთი პასუხი: „ჯერ არ გადამიწყვეტია“ (დავაზუსტოთ, რომ ეს შეკითხვა ეხება ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს). რესპონდენტის მიერ ამ პასუხის არჩევას სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს:
- რეალური პოზიცია – ამომრჩეველს მართლაც უჭირს, მოცემულ ეტაპზე დაასახელოს მისი ფავორიტი პოლიტიკური ძალა
- საკუთარი პრივატულობის დაცვა – რესპონდენტს არ სურს, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უცნობს (ამ შემთხვევაში ინტერვიუერს) გაუმჟღავნოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი პირადი (კერძო) საკითხია.
- შიშის, სიფრთხილის განცდა – ამომრჩეველმა იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას, მაგრამ არ ამჟღავნებს, რადგან ეშინია, რომ ამისათვის დაისჯება/ რეპრესირებულ იქნება სახელმწიფო/სახელისუფლო ინსტიტუტების მიერ
პირველი ორი ფაქტორი დამამძიმებელ გარემოებებს არ საჭიროებს, ანუ ყოველთვის მოსალოდნელია, რომ არსებობდეს; რაც შეეხება შიშის ან სიფრთხილის გამო პოლიტიკური არჩევანის გაუმჟღავნებლობას, ასეთი რამ, როგორც წესი, ავტორიტარულ გარემოში ხდება და ასეთი რესპონდენტები, როგორც წესი, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები არიან.
ხოლო ავტორიტარულ გარემოში, როდესაც ადამიანები გაურბიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას, სოციოლოგიური კვლევები (გამოკითხვები) ვერ ასრულებს თავის რეალურ ფუნქციას – გამოიწვიოს რესპონდენტთა გულწრფელობა. შესაბამისად, ასეთ გარემოში გამოკითხვები შეუსაბამო, ხშირად დამახინჯებულ სურათს აჩვენებს. მოკლედ, ავტორიტარიზმის და სოციოლოგიის თანაარსებობა უნაყოფოა, გამოკითხვები მხოლოდ თავისუფალი ადამიანების გარემოცვაშია ნაყოფიერი.
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეების მანძილზე ჩატარებული პრაქტიკულად ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ჯერ არ გადამიწყვეტია“ პოზიციის მატარებლები 35%-45%-ის ფარგლებში მერყეობს.
ეს ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების ერთ უნიკალურ გარემოებაზე მიუთითებს: დღესდღეობით ჩამოუყალიბებელ რესპონდენტთა რაოდენობა დაახლოებით ორჯერ აჭარბებს რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერთა რაოდენობას. საქართველოში პოლიტიკურ კლასს, თუ მეხსიერება არ მღალატობს, არასოდეს ჰყოლია მისგან ასე დისტანცირებული ამომრჩეველი.
რაზე მიუთითებს ეს არაორდინარული ვითარება?
პირველი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, ისაა, თუ ზემოაღნიშნული სამი განწყობიდან (გულწრფელი გადაუწყვეტლობა, პრივატულობის დაცვა, შიში), რომელი განსაზღვრავს დღეისათვის პოზიციას – “ჯერ არ გადამიწყვეტია“.
ჩემი დაკვირვებით, დღესდღეობით გადაუწყვეტელი რესპონდენტების დიდ უმრავლესობას ობიექტურად აქვს ასეთი განწყობა, ანუ გულწრფელია, როდესაც ირჩევს პასუხს – „ჯერ არ გადამიწყვეტია“. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე გარემოება მაძლევს:
ა) სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ბევრ კვლევას შორის არ მოიძებნება არცერთი, რომელშიც გადაუწყვეტელ რესპონდენტთა წილი 35%-ზე ნაკლებია;
ბ) მმართველი კოალიციის (აწ უკვე პარტიის) მიმართ ლოიალობა არ არის ერთგვარი „სახელმწიფო დაკვეთა“ საჯარო პოზიციონირებისას, რაც წინა ხელისუფლების დროს გარდაუვალი იყო (ასეთი მოქნილობა, ჩემი აზრით, პირველ რიგში კოალიციის სტრუქტურამ – მისმა სიჭრელემ და კოალიციის სუბიექტებს შორის შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა; თავად კოალიცია არ იყო ერთსულოვანი ბევრ მწვავე საკითხთან დაკავშირებით, რამაც მისი თანდათანობით დაშლა გამოიწვია);
გ) გადაუწყვეტელ რესპონდენტთა წილი უცვლელი რჩება იმ შემთხვევაშიც, თუ რესპონდენტი თავის არჩევანს ინტერვიუერს კი არ უმხელს, არამედ თავად ავსებს ანკეტას და დალუქული ფორმით ათავსებს ყუთში, რაც მის კონფიდენციალობას სრულად უზრუნველყოფს (ასეთი მეთოდოლოგიური ექსპერიმენტი 2012 წელსაც ჩატარდა და ახლაც).
ახლა საჭიროა პასუხი გაეცეს მთავარ შეკითხვას: რით აიხსნება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სულ მცირე, ყოველი მესამე ამომრჩეველი (ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს) ჩამოუყალიბებელია და ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა? ამ თვალსაზრისით, ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდი უნიკალურია პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში (2012 წლის არჩევნების წინა პერიოდში გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა უზარმაზარი რაოდენობა, რასაც NDI-ის კვლევები აჩვენებდა (საშუალოდ 40%), სინამდვილეში შეშინებული და დამფრთხალი ოპოზიციურად განწყობილი, ანუ კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო, რაც 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა).
ამ საკითხზე ერთი მოსაზრება, რომელიც ზოგიერთი ექსპერტისგან მოვისმინე, დაახლოებით ასეთია: ამომრჩევლებმა არ იციან, ვინ და რა უნდათ, ისინი დეზორიენტირებულნი არიან და, პირველ რიგში, იმიტომ, რომ არ გამოჩნდა მესია, მხსნელი, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც მასების გულს მოიგებს და მათ უკარნახებს, ვის გაჰყვნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. მოკლედ, ოქტომბრის არჩევნებს არ ჰყავს თავისი სააკაშვილი ან ივანიშვილი, რაც ამომრჩევლებში იმედგაცრუებას და დაბნეულობას იწვევს.
დამეთანხმებით, ამ მსჯელობაში აქცენტი არა არსებული პოლიტიკური სპექტრის შუქჩრდილებზეა დასმული, არამედ ამომრჩევლის უუნარობაზე, დამოუკიდებლად, გარედან (თუ ზემოდან) კარნახის გარეშე გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი.
ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა ქედმაღლურად გამოიყურება. მესიები და მხსნელები რომ არ არიან, იქნებ ეს არა იმის მაჩვენებელია, რომ ხალხს უნდა მესია და გაწბილებულია იმით, რომ არ გვყავს, არამედ იმის, რომ აღარ უნდა და ამიტომ არ გვყავს? იქნებ ერთადერთ მხსნელ პოლიტიკოსზე დაკვეთა აღარ არსებობს? ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერი ასეთი „მხსნელი“ ხომ სოციალური კონსტრუქტია, გარკვეულწილად გამოგონილია, ამდენად, ილუზიაცაა და ერთ მშვენიერ დღეს თვითონ საზოგადოება ახდენს მის დესაკრალიზაციას?
თვით ის ფაქტიც, რომ, დღესდღეობით, მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პოლიტიკურ პარტიებს შორის დისტანცია დიდი არ არის და არსებობს რეალური შანსი, რომ ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოაგროვოს, მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩეველი ეჭვით, დისტანციიდან და „ცივი“ გონებით იაზრებს პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა გაცხოველებულ წყურვილს, თავი მოაწონონ და გადმოიბირონ მოქალაქეები.
ამდენად, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა დიდ ნაკადში იქნებ არსებულ პოლიტიკურ ძალთა და პოლიტიკოსთა კრიტიკულად მჭვრეტელი და შემფასებელი ამომრჩეველი დავინახოთ? ამომრჩეველი, რომელიც იცდის, აკვირდება, უსმენს, კითხულობს, იაზრებს და არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას!
მე პირადად მხარს ასეთ ახსნას ვუჭერ.
კიდევ ერთი საინტერესო საკითხი ისაა, რამ შეუწყო ხელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ ამომრჩეველთა გააზრებულ სკეპტიციზმს, უფრო ზოგადად, რატომ შეიძლება განიცდიდეს ცვლილებებს ამომრჩეველთა პოლიტიკური კულტურა საქართველოში.
აქაც შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ფაქტორი:
ა) ერთი ფაქტორი უდავოდ არის მოქალაქეების მდიდარი საარჩევნო გამოცდილება, რომელშიც იმედგაცრუების ხარისხი მაღალია. საქართველოში თანდათან ვისწავლეთ, რომ პოლიტიკოსთა დაპირებები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ მიერ რეალურად გაკეთებულ საქმეებს. შესაბამისად, მათი წინასაარჩევნო დაპირებები სულ უფრო ნაკლებად ფასობს; რაც უფრო უტოპიურად გამოიყურება რომელიმე პოლიტიკური ძალის ესა თუ ის დაპირება, მით უფრო მეტად ხდება ამ ძალის გაკარიკატურება ამომრჩევლის თვალში.
ბ) ჩემი აზრით, მესიანურ პოლიტიკოსთა დესაკრალიზაციაში თავისი წვლილი შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ხელისუფლებიდან ვადაზე ადრე წასვლამ მაშინ, როდესაც ამას რეალურად არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წასვლა სინამდვილეში არაფორმალურ მმართველობად კონვერტირდა (რაზეც, მგონი, აღარავინ დავობს), ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებამ გაახუნა პოპულარობის ზენიტში მყოფი პოლიტიკური ლიდერის შეუცვლელობის თუ ჩაუნაცვლებლობის იმიჯი (პოსტსაბჭოთა საქართველოს ყველა პირველი პოლიტიკური პირი, არათუ პოპულარობის ზენიტში, არამედ პოპულარობის დაკარგვის შემდეგაც გვიმტკიცებდა და გვიმტკიცებს, რომ მათ გარეშე ქართველი ერი შეწყვეტს განვითარებას). არაფორმალური პოლიტიკური ლიდერი ამომრჩევლის თვალში ნაკლოვანია, ლიდერობის ერთგვარი სიმულაციაა, რომელსაც პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ. შესაბამისად, ვერც გაუბრაზდები, ვერც მადლობას ეტყვი და, რაც მთავარია, მისგან ტოტალური შველის იმედიც აღარ გექნება. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მესიანისტური ხატი დაამარცხა ივანიშვილის, როგორც არაფორმალური ლიდერის ხატმა (თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფორმალური ლიდერის ხატი, თავისთავად, კარგია. განსაკუთრებით მაშინ, თუ გვინდა დემოკრატია, რომელიც პოლიტიკური ლიდერობის გაცილებით უკეთეს ვარიანტებს გვთავაზობს).
დაბოლოს, ერთი პროგნოზის შესახებ: რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ეტაპზე ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი არჩევნების მოახლოებისას რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად, ან, მით უფრო, ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩევლად იქცეს და არჩევნებზე საერთოდ არ წავიდეს?
ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ არც ერთი ეს პერსპექტივა რეალური არ არის. ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს არ აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური პროფილი და არც არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს. უფრო მოსალოდნელია, რომ ელექტორატის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს შორის დაახლოებით იმავე პროპორციით გადანაწილდეს, რა სურათიც ახლა გვაქვს. ეს კი, თავი მხრივ, იმის ალბათობას ამყარებს, რომ მომავალი პარლამენტი (და ხელისუფლებაც) მრავალპარტიული იქნება.